პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„გილოცავ და ჩემს თავს ვულოცავ შენს დაბადების დღეს", - წერს დათო ევგენიძე სოციალურ ქსელში.
დათოს და ნინოს წყვილს 17-წლიანი ოჯახური თანაცხოვრება აერთიანებს. 17 წლით უმცროსი ნინო ჟვანია სულ არსებობდა მუსიკოსისა და პოეტის ცხოვრებაში; შორიდან უყურებდა, ყოველთვის საქმის კურსში იყო, რა ხდებოდა სასურველი ქალის ცხოვრებაში. ამასობაში ორივემ იქორწინეს. ოჯახებიც დაენგრათ... და ერთხელაც, დათომ ძალა მოიკრიბა და... თაბაშირიანი ხელით, ხელი სთხოვა ნინას. მეორე დღეს უკვე მოსკოვში იყვნენ...
დათო „პრაიმტაიმით“ კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის სურვილს, რომ ცოლი სოხუმში ჩაიყვანოს და ბავშვობის სახლში დააბრუნოს.
დათო ევგენიძე: - სიყვარული მართლა ღვინოს ჰგავს. რაც წლები ემატება და ძველდება, მით უფრო ფასობს. ვერც კი წარმომიდგენია ნინას გარეშე არსებობა.
წუხელ, შორტებში ვიყავი, სახლის მეორე გასასვლელიდან გავიპარე ქუჩაში. შვილს ვთხოვე, გაართე სანამ მოვალ, არ შეამჩნიოს, რომ სახლში არ ვარ-მეთქი. და ღამის 12 საათზე წითელი ვარდებით ამოვედი.
ყვავილს არა მარტო დაბადების დღეზე, ყოველთვის ვჩუქნი. ჩვენთან სახლში ყვავილები არ ჭკნება. სულ ახალ-ახალი თაიგულებით ვაახლებ.
ნინოს დაბადება ჩემი საჩუქარია. როგორც დავპირდი, სოხუმში უნდა დავაბრუნო. როცა ჩავალთ, პირველი მივდივართ მის სახლში, რომელიც ძალიან ენატრება.
ნინოს სახლში ახლა აფხაზები ცხოვრობენ. ნორმალური ხალხია. შემოგვითვალეს, თუ ჩამოხვალთ, სახლს დავცლითო. იმ ხალხის მადლობელი ვარ.
ნინოს ბებია და ბაბუა აფხაზეთის ომის დროს დახვრიტეს. მათ სოხუმში იმხელა ღვაწლი ჰქონდათ, როგორც ქართველი, ისე აფხაზი მოსახლეობისთვის, რომ ბაბუამ ჩათვალა, რომ არ შეეხებოდნენ. მაგრამ სამწუხაროდ, არ დაინდვეს. ნინოს სკოლაში ჰყავდა შეყვარებული, აფხაზი ბიჭი. იმ აფხაზმა ბიჭმა დაუსაფლავა ბებია და ბაბუა...
14 წლის იყო, სოხუმიდან რომ წამოვიდა.
მახარებს და იმედს მაძლევს ის, რომ ბევრი კეთილგანწყობილი აფხაზი ცხოვრობს აფხაზეთში, რომელთა უკმაყოფილება იზრდება და იზრდება იმ რეალობის მიმართ, რომელშიც ცხოვრობენ.
აფხაზეთი სამოთხეა და პირველი, რაც ქართველმა ერმა უნდა გააკეთოს, უნდა დაიბრუნოს აფხაზეთი, აფხაზებს კი თავიანთი საქართველო დაუბრუნოს.
რატომღაც მგონია, რომ ეს უკვე ახლოსაა. ადრე ვფიქროიბდი, რომ ამისთვის ათწლეულები იყო საჭირო. ახლა მგონია, რომ ეს რამდენიმე წელიწადში მოხდება. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე მგონია.
მერე უკვე სოხუმის ხშირი სტუმრები ვიქნებით. უფრო სწორად მე ვიქნები ნინოს ხშირი სტუმარი მის საკუთარ სახლში.
ჩემი ვალია, რომ ნინო სოხუმში ჩავიყვანო...