1728312638
თენგიზ ცერცვაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ არის „რემდესივირი“ და მონოკლინური ანტისხეულები კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესში ეფექტიანი.
როგორც თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ არსებული მედიკამენტისა და სამკურნალო მიდგომის გამოყენება უნდა მოხდეს რაციონალურად, რათა რაც შეიძლება ნაკლები ავადმყოფი მოხვდეს რეანიმაციაში, ნაკლები იყოს ლეტალობის მაჩვენებელი და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ COVID პანდემიის მორიგი, შესაძლოა ყველაზე ძლიერი ტალღიდან.
„ქალბატონმა ლია გოლიაძემ ახლა უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით (გადაცემაში „რეალური სივრცე“, 15.01.2022) გადაწყვიტა თავისი უკიდურესი არაკომპეტენტურობის ტირაჟირება. როგორც ცნობილია, ქ-ნი ლია კატეგორიულად არ ცნობს „რემდესივირს“ და მონოკლინურ ანტისხეულებს COVID-ის სამკურნალო ანტივირუსულ მედიკამენტებად?! პრინციპულად არ იყენებს მათ და რაც ყველაზე უარესია - სხვებსაც უშლის მათ გამოყენებას?!
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამავე გადაცემაში ბ-ნ ბიძინა კულუმბეგოვის ძალიან კვალიფიციური და მკაფიოდ არგუმენტირებული კომენტარი ამავე საკითხზე.
ქვეყანაში შექმნილი COVID სიტუაციის სწორი მართვის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ დავაფიქსირო, რომ ყველაზე მაღალი სანდოობის კვლევების საფუძველზე ყველაზე მაღალი დონის ინსტიტუტების (ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტები - NIH და სხვ.) გაცემული რეკომენდაციების მიხედვით რემდესივირიც და მონოკლონური ანტისხეულებიც დასახელებეულია COVID-ის (მათ შორის ომიკრონის შტამით გამოწვეული) სამკურნალოდ ყველაზე ეფექტიან ანტივირუსულ მედიკამენტებად (პაქსლოვიდთან ერთად), კერძოდ: რემდესივირი (3 გადასხმა) ამბულატორიულ COVID ავადმყოფებში 87%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და/ან სიკვდილის რისკებს, ხოლო ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში (5 გადასხმა) 20%-დან 61%-მდე (სხვადასხვა კვლევებით) ამცირებს სიკვდილის ალბათობას. მონოკლონური ანტისხეულები დამძიმების რისკის მქონე ამბულატორიულ COVID ავადმყოფებში 70%-დან 85%-მდე ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის რისკებს, ამასთან ერთ-ერთი მათგანი - სოტროვიმაბი რეკომენდებულია ომიკრონის შტამისთვისაც, ხოლო კასირივიმაბი+იმდევიმაბი ჰოსპიტალიზებულ COVID ავადმყოფებში 20%-ით ამცირებს სიკვდილას.
დღეს, როდესაც ვდგავართ COVID პანდემიის დაწყებიდან ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე (ომიკრონი), არ არის არაკომპეტენტურობისა და კაპრიზების დრო. ყველა ჩვენს ხელთ არსებული მედიკამენტი და სამკურნალო მიდგომა უნდა გამოვიყენოთ რაციონალურად, რათა რაც შეიძლება ნაკლები ავადმყოფი მოხვდეს რეანიმაციაში, ნაკლები იყოს ლეტალობის მაჩვენებელი და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ COVID პანდემიის მორიგი, შესაძლოა ყველაზე ძლიერი ტალღიდან“, - წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.