"არსებობენ პიროვნებები, რომელთაც ასაკი არ აქვთ. ის მუდმივად თანამედროვეა" - ახალი წიგნი და ფილმი 95 წლის ლანა ღოღობერიძისგან

lana

"არსებობენ პიროვნებები, რომელთაც ასაკი არ აქვთ. ლანა თავისი ცხოვრების წესით, სურვილებითა და სულისკვეთებით ყოველთვის ახალგაზრდაა, ყოველთვის ენერგიით სავსე. ამიტომაც არის თანამედროვე" - კინოთეატრ "ამირანის" წინ "პრაიმტაიმთან" ამბობს რეჟისორი ნანა ჯორჯაძე.

კინოთეატრში კი 95 წლის ლანა ღოღობერიძის ახალი წიგნის - "როცა აყვავდა ნუში" პრეზენტაცია შედგა. ვიხილეთ რეჟისორის დოკუმენტური ფილმი, პოეტური ჩანახატი, სადაც ეტაპებად დაყოფილი თავისი ცხოვრება ლექსებად მოგვიყვა. უცხოური პოეზიის საკუთარ თარგმანზე კი ამბობს:

"მე ასეთი განცდა მაქვს, როცა ვთარგმნი, ის ლექსი ჩემი ხდება. მგონია, რომ ეს ჩემი ლექსებია. ამ ლექსებს, ფილმში, ჩემი ფილმებიდან შესაბამისი გამოსახულება მოვუძებნე, ჩემი ცხოვრება ეტაპების მიხედვით დავყავი. ნახეთ, რა გამოვიდა."

გამოვიდა ის, რომ პოეზიის ენით მოყოლილი მისი ტრაგედიებით სავსე ცხოვრება, ერთდროულად არის სევდიანიც და იმედის მომცემიც. 

შემოქმედი ფილმში კითხულობს ლექსებს მშვიდად, თუმცა შინაგანი მღელვარებით, წარსულიდან, რომელიც მომავლისკენ არის მიმართული. უსმენ და სწავლობ, როგორ იცხოვრო, როგორ არ უნდა დანებდე, როგორ უნდა იბრძოლო. უყურებ, როგორ ცურავს და თამაშობს ჩოგბურთს საუკუნეს მიტანებული ქალი და თავს უტყდები, რომ სიცოცხლის სიყვარული ასე მძაფრად არ გაქვს. არადა, უნდა გქონდეს! უნდა მიჰბაძო! უნდა ისწავლო ქალისგან, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის, რა არის უბედურება და რა - ბედნიერება. იცის, რას ნიშნავს უოჯახოდ დაგტოვონ, იცის, რას ნიშნავს ხალხის მტრის შვილად შეგრაცხონ და შავი თვალით გიყურონ, იცის რას ნიშნავს გადასახლებიდან ჩამოსული მისთვის გაუცხოებული დედის "თავიდან შეყვარება"... დედის, რომლის ხმაც ყურის მეხსიერებას ჰქონდა შემონახული ფრაზით: "ზღვა იყო ისე მშვიდი და წყნარი, რომ არც კი მახსოვს იყო თუ - არა".

წიგნი ავტობიოგრაფიულია. რეჟისორის თხრობის მანერა უკვე ვიცით მათ, ვისაც მისი წინა წიგნი გვაქვს წაკითხული - "რატომ გალობს შაშვი". წერს ისე, ვერ მოსწყდები. ეცნობი საინტერესო პასაჟებს. ახალ წიგნში არის მარკესთან სახლში სტუმრობის საინტერესო ამბავიც. მოკლედ, "როცა აყვავდა ნუში" გაყიდვაშია, 95 წლის ლანა ღოღობერიძე კი, შესაშურ ფორმაში.

ნანა ჯორჯაძე: ლანა თანამედროვეა, ყველაფერი დღევანდელი სტკივა. არ ავიწყდება საიდან და როგორ მოდის, სად არის დღეს და მომავალზე ფიქრობს. მისთვის მომავალი მნიშვნელოვანია არა როგორც რაღაც აბსტრაქტული ცნება, არამედ ძალიან რეალური. თან აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ამ მომავალს მოესწრება. 

ასეთი პიროვნებები ძალიან დიდ ენერგიას გამოსცემენ. აბსოლუტურად უშიშარი ადამიანია. ძლიერი, ნიჭიერი, საინტერესო, განათლებული ქალია. ეპოქალური პიროვნებაა. ბედნიერებაა მასთან ურთიერთობა. ყოველთვის საინტერესო და მოულოდნელია. მუდმივად გაოცებს. თავისი ერუდიციით და ჰორიზონტით მნიშვნელოვანი აზრი მოაქვს შენს ცხოვრებაში.