ტეილორ სვიფტის გამოჩენას სუპერ-ბოულზე უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა - რატომ

სვიფტი

9 თებერვალს სვიფტი ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის, ეგრეთ წოდებული სუპერ-ბოულის, ფინალს ესწრებოდა და თავისი პარტნიორის, ფეხბურთელ ტრევის კელსის, გუნდს — კანზას სიტის Chiefs-ს — გულშემატკივრობდა. იმ მომენტში, როცა ეკრანებზე მომღერალი გამოჩნდა, სტადიონი უკმაყოფილო შეძახილებმა მოიცვა. ტეილორის სახეზე წამით გაკვირვება გამოისახა, მერე კი მუსიკოსი თავის მეგობრებს მიუბრუნდა და გაიცინა.

გავრცელებული მოსაზრებით, შეძახილები თამაშზე Chiefs-ის მეტოქე გუნდის, ფილადელფიის Eagles-ის, მხარდამჭერების რეაქცია იყო. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ შემთხვევაზე გამოსახმაურებლად დონალდ ტრამპმა მოიცალა, სხვა ვერსიებიც შეიძლება განვიხილოთ.

„კანზას-სიტის Chiefs-ზე ცუდი ღამე მხოლოდ ტეილორ სვიფტს ჰქონდა",  დაწერა აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში, - „სტადიონზე მის გამოჩენას უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. MAGA არავის აპატიებს!".

MAGA ტრამპის მანტრად ქცეული პოლიტიკური სლოგანის აბრევიატურაა: Make America Great Again ("დავუბრუნოთ ამერიკას დიდება"). ამდენად, პრეზიდენტმა პოსტით ალბათ გულში ჩადებული წყენა ამოთქვა - სვიფტი ხომ წინასაარჩევნო პერიოდში მის დემოკრატ ოპონენტს, კამალა ჰარისს, ღიად უჭერდა მხარს.

ამიტომ, ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ფიქრობს, რომ უკმაყოფილო შეძახილები სტადიონზე არა Eagles-ის, არამედ ტრამპის მხარდამჭერების რეაქცია იყო.