ამ სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში კორონავირუსი - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებისთვის

ბავშვი

კვლევებით დგინდება, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უმეტესწილად ბავშვებში ვლინდება, თუმცა, რთულია გავარჩიოთ ეს უბრალოდ გაციებაა, რესპირაციული ვირუსული ინფექცია თუ კორონავირუსი. როგორი სიმპტომებით ვლინდება ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით, დომინანტი შტამი „ომიკრონი“ ბავშვებში? ამ თემაზე  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე საუბრობს.

„არა მხოლოდ მშობელს, სპეციალისტსაც კი, რომელსაც ვირუსულ ინფექციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მხოლოდ კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით „ომიკრონის“ იდენტიფიცირება არ შეუძლია, რადგანაც ეს ნიშნები სხვა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექციების იდენტურია, როგორებიცაა: გრიპი, გაციება. თუმცა, ძირითადად, გაციება ჰგავს და სიმპტომები ყველასათვის კარგად ნაცნობია: ყელის ტკივილი, ყელში ჩაფხაჭნის შეგრძნება, მსუბუქი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, დაბალი ტემპერატურა - ესაა ის ნიშნები, რომლებიც „ომიკრონით“ ინფიცირებულ პაციენტებს ხშირად ახასიათებთ.

როგორც აღვნიშნე, ძალიან ჰგავს გაციების კლინიკურ სიმპტომატიკას. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, პაციენტებს განსხვავებული ჩივილებიც ჰქონდეთ, როგორებიცაა: წელის ტკივილი, ღამის ოფლიანობა, გულის რევის შეგრძნება. ეს ნიშნები სხვა ვარიანტებისთან შედარებით, განსხვავებულია. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, იანვარში, როცა ძალიან ბევრი რესპირაციული ვირუსული ინფექციაა, რომელსაც გაციების გამოწვევა შეუძლია, ვერც ერთი მშობელი და სპეციალისტი ტესტის გარეშე, მხოლოდ კლინიკური სიმპტომებით ვერ გაარჩევს ერთმანეთისგან. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვისაც მსგავსი სიმპტომები აქვს, აუცილებლად ტესტის გასაკეთებლად უნდა გავუშვათ. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, განსაკუთრებით, ზოგადი მდგომარეობა, რისკის ჯგუფების არსებობა, კონტაქტი და სხვა“, - აცხადებს ჩხაიძე „მშობლებთან“ მიცემულ ინტერვიუში.