შინაური ცხოველის ყოლა ხანშიშესული ადამიანების ტვინს იცავს - კვლევა

ცხოველები

აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ, რომლის სამიზნე ჯგუფიც 50 წელს გადაცილებული ადამიანები იყვნენ, საინტერესო შედეგი აჩვენა. აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც შინაური ცხოველი 5 წელზე მეტია ჰყავთ, კოგნიტიური მახსოვრობის ტესტებში უკეთეს შედეგებს აფიქსირებენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ოთხფეხა მეგობრებთან ერთად არ ცხოვრობენ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ „შინაური ცხოველის ეფექტი" გულთან ერთად დაბერებისგან ტვინსაც იცავს.

შედეგები 2010-2016 წლებში ჩატარებულ გამოკითხვაზეა დაფუძნებული, რომლის ფარგლებშიც, სხვა კითხვებთან ერთად, 50 წელს გადაცილებული ადამიანების შინაური ცხოველების სტატუსსაც ამოწმებდნენ. კვლევაში მონაწილეობა 20 000-მა ადამიანმა მიიღო.

მკვლევრებმა გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით აჩვენეს, რომ განსხვავებები შინაური ცხოველების მფლობელებისა და სხვა ადამიანების კოგნიტიურ მაჩვენებლებს შორის აშკარა იყო.

შედეგები განსაკუთრებით თვალსაჩინო 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში აღმოჩნდა. ეს განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ჩვეულებრივ, დემენციის სიმპტომები სწორედ ამ ასაკში ვლინდება.

ამ ასაკობრივ ჩარჩოში მყოფი ადამიანების ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერების კვლევისას აღმოაჩინეს, რომ შინაური ცხოველების მფლობელები აშკარად უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ის ადამიანები, რომელთაც მათთან შეხება არ აქვთ.

ამ ადამიანებს 6 წლის განმავლობაში პერიოდულად ტესტავდნენ, ცხოველების მოყვარულების ფლანგი კი ყოველ ჯერზე უკეთეს შედეგებს აჩვენებდა. განსხვავება დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო თვალსაჩინო გახდა.

რა თქმა უნდა, ამ ტიპის კვლევა "შინაური ცხოველის ეფექტის" არსებობის დამამტკიცებელ საბუთად ვერ გამოდგება. ეს უბრალოდ ერთ-ერთი კვლევაა მრავალთა შორის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ცხოველის ყოლა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მიუხედავად ამისა, ეს თეორიები საბოლოოდ დამტკიცებული არ არის.