ყველა პაციენტი გადარჩა, ვინც მკურნალობა ამ პრეპარატებით დაიწყო...“ - თენგიზ ცერცვაძის საიმედო ინფორმაცია და რეკომენდაციები

cercvadze

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ორჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში.

ბოლო კვირების განმავლობაში პირველად, ინფიცირების 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 8 პროცენტზე მეტია.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ პიკი გვიან შემოდგომაზე იქნება.

მთავარი ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს...

ცერცვაძემ გადაცემაში „დღის თემა“ კოვიდსტატისტიკის მკვეთრი ზრდის მიზეზები დაასახელა და მკურნალობის პროცესში მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ვინც ინფიცირების პირველ ეტაპზე „პაქსლოვიდითა“ და „რემდესივირით“ იმკურნალა, არცერთი პაციენტი არ დამძიმებულა.

„უკეთესია მკურნალობა დაიწყოს სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 3 დღის განმავლობაში. ბოლო 4-5 თვეა არ შეგვხვედრია არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელმაც მკურნალობა დაიწყო „პაქსლოვიდითა“ და „რემდესივირით“ პირველ სამ დღეში და მოხვდა რეანიმაციაში, დამძიმდა, მით უმეტეს, გარდაიცვალა. არცერთი შემთხვევა რეანიმაციაში მოხვედრის და გარდაცვალების ასეთ პირებში არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა,რომ მათ შორის იყო ბევრიასაკოვანიც, მძიმე თანმხლები დაავადებებით მოავადე პირებიც, პაციენტები, რომლებსაც დაავადება თავიდანვე დაეწყოთ მძიმედ. ძალიან მძიმე პროგნოზის პაციენტებიც კი, ვინც „პაქსლოვიდითა“ და „რემდესივირით“ მკურნალობა დაიწყო პირველ სამ დღეში, ყველა გადარჩა“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კითხვაზე, სიმპტომების გამოვლენამდე რამდენი ხნით ადრეა ადამიანი გადამდები, პასუხობს: „ითვლება, რომ სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე ადამიანი უკვე გამოყოფს ვირუსს და გადამდებია, თუმცა განსაკუთრებით გადამდები ხდება ინფიცირებული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ“. თენგიზ ცერცვაძე, ახალი შტამების სიმპტომებზეც ისაუბრა:

„სერიოზული კვლევებით ვერ დადგინდა რაიმე განსხვავება წინა შტამებითა და ახალი შტამით მიმდინარე დაავადების სიმპტომებს შორის. დაახლოებით იგივეა დაავადების სიმძიმე და ლეტალობის მაჩვენებელი. ბიეი5-ის სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა რესპირატორულ სიმპტომებს. ამიტომ აუცილებელია მათი გამოჩენისთანავე ადამიანებმა ჩაიტარონ ტესტი და დადებითი პასუხის შემთხვევაში, რაც შეიძლება ჩქარა დაიწყონ მკურნალობა“.

ცერცვაძე ასევე ამბობს, რომ მოსახლეობამ უნდა ისწავლოს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება, რადგან ვირუსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუდამ დარჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება არის, ჩვენს მოსახლეობას შეუძლია აბსოლუტურად დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, რადგან ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზადაა ისე, როგორც არასდროს. კორონავირუსი გადაიქცევა ერთ-ერთ რესპირაციულ ინფექციად და არ იქნება ისეთი ტრაგიკული, როგორც ის აღიქმებოდა თუნდაც ერთი წლის წინ. დროული ტესტირება და ექიმთან დროულად მისვლა აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ გარდაცვალების შემთხვევები არ გვქონდეს“,- განაცხადა ცერცვაძემ.