„შემთხვევების ზრდა პიკს შემოდგომაზე მიაღწევს" - თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა, თუმცა მსოფლიოში არსებული ტენდენციისგან განსხვავებით, გარდაცვალების შემთხვევები პრაქტიკულად, ნულოვან ნიშნულზეა.

მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდა პიკს სავარაუდოდ, შემოდგომას მიაღწევს.

"მთელ მსოფლიოში ბოლო პერიოდში ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების მკვეთრი ზრდა აღინიშნება. საქართველოში განსხვავებული სიტუაციაა. სამწუხაროდ, ახალი შემთხვევების ზრდა ჩვენთანაც ფიქსირდება, მაგრამ ჩვენთან გარდაცვალება შენარჩუნებულია ძალიან დაბალ - პრაქტიკულად, ნულოვან ნიშნულზე.

შემთხვევების ზრდა პიკს ჩემი ვარაუდით, შემოდგომაზე მიაღწევს, მაგრამ ჩვენ არ ველოდებით ისეთ დრამატულ მატებას, როგორიც ვთქვათ, წლის დასაწყისში იყო", - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, ჩვენი მიზანი სიკვდილიანობის "ნულოვან ნიშნულზე" შენარჩუნება უნდა იყოს, ამიტომ, ის ორი მიმართულების პრევენციულ ღონისძიებას გვთავაზობს.

პირველი ვაქცინაციის გააქტიურებასა და ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარებას ეხება, ხოლო მეორე, კორონავირუსის სწრაფ დიაგნოსტიკასა და შესაბამის მკურნალობას.

"ვაქცინაციის პროცესი უნდა გავააქტიუროთ. სასურველია, რომ მოსახლეობამ პირბადე ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში გამოვიყენოთ.

მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენები მასიურად ვაქცინაციას და პირბადეების ტარებას დაიწყებენ. ეს დიდი ალბათობით არ მოხდება. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, ასაკისგან დამოუკიდებლად, ვინც შეამჩნევს, რომ რაღაც რესპირაციული სიმპტომები აქვს, მაგალითად, ყელის ტკივილი, ხველა, სურდო, თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება, იმავე დღეს, ან მაქსიმუმ მეორე დღეს კოვიდზე ტესტი გაიკეთეთ. ეს არის უფასო. კოვიდის დადასტურების შემთხვევაში თქვენს ოჯახის ექიმთან, ან ონლაინ კლინიკის ექიმთან კომუნიკაციაში შედით. თუ ჩვენებები არ გაქვთ - იოლად გადაიტანთ, მაგრამ თუ არის ჩვენებები, რომელმაც შეიძლება დამძიმება გამოიწვიოს, თქვენ "პაქსლოვიდს" მოგცემენ და თქვენ გარანტირებული იქნებით, რომ საავადმყოფოში არ მოხვდებით და მით უმეტეს, ლეტალური შედეგი არ დადგება", - აღნიშნა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ქვეყანაში "პაქსლოვიდის" მარაგები საკმარისზე მეტი გვაქვს.