დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
95 წლის ლანა ღოღობერიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაამჟღავნა, რომ ახალ წიგნს წერს. ბერლინიდან დაბრუნებული რეჟისორი, თავის ფეისბუქპოსტში, იხსენებს კუბაში გაბრიელ გარსია მარკესთან სტუმრობის ამბავს. დიახ, არ მოგჩვენებიათ; როდესაც ფილმი - "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ უნახავს, კოლუმბიელ მწერალს, ფილმის რეჟისორი სახლში დაუპატიჟებია.
6 მარტი მარკესის დაბადების დღეა. ამასობაში ცნობილი გახდა, რომ მისი შვილები, მწერლის უცნობი რომანის გამოქვეყნებას აპირებენ.
მოკლედ, ნახეთ, რა შთამბეჭდავად იხსენებს გარსია მარკესთან შეხვედრის ამბავს ჩვენი დროის ლეგენდა, რომელსაც უყურებ და ფიქრობ, ღმერთო, როგორ მინდა, მეც ამ საოცარი ქალის შემართება ასე ბოლომდე მიმყვესო...
ლანა ღოღობერიძე: ნაწყვეტი ჩემი მომავალი წიგნიდან. მარკესის დაბადების დღესთან დაკავშირებით.
"მარტოობის ასი წელი"
ზუსტად აღარ მახსოვს, რომელი წელი იყო, სადღაც 80-იანების დასაწყისი. მე და უზბეკი რეჟისორი - ალი ხამრაევი - გაგვაგზავნეს კუბაში, საბჭოთა ფილმების კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. კვირეულის ფარგლებში აჩვენებდნენ ჩემ ფილმს „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“.
ჰავანა... თვითმფრინავიდან ჩადგამ ფეხს თუ არა, უცებ დაგკრავს ეს რაღაც სხვანაირი, ტროპიკული სიცხე. ის თან გაბრუებს, თან ცივი ქალაქიდან - მოსკოვიდან - ჩამოსულს გხიბლავს და გახალისებს. ტრაპთან გხვდებიან მასპინძლები - ახალგაზრდა კუბელები და პირველი შთაბეჭდილება - სიამოვნების განცდაა, ისინი ისე გეგებებიან, თითქოს დიდი დალხენილი ცხოვრება ჰქონდეთ და რეჟიმის არავითარ წნეხს არ განიცდიდნენ, და ეს მართლაც
ძალიან მომხიბლავია, ქალაქის და ადამიანების ასეთი გულგახსნილობა.
ფილმების კვირეული თავისი გზით მიდის. აჩვენეს ჩემი ფილმიც. და მეორე დღეს ორგანიზატორები გვეუბნებიან, რომ თურმე ფილმის ჩვენებას დაესწრო გაბრიელ გარსია მარკესი და ამ საღამოს თავისთან სტუმრად მიგვიწვია!
ეს დიდი და სასიამოვნო მოულოდნელობაა. თუმცა მას თავისი ახსნა აქვს:
მარკესი ხომ ფიდელ კასტროს მეგობარია და კუბაში ხშირად ცხოვრობს, თან საბჭოთა კავშირთან აქვს კონტაქტები და კინოსთანაც არის დაკავშირებული ...
მაგრამ ახლა ამას არაფერს არ ჰქონდა მნიშვნელობა, მთავარია იყო ის, რომ ეს მწერალი, რომელთან შესახვედრადაც მივსეირნობდით ჰავანას ქუჩებში, ჩემი უსაყვარლესი წიგნის - „ასი წლის მარტოობის“ ავტორია!
და საერთოდ, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი!
აღელვებულები მივდიოდით მარკესის სახლისკენ და გზად მახსენდებოდა: მისი გამოგონებული პატარა მაკონდო - მთელი სამყარო...
პერიპეტიების ასი წელი...
როგორ გიყვება ერთი გვარის - ბუენდიას - რამდენიმე თაობის დაბადების, გაფურჩქვნის, ჩასვენების და სიკვდილის ამბავს და როგორ მიჰყავხარ სხვა, პარალელურ სამყაროში.
მისი მაგიური რეალიზმი...
ჩვეულებრივი ცხოვრების ფონზე განვითარებული ჯადოსნური მოვლენები.
როგორ ახდენს მისი მართლაც ჯადოსნური კალამი წარმოუდგენელ მეტამორფოზას - შენ ვერც კი ამჩნევ, როგორ გადაიზრდება ჩვეულებრივი, ყოველდღიური ამბები მისტიკურში. და მღელვარებით მიყვები რეალობიდან ასე ბუნებრივად აღმოცენებულ მისტიკას, რომელიც გითრევს, გაჯადოვებს...
დღეს ისე მეჩვენება, რომ იმ დროს ჰავანის ქუჩაში მიმავალს, მარკესზე ლევან ბერძენიშვილის ფიქრებიც მახსენდებოდა, თუმცა მშვენივრად ვიცი, რომ ეს შეუძლებელია, მაშინ ხომ ლევანს დაწერილიც არ ჰქონდა ეს განსაკუთრებული „წიგნიერების ევოლუცია“ და სულაც იქნებ სწორედ მაშინ საბჭოთა ციხეში იჯდა, როგორც დისიდენტი.
მე კი მაინც „ვიხსენებდი“ მის ნათქვამს, მის საინტერესო მსჯელობას გამოგონილი ქალაქების შესახებ, „ელ დორადოს“ და მაგიური რეალიზმის შესახებ.
„თავისთავად მაგიური რეალიზმი ოქსიმორონი „ცხელი თოვლის“ მსგავსი სიტყვათა შეთანხმებაა. ეს მაგია შეიძლება რომანტიკულადაც იყოს გადმოცემული, მაგრამ მისი ძალა, ამბების დამაჯერებლობა ისეა ნათქვამი, თითქოს ნამდვილი იყოს. დამაჯერებელი კი არა, ზოგჯერ ქუჩაში სიარულისას იმასაც ფიქრობ, რომ რომელიმე არკადიო ან პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია შეგხვდება აუცილებლად. მაკონდოში ხომ მოხვდები და მოხვდები - ყველა გზა ხომ მაკონდოში მიდის“.
და მე ახლაც მგონია, რომ მაშინ მართლა მაკონდოში მივდიოდი მის გამომგონებელთან შესახვედრად.
მერე მისი დაუვიწყარი გამონათქვამები გამახსენდა, მაგალითად ასეთი: „რას გრძნობ, როცა გიყვარს“, ეკითხებიან ხოსე არკადიო ბუენდიას და ის პასუხობს: „ეს მიწისძვრასავითაა“.
სიყვარული - მიწისძვრა! ამ ნათქვამს მთელი ჩემი არსებით ვეთანხმებოდი!
და კიდევ, ასეთი: „მის ცოცხალ და მოგრძო თვალებიდან ანათებდა მოკრძალებული სიკეთე ადამიანისა, რომელმაც წაიკითხა ამ ქვეყნად არსებული ყველა წიგნი“, - ლიტერატურაში შეყვარებული ადამიანის „მოკრძალებული სიკეთე“! როგორი გროტესკული გადაჭარბებაა ამ სიტყვებში - ერთი ადამიანის მიერ წაკითხული ყველა წიგნი, რომელიც არსებობს ამ ქვეყნად - და როგორი უტყუარი ჭეშმარიტება!
და ყველაფერი ამის მიღმა, მარკესის მთავარი თემა: ცხოვრების ულმობელი დინების ფონზე - ეს ყოვლისმომცველი განცდა - მარტოობა.
მარტოობა, რომლითაც გამსჭვალულია ყველა გმირის ბედი.
მარტოობის ასი წელი - სიტყვათა ეს შეთანხმება, რომელიც მეოცე საუკუნის, თუ საერთოდ ადამიანის არსებობის ემბლემად შეგვიძლია ვაღიაროთ!
მერე ვიჯექით მარკესის მყუდრო ბინაში, ხელით ნაკეთებ, ორნამენტიან ხის სკამებზე და ვსაუბრობდით.
ჯერ „რამდენიმე ინტერვიუზე“ ვილაპარაკეთ. თურმე განსაკუთრებით მოსწონებია „მომხიბლავი, მოძრავი, ხმაურიანი ქალაქი, მისი ქუჩები, გამვლელები,“ - დაახლოებით ასეთი იყო მისი სიტყვები. მთავარი აქცენტი კი სოფიკოზე გააკეთა, სხვა ქალებზე, რომლებიც ჰყვებიან თავის ისტორიებს, და ზოგადად, ქალის როლზე ისტორიაში.
მისი სიტყვებიც, დაახლოებით, ასე ჟღერდა:
მე ვეთანხმები ფილმის მთავარ აზრს და ეს აზრი არაერთხელ გამომითქვამს კიდეც, რომ მხოლოდ ქალები ინარჩუნებენ სამყაროს წესრიგს, მაშინ როდესაც ჩვენ, მამაკაცები, ჩვენი ისტორიული უხეშობის წყალობით, ყველაფერს ვანგრევთ.
მე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემი ფილმის მთავარი აზრი ეს იყო, მაგრამ მარკესს არ შევეკამათე.
კიდევ, მთელი იმ დაუვიწყარი საღამოს მანძილზე, მინდოდა მეკითხა ამ საკვირველი მწერლისთვის, რომელსაც ახალგაზრდობიდან ვეთაყვანებოდი, რატომ მეგობრობდა ფიდელ კასტროსთან და რატომ მოსწონდა კუბა და საბჭოთა კავშირი, მაგრამ თავი შევიკავე. ის არ იყო ჩემი განსასჯელი, ადამიანი, რომელსაც ზურგით მოჰქონდა თავის მოძმეთა ტკივილი და მას ასეთ განუმეორებელ ყალიბში ასხამდა.
ის ისეთი გულწრფელი იყო, და მისი ნაწარმოებების ტვირთი რომ არა, შეიძლება ბავშვურად მიამიტიც კი მოგჩვენებოდა! რა სასაცილოა, არა? ამდენი სიბრძნე, ჩატეული მის ქმნილებებში და მიამიტობა! მაგრამ მას ნამდვილად ჰქონდა ეს თვისება - ბავშვურობა, ისე ხალასად გამოხატავდა ემოციებს, ისე გულღიად უცინოდა თვალები, ისეთი გატაცებით ამზადებდა ჩაის თავისივე მოგონებული რიტუალით და გვისხამდა მხოლოდ ამ რიტუალისთვის განკუთვნილ ფინჯნებში!
მოგვიანებით წავიკითხე მისი ნათქვამი:
„უნდა ყური მიუგდო ბავშვს, რომელიც შენ იყავი ოდესღაც და რომელიც ახლაც არსებობს სადღაც, შენს შიგნით. თუ ჩვენ ყურს მივუგდებთ ბავშვს ჩვენს შიგნით, ჩვენი თვალები ისევ გაბრწყინდება. თუ ჩვენ არ დავკარგავთ კავშირს იმ ბავშვთან, არ დავკარგავთ კავშირს სიცოცხლესთან“.
მაშინ მივხვდი, რომ არ ვცდებოდი, როცა ამ დიდ მწერალში მიამიტი ბავშვი დავინახე. იქნებ სწორედ იმ ბავშვის არსებობამ მის შიგნით შექმნა მის ნაწარმოებებში ჯადოსნურისა და მისტიკურის ეს ასეთი მძლავრი და მომაჯადოვებელი ნაკადი!
და სწორედ აქ იღებს სათავეს მისი საქვეყნოდ აღიარებული მაგიური რეალიზმი!
და მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მან სიცოცხლის ბოლომდე არ დაკარგა კავშირი ბავშვთან, რომელიც იყო ოდესღაც, რაც ნიშნავს, რომ არ დაკარგა კავშირი სიცოცხლესთან! "
ასევე დაგაინტერესებთ:
"ჩემთვის ერთგვარი სტიმულია - გიორგის ჩემს ქუდებში რომ ვხედავ" - ვის ქუდებს ატარებს კეკელიძე