„ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო...“- პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ილია მეორე

თანამედროვე მსოფლიო ემშვიდობება ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ მონარქს, დიდებულ ელისაბედ II-ს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა გაერთიანებულ სამეფოს და თავისი ხალხისადმი თავდადებული მსახურებით არა მარტო მათი, არამედ საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა, - ამის შესახებ აღნიშნულია სამძიმრის წერილში, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მისი უდიდებულესობა ელისაბედ მეორის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და მისი სხვა სამეფოებისა და ტერიტორიების დედოფლის, გარდაცვალების გამო აქვეყნებს.

სამძიმრის ტექსტში პატრიარქი აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა ბედნიერება ელისაბედ მეორესთან ბუკინგემის სასახლეში პირადი შეხვედრისა, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

„ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს და მის ოჯახს, ვუსამძიმრებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფალთ და ბრიტანელ ხალხს, საერთოდ ყველას, ვისთვისაც მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედის, ხსოვნა ძვირფასია“, - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.