კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
„პრაიმ ჰაუსს“ ორი ახალი მონაწილე ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი გიორგი სუთიძეა. 34 წლის ახალგაზრდა საქართველოში საკმაოდ ცნობილი და წარმატებული მოცეკვავეა, რომელიც თითქმის ყველა პროექტში მონაწილეობდა.
ახალი მონაწილის უკეთ გაცნობის მიზნით, „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
გიორგი სუთიძე: - ევროპული და ლათინო-ამერიკული ცეკვების მოცეკვავე ვარ. სხვათაშორის, „პრაიმ ჰაუსში“ შემოსვლამდე „რუსთავი 2-ში“ დავიბადე. 2010 წელს „ნიჭიერის“ ფინალისტი გახლდით. ამის შემდეგ „X ფაქტორის“ სამ სეზონში ვცეკვავდი, ორ სეზონში „ბრავოში“, „ვოისზე“ და ა.შ. მაქვს ჩემი პატარა ბიზნესი, რომელსაც საკმაოდ კარგად ვართმევ თავს. 8 წელის მამაკაცის ტანსაცმლის ხაზს ვუძღვები. ესაა მაღაზია „ავანგარდი“, რომელიც სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ მდებარეობს.
- რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მარტივი ბავშვობა მქონდა. დავიბადე და გავიზარდე ჭიათურაში, აბსოლუტურ სიბნელეში: არ იყო შუქი, წყალი, არაფერი... მახსოვს, მხოლოდ 31 დეკემბერს, ისიც ნახევარი საათით რომ მოვიდოდა, ვხედავდი ხოლმე, იდგა მომღერალი და უკან მოცეკვავეები. ზუსტად ვიცოდი, რომ ოდესმე იქ აღმოვჩნდებოდი. მაშინ დავისახე ეს მიზნად და შემდეგ აბსოლუტურად ყველა კონცერტზე, თუკი რამ ჩატარებულა ქალაქში, მონაწილეობა მაქვს მიღებული. ვთვლი, რომ ჩემს ოცნებას ხორცი 70%-ით მაინც შევასხი.
მახსოვს, ჭიათურასა და საჩხერეს ერთი ტროლეიბუსი აკავშირებდა. იმ პერიოდში შუქიც რომ არ იყო, თბილისიდან მომავალ ავტომობილებს მივყვებოდი ხოლმე. 14 კილომეტრი ზამთარში ფეხითაც გამივლია. მოგეხსენებათ, ჭიათურა ფერდობზე შეფენილი ქალაქია და იმ პერიოდში, იმდენად ყინავდა, ხშირად ფეხსაცმლის გარედან წინდა წამომიცვამს, რომ ყინულზე ფეხი არ გასრიალებულიყო.
- რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?
- ყოველთვის მსახიობობაზე ვოცნებობდი. რაღაც ეტაპზე, ეს შედგა, რადგან აუდიტორიის წინაშე გამოსვლა მიწევს. 10 წელი რესტორნებში ვმუშაობდი. გემახსოვრებათ ჩემი პარტნიორი, ვერკა ჯაჯანიძე. „ნიჭიერის“ შემდეგ მოხდა ბუმი - ჩინეთშიც კი მიგვიწვიეს. სამი თვე იქ ვიმუშავეთ, კლუბში ვცეკვავდით.
- ყველაზე მეტ დროს უთმობ?
- მეგობრებს;
- დედაჩემი მომკლავს, თუ...
- დედაჩემი მომკლავს, თუ არასწორად მოვექეცი ვინმეს...
- რამ გაგაოცა ბოლოს?
- რამ გამაოცა და ვინც მეგონა, რომ არ თამაშობდა, ყველაზე მეტად ის თამაშობს...
- პირველი სამსახური იყო...?
- როდესაც მერვე კლასი დავამთავრე, აბსოლუტურად დამოუკიდებლად წამოვედი თბილისში და 3 თვე მშენებლობაზე ვმუშაობდი... ეს გადაწყვეტილება ჩემით მივიღე, ზაფხულში მუშაობაში გავატარე.
- რით ხარ გამორჩეული?
- ძალიან მალე შემიძლია მივუტევო და ვაპატიო ადამიანს.
- რით ხარ უკმაყოფილო?
- მგონია, რომ საკუთარი თავის ნაკლებად მჯერა ხოლმე. ეს პროექტი ზუსტად ამისთვის მინდოდა, ჩემი თავისთვის მომეწყო ჩელენჯი და მენახა, რა მინდა - ფართო მასებში ყოფნა თუ ბექში დგომა, სადაც მხოლოდ ჩემს ნაჭუჭში ვიქნები.
- რის/ვის გარეშე ვერ იცხოვრებ?
- ოჯახის და მეგობრების გარეშე... ასევე ტელეფონის, მაგრამ „ჰაუსში“ ვერ გრძნობ ამის ნაკლებობას. ხალხს ჰგონია, რომ მხოლოდ გძინავს და ჭამ, არადა იმხელა დატვირთვაა...
- ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?
- ყველაზე მეტად მრცხვენია, როცა მაქებენ. ამ დროს, შეიძლება გავწითლდე კიდეც.
- სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი...
- მგონია, რომ ვარ ძალიან სამართლიანი, უერთგულესი და ცხოვრებაში ტყუილი არასდროს მითქვამს. თუ იმას არ ჩავთვლით, როცა ამით ადამიანი გადამირჩენია.
- ბოლოს რაზე იტირე?
- საქართველოში ახალი დაბრუნებული ვარ, ემიგრაციაში ვიყავი წასული. ირლანდიაში, ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობდი ჭურჭლის მრეცხავად, ვწმენდდი იატაკს... ერთ დღეს მეპატრონე შემოვიდა, თქვა, ჩემი შვილი ავსტრალიიდან ჩამოდის, დღეს ადრე უნდა წავიდეო... მერე მკითხა, ჯორჯ, შენ რამე გაქვს დამთავრებული? ტელეფონის შეტანის უფლება არ მქონდა, თუმცა, ყველა წესი დავარღვიე და შევუტანე. ვაჩვენე ჩემი ყველა ვიდეო, ყველა გამოსვლა, ბიზნეს გვერდი და მკითხა, დარწმუნებული ხარ, რომ შენ ამას აკეთებო? არ დაიჯერა, რომ მე ეს ყველაფერი აქ დავტოვე და წავედი. ხალხი ამ ყველაფერზე ოცნებობს. მახსოვს, გარეთ გამოვედი და ვიტირე. შეკრიბა მთელი პერსონალი და თქვა, რომ ეს თავის ქვეყანაში ცნობილი ჯორჯიაო. რჩევა მომცა, ირლანდიაში არ დარჩე და შენს ქვეყანაში დაბრუნდი, საქმე განაგრძეო.
მივხვდი, რომ ემიგრანტობა მარტივი არ არის. ქედს ვიხრი, გულწრფელად ვამბობ, ყველა ემიგრანტის წინაშე. თურმე, რას გადიან, უძლიერესები არიან, მათ ტანკიც ვერ შეაშინებთ, ლულას გადაღუნავენ...
- მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება...
- იმ პერიოდში, როდესაც მე ჭიათურაში ვცეკვავდი, ხალხმა ეს ყველაფერი არ იცოდა, სიახლე იყო. 13 წლის რომ ვიყავი, მახსოვს, ახლობელმა დედას ირონიით უთხრა, ბიჭია, რატომ დაგყავთ ცეკვაზეო. მაშინ საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აუცილებლად მივაღწევდი იმას, რაც მინდოდა. სხვათაშორის, ამ ყველაფრის გამო ცეკვას თავი დავანებე, შემდეგ მასწავლებელმა სახლში მომაკითხა და მითხრა, გიორგი, ნუ ნერვიულობ, დადგება დრო, როცა შენი ქალაქი შენ ტაშს დაგიკრავსო. არასდროს დამავიწყდება - „ნიჭიერის“ შემდეგ ჭიათურაში მიმიწვიეს, იმხელა სითბო და სიყვარული ვიგრძენი ჩემი თანაქალაქელებისგან... დღესაც, უამრავი შეტყობინება მომდის.
- რას ნანობ?
- ვნანობ, რომ ჩემი პროფესია შოუში გადავიტანე და როგორც პედაგოგი, არ განვვითარდი. ბავშვის აღზრდა სულ სხვა რამაა. იმდენად დატვირთული ვიყავი შოუებით, რომ დრო დავაკელი ამ ყველაფერს.
- რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
- მგონია, რომ წარსული წარსულია და არაფერს შევცვლიდი. მე დღევანდელი დღით და მომავლით ვცხოვრობ.
- ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...
- ჩემი ოცნების სახლი იქნებოდა... თბილისში, ზუსტად ისეთი, როგორიც მე წარმომიდგენია (იღიმის).
- სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ არის...
- „რატომაც არა“, სხვათაშორის, ფეხზეც მაწერია.