ჩემი მშობლები ყოველთვის მაჩვენებდნენ ჩემს მომავალს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიზნამდე მივალ, ჩემთვის ყოველი წაგებაც და მოგებაც იყო უბრალოდ გაკვეთილი - ლაშა გურული გადაცემაში "ჩემპიონები"

ლაშა გურული

"რადგან შედეგის მიღწევა არ მეჩქარებოდა, ჩემთვის ყოველი წაგებაც და მოგებაც იყო უბრალოდ გაკვეთილი," - ამის შესახებ ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, მოკრივე ლაშა გურულმა, "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "ჩემპიონები" ისაუბრა.

როგორც ლაშა გურულმა აღნიშნა, სპორტსმენობა მისი ბავშვობის ოცნება იყო და ამაში მშობლები ყველაზე მეტად უჭერდნენ მხარს. მისივე თქმით, წარუმატებლობას არასდროს შეუშინებია და მიზნისკენ სვლა არასდროს შეუწყვიტავს.

"კრივზე 5 წლის ასაკში შევედი. ჩემს მშობლებს უკვე უნდოდათ, რომ მე გავმხდარიყავი სპორტსმენი. დედაჩემმა დაიწყო ცნობილი და წარმატებული სპორტსმენების ბიოგრაფიების კითხვა და ყოველთვის, როცა საღამოს სამსახურიდან მოდიოდა, სულ მიყვებოდა, რომ სპორტს თან ახლავს უსამართლობა, წარუმატებლობა. მე ვიცოდი ჩემი გზა, ჩემი მშობლები ყოველთვის მაჩვენებდნენ ჩემს მომავალს, ჩემს გზას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიზნამდე მივალ. საბოლოო ჯამში, როდესაც ბავშვმა 5 წლის ასაკში იცის, რა უნდა, ამ ყველაფრისთვის შრომობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარ მიზნამდე მივიდეს, სამყაროს მექანიზმი ისე არის მოწყობილი, რომ ეს აუცილებლად მოხდება. როდესაც ოჯახს, როდესაც სწამს შენი და გამხნევებენ, როდესაც უფლის გწამს და შრომის გწამს, ბევრი ჯაჭვური კომპონენტებია, რომელიც ერთმანეთზე არის მიბმული და საბოლოო ჯამში, შენ აუცილებლად მიხვალ შენს ოცნებამდე.

როცა 7 წლის ვიყავი და ვიცოდი, რომ როდისღაც უნდა გავმხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი. იმ ასაკში ვერ დავგეგმავდი, ეს რომელ ასაკში იქნებოდა. ვიცოდი, რომ ოდესღაც იქნებოდა, თუმცა, როდის იქნებოდა არ ვიცოდი. ამიტომაც, რადგან შედეგის მიღწევა არ მეჩქარებოდა, ჩემთვის ყოველი წაგებაც და მოგებაც იყო უბრალოდ გაკვეთილი. არასდროს არ გავმტყდარვარ და არასდროს არ მითქვამს, რომ კრივი ჩემი საქმე არ არის, პირიქით, ჩემს თავში ვეძებ შეცდომებს, ვიცი, რომ უნდა წავიდე, ვიშრომო, განვვითარდე, გავძლიერდე და უფრო მეტი გავაკეთო. ჩემი ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი დევიზია - რაც არ გკლავს, გაძლიერებს. ეს ფაქტებით ვნახე და ა დევიზმა ძალიან ბევრი შემაძლებინა.

როდესაც საკუთარ თავზე ავიღე სრული პასუხისმგებლობა და გავიაზრე, რომ რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში კარგი ან ცუდი, ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია, ჩემი ცხოვრება ბევრად სხვა ტემპში წავიდა და ამიტომაც მომავალ თაობას მოვუწოდებ, კი მიზეზები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ თუ საკუთარ თავზე ავიღებთ 100-ვე პროცენტით პასუხისმგებლობას, აუცილებლად გამოგვივა.

მე და დედაჩემი ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ბავშვობიდან დედაჩემი ყოველთვის მაჩვენებდა, რა არის ცუდი, რა არის კარგი და მაძლევდა თავისუფალი არჩევანის საშუალებას. მომავალს წინასწარ ვხატავდით და წარმოვიდგენდით. დღეს, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, მაგ ყველაფერს წინასწარ ვხედავდით, ერთმანეთს იმედს ვაძლევდით და ამ ვიზუალიზაციის ძალამ შედეგი მოგვცა. რასაც ვხედავდით, იქ მივდივართ და ახლა შუა გზაზე ვართ,"- აღნიშნა ლაშა გურულმა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ლაშა გურულმა შეძლო 24-წლის შემდეგ, ოლიმპიურ თამაშებზე აღნიშნულ სპორტის სახეობაში მედლის მოპოვება. ქართველმა მოკრივემ ოლიმპიადაზე (63,5 კგ) მეოთხედფინალურ შეხვედრაში ყაზახი მეტოქე ბაზარბაი მუჰამედსაბირი დაამარცხა და, ვლადიმერ ჭანტურიას შემდეგ, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც კრივში ოლიმპიური პრიზი მოიპოვა. ამასთან, ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში კარიერაში ჩატარებული პირველი ბრძოლა მოიგო. რუსთავში გამართულ Martlab boxing promotion-ის ღონისძიებაზე გურულმა განელი ბერნარდ აბეი დაამარცხა.