„დაკლება სურდა, აქ კი სუფრიდან სუფრაზე გადაჰყავდათ; ბოლოს მკითხა - საქართველოში საჭმელზე უარის თქმა, სერიოზულად შეუძლებელიაო?“ - იუბილარი დე ნიროს ქართული ამბები

de nir

დღეს რობერტ დე ნირო 80 წლის გახდა. ერთი თვის წინ 19 წლის შვილიშვილი გარდაეცვალა. რომ არა ეს ტრაგედია, ბედნიერი სიბერე ექნებოდა; სახელი, დიდება, აღიარება - სხვა რა უნდა ენატრა?! მაგრამ ეს ცხოვრებაა, დაუგეგმავი;

მინდა გავიხსენო მსოფლიო ვარსკვლავის საქართველოში სტუმრობა;

რობერტ დე ნიროს სტუმრობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის მოვლენა იყო. 1987 წლის აგვისტოს ბოლო იყო, ამერიკელი "სთარი" შვილებთან – ქალიშვილთან და ბიჭუნასთან ერთად მოსკოვიდან რომ ჩამოვიდა.

ინტერვიუ ჩამოართვა თენგიზ სულხანიშვილმა. თენგიზს ათეული წლის მანძილზე “პირველ არხზე” რამდენიმე გადაცემა მიჰყავდა, შემდეგ კი სსრკ ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამა „ვრემიას“ ჯგუფის ხელმძღვანელი იყო თბილისში, ტელევიზიის ახალგაზრდული რედაქციის მთავარი რედაქტორი. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირველი ტელეხიდი (1986 წელს) მისი ორგანიზებით შედგა.

ბოლო რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ვაშინგტონში ცხოვრობდა. ჟურნალისტი სამი წლის წინ გარდაიცვალა.

დე ნიროს ვიზიტს "პრაიმტაიმთან" ქეთი დოლიძე იხსენებს;

ქეთი დოლიძე: დე ნირო ჩვენთან, კინომსახიობთა თეატრში მოიყვანეს და მე ვუთარგმნიდი სპექტაკლს “წუთისოფელი ასეა.” ძალიან კარგი სპექტაკლი იყო, მაგრამ დიდი და ტრაგიკული შეცდომა იყო ის, რომ დე ნიროს მიშა თუმანიშვილის შედევრი – “დონ ჟუანი” არ აჩვენეს. რატომ აჩვენეს ფოლკლორი, რომელსაც ვერც ვუთარგმნიდი და ვერც გაიგებდა, არ ვიცი. აღიქვა, როგორც ეტიუდების ნაკრები. ეს თქვენი სავარჯიშოებიაო? - იკითხა.

მაშინ ბატონ მიშას შევედავე, როგორ შეიძლებოდა თქვენი შედევრის ნაცვლად ამ სპექტაკლის ჩვენება-მეთქი?! სულ სხვა შთაბეჭდილებით წავიდოდა.

დე ნიროსთან შეცდომა კიდევ დაუშვეს. ფილმ “ცოფიანი ხარის” შემდეგ, როლისთვის აკრეფილი ზედმეტი კილოგრამების დაკლება სურდა. ამას ცდილობდა ორი წელი. ჩვენთან კიდევ, ერთი სუფრიდან მეორეზე გადაჰყავდათ.

უცებ მეკითხება, ერთი პატარა შეკითხვა მაქვს, ყველასთან მერიდება ამაზე საუბარი და - საქართველოში საჭმელზე უარის თქმა სერიოზულად შეუძლებელიაო? ასე მითხრეს, თუ არ გასინჯავთ, ეს ჩვენი შეურაცხყოფააო. არა, რას ბრძანებთ, თუ გნებავთ მიირთვით, თუ არა, ნუ მიირთმევთ-მეთქი.

ჩვენს თეატრში სტუმრობა მოეწონა, წასვლა არ უნდოდა. ამ დროს, არიქა, შეგვიჩნდნენ ორგანიზატორები, ფუნიკულიორზე გაშლილია სუფრა, გამოუშვით, გველოდებიანო. მოეშვით, კაცს არ უნდა ჭამა-მეთქი, ვსაყვედურობდი. დე ნიროს უარის თქმა ერიდებოდა.

მერე წაიყვანეს ქუთაისში. მანქანა 200 კილომეტრის სიჩქარით მიქროდა, რაც უცხოელებისთვის სრულიად წარმოუდგენელია. გული გაუსკდა, თურმე დე ნიროს. მისი შვილები მის წინ მიმავალ მანქანაში ისხდნენ. შიშისგან გადარეულმა სანამ არ იყვირა, გამიჩერეთ, ჩემს შვილებთან მინდა ჩაჯდომაო, ასე სისწრაფით მიაქროლებდნენ.

არ ვიცი, რატომ ჩაატარეს ასეთი პროვინციული რამ, სამაგიეროდ, მივიღეთ ის, რომ საკმაოდ არაასასიამოვნო რამ დაწერა ამ ვიზიტზე. იუმორში აღწერა ჩვენი ამგვარი დახვედრა.

ასევე დაგაინტერესებთ: "ასეთი რამეები არ მიყვარს. მეუხერხულება, არ ვიცი, რა გამოვა, თუმცა მიმართლებს" - რა სიახლეა ნანი ბრეგვაძესთან

"ღმერთო, რა ლამაზი იყო" - იცით, ვინ იყო რეზო გაბრიაძის და გია ყანჩელის მუზა – თამუნია?

„თენგიზი ხომ ძალიან სიმპათიური იყო, მაგრამ ნელიზე რომ იქორწინა, ამბობდნენ: ეს გოგო არჩვაძეს როგორ გაჰყვა ცოლადო“ - ლეგენდარული არსაკიძე 91 წლისაა