"ასეთი რამეები არ მიყვარს. მეუხერხულება, არ ვიცი, რა გამოვა, თუმცა მიმართლებს" - რა სიახლეა ნანი ბრეგვაძესთან

nani

ნანი ბრეგვაძეზე "პირველი არხი" დოკუმენტურ ფილმს იღებს; ლეგენდარული მომღერლის ყოველდღიური ყოფა, კარიერა, ოჯახი ბუნებრივი სახით იქნება ნაჩვენები ფილმში, რომლის გადაღება ორი თვეა დაწყებულია.

19 ივლისს არტისტი 87 წლის გახდა. ახლა გონიოში ისვენებს და "პრაიმტაიმის" მკითხველს ამ ფილმზე უყვება.

ნანი ბრეგვაძე: სპეციალური გადაღებები არ არის ჩანიშნული, უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში რაც ხდება, იმას იღებენ. დამყვებიან, ინტერვიუებს იწერენ, ოჯახის წევრებს იღებენ; ფილმს პორტრეტული შეიძლება დაერქვას, ჩემს გარშემო რაც ხდება, ვინც მოძრაობს, იღებენ ყველაფერს; "ყვავილების ქვეყანაზე" კლიპი რომ გადავიღე, ის პროცესიც შევიდა ფილმში; ახლა ოჯახით ჩამოსულია მექსიკელი ოპერის მომღერალი, ნატალიამ დაპატიჟა; მიუნხენში მოღვაწეობს, შესანიშნავი ტენორია. მოიხიბლა ჩვენი ქვეყნით, ასეთი სტუმართმოყვარე ხალხი არსად მინახავსო, აღფრთოვანებულია; მექსიკელები თბილი და ტემპერატემენტიანები არიან; ცხელი ქვეყნების ხალხები ასეთები არიან;

ვნახოთ, რა გამოვა; მართალი გითხრათ, ასეთი რამეები არ მიყვარს. მეუხერხულება, თანაც არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ ჯერჯერობით მიმართლებს; ღმერთი ყოველთვის ჩემთან არის; გადამღები ჯგუფიც თავგადადებულად მუშაობს და ეს უნდა დაფასდეს;

ვნახოთ, იქ დადგმული არაფერია, როგორც ვცხოვრობ, იმას იღებენ; თუ მიიღებენ, მიიღებენ...

გონიოში ვარ, არაჩვეულებრივი ზღვაა, დელფინებით სავსე; სუფთა რომ არ იყოს, ხომ იცით, დელფინის ჭაჭანება არ იქნებოდა;

ზღვა მიყვარს, ვის არ უყვარს, მაგრამ მთა მირჩევნია; ადრე კარგად ვცურავდი, უკვე ვეღარ; ჩავდივარ, მაგრამ ზღვაში არ გავდივარ; ზომიერ რუჯს ვიღებ, თეთრი არ მინდა ვიყო ზაფხულში, მაგრამ სახეზე ფერს რომ კარგავენ და შავდებიან, არ მიყვარს; უკვე ხომ ხედავთ, მსოფლიოში ცნობილი მსახიობებიც გარუჯვისგან თავს იკავებენ; ზომიერება ყველაფერში კარგია...

ასევე დაგაინტერესებთ: ტრაგედია, რის შემდეგაც ლეგენდარულმა ლიანა ისაკაძემ ყველაფერზე უარი თქვა

"ბუბას ისეთი შარმი ჰქონდა, მასზე ქალები ჭკუას კარგავდნენ. ხალხს უნდოდა, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით..." - ნანი ბრეგვაძე მეგობარს იხსენებს

"ენერგია არ მაქვს... პრეტენზიული მჭამელი გავხდი... რაც არასდროს მაწუხებს, კარგი მუსიკის მოსმენაა" - ნანი ბრეგვაძე