დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება. დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. კვლავ გრძელდება სამძებრო ოპერაცია დაკარგული 17 ადამიანის მოსაძებნად. დაკარგულებს შორის ბავშვები არიან.
ნაპოვნია გიორგი ყარალაშვილების ცხედარი. დის ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.
„სრულიად სიღნაღის რაიონი ტირის, ქუჩაში მომღიმარ ადამიანს ვერ ნახავთ, ყველა ოჯახმა საკუთარი ტკივილივით განიცადა ეს ტრაგედია. უჭკვიანესი სოფი, ღიმილა გოგო, ჩემთან მოდიოდა ხოლმე კუთხეში. გიოს შორიდან ვიცნობდი უნიჭიერეს პიროვნებად. თქვენს მშობლებს სამძიმარი როგორ უნდა ვუთხრათ აზრზე არ ვარ. იმიერში ტკბილად განისვენოს თქვენმა, პატარა და ლამაზმა სულებმა“, - წერს ოჯახის ახლობელი.
ამ დრომდე არ უპოვიათ ნატო ჭელიძე და მისი ორი შვილი. 6 აგვისტოს იპოვეს მხოლოდ პატარა ლუკას ცხედარი.
„ლუკა დუდაშვილი ჩემი შვილის კლასელი იყო... რა თქმა უნდა ვიცნობდი დედამისს და მის დედმამიშვილებსაც... ერთი წელი გაგრძელდა ჩემი შვილის და ლუკას მეგობრობა... მშობლები ლუკას პირველ მერცხალს ვეძახდით: სკოლაშიც პირველი მოყავდა დედას და ბოლო გაკვეთილის შემდეგ, ფანჯრიდან გადმოიხედავდა ბრიალა თვალებით... ჩვენც ვხვდებოდით, რომ გაკვეთილები დასრულდა... დასრულდა ცქრიალა და თვალებციმციმა ბიჭის უმანკო ცხოვრებაც... ანგელოზად იქცა... მრცხვენია კიდეც ჩემს ემოციებზე რომ ვწერ... სესილის მისი მეგობარი ტყეში დაკარგული ჰგონია და უკვე მეათასედ მეკითხება ხომ არ უპოვნიათო... ან როგორ ვუთხრა, ან რა სიტყვებით ავუხსნა...“,-წერს გოგა ბერიძე.
ნაპოვნია ნინო კენჭაძის ცხედარი. ნინო კენჭაძესთან ერთად სტიქიის ზონაში ორი ახალგაზრდა გოგო, გვანცა ბუბაშვილი და სალომე ხეთაგური, იმყოფებოდენენ. მათ შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.
ზაზა მესხი, მისი მეუღლე და სამი შვილი - ჯერაც ეძებენ ზაზა მესხსა და მის 3 შვილს. ოჯახი, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს, ორშაბათიდან ისვენებდა უწერაში, - სოფელში, რომელიც შოვიდან დაახლოებით 25 წუთის სავალზეა. ისვენებდნენ ავთო ყავლაშვილის კოტეჯში. შოვში ხუთშაბათს მანქანით ავიდნენ. მაშველებმა იპოვეს მხოლოდ ზაზას მეუღლის ცხედარი.
მარიტა გუტაშვილის ოჯახში, რომელიც ოჯახის 9 წევრს ეძებდა, გლოვაა. გუშინ მისი და-ძმის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. მეგი და გიგო გუტაშვილების მამა სოციალურ ქსელში შვილების ფოტოს ემოციური წარწერებით აზიარებს. „ჩემი ნანატრი“; „ჩემი წარმატებული იურისტი“; „ჩემი ვაჟკაცი გოგო“ - წერს გელა გუტაშვილი.
დადასტურდა, რომ რაჭაში მომხდარი ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი დავით ბერიაშვილია. სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „რაჭა" ერთ-ერთი მოქალაქე, ტასო მოდებაძე დავითის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
მისი მეგობრები ამბობენ, რომ ყველაფერზე შეეძლო ხუმრობა, მათ შორის საკუთარ სიკვდილზეც... რა სამწუხაროა, რომ ამ ფოტოს დადებიდან ზუსტად 6 თვეში, საქართველოს სამოთხეში ჩაიკარგა...მისი ბოლო პოსტი ეძღვნება თავისუფლებას... მშვიდად განისვენე...",- წერს ტასო მოდებაძე.
შოვში განვითარებული მეწყერის დროს, რუსეთის მოქალაქე, ქსენია ტრიჩევა დაიღუპა, რომელიც პერმიდან იყო. მისი ცხედარი პროზექტურაში ერთ-ერთმა მეგობარმა ამოიცნო.
გარდაცვლილებს შორისაა გიორგი გოგინაშვილი. „ამ გმირ ბიჭზე უნდა დავწერო გიორგი გოგინაშვილზე შოვის სტიქიის დროს თავად სამშვიდობოს გავიდა, მაგრამ ადამიანები ვერ დატოვა მარტო... ცოლი ხეზე აიყვანა და უკან შებრუნდა სხვების დასახმარებლად. ის სხვები გადაარჩინა დედა-შვილი და ერთი ქალბატონი, შემდეგ კი ცოლთან დაბრუნებულა ისევ. სწორედ ამ დროს ემსხვერპლა სტიქიას. წაუღია ის ხე მეწყერს, ყოველთვის ასეთ გმირებზე იდგა, ახლაც ასეთ გმირებზე დგას და მომავალშიც ასეთ გმირებზე იდგება საქართველო“,- წერს მოქალაქე.
შოვში ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირებისას გაირკვა რომ სტიქიამ 2 რუსთაველი იმსხვერპლა. გარდაცვლილი არის 18 წლის სამირა ისაევა და 60 წლის მარინა ხორბალაძე.
"დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. ზოგი ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია და ჭირს ამოცნობა. აქ პროზექტურაში ძალიან ბევრი ადამიანია და ცდილობენ რომ ყველა ცხედარი ამოიცნონ", - განაცხადა სამირას ძმამ, ისკანდერ ისაევამ.
ასევე იდენტიფიცირებულია რუსთავიდან, ქალის ცხედარი, ის მარინა ხორბალაძეა.
7 აგვისტოს დილის მონაცემებით, შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნია 18 დაღუპულის ცხედარი.
გარემოს ეროვნული სააგენტო შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზების შეფასების პირველად დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.
3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.