იცოდით, რომ ამ ფილმში 23 წლის თემურ წიკლაური თამაშობს? - მომღერალს 79 წელი შეუსრულდებოდა

temuri

თემურ წიკლაური 79 წლის გახდებოდა. ქართველებისთვის ძვირფასი არტისტი, ოთხი წლის წინ, კოვიდის მიერ გამოწვეულმა გართულებებმა იმსხვერპლა. 

ქეთევან წიკლაური ფეისბუქზე წერს, რომ მის იუთუბ არხზე ატვირთა ფილმი, რომელშიც ახალგაზრდა თემური თამაშობს. ბევრმა არც კი იცით, რომ ეს გუგული მგელაძის 1969 წლის ფილმია - "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", სადაც მომღერალი ნოდარის - ბელაფონტეს როლს ასრულებს. 

ფილმის გადაღებები უმეტესად სოხუმში მიმდინარეობდა, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე. სცენარის ავტორი ცნობილი კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტია. თემურ წიკლაური პარტნიორობას უწევს - დოდო აბაშიძეს (ალექსანდრე), ასევე გრიგოლ წიტაიშვილს (გერასიმე), თამაზ თოლორაიას (ბიძინა). ფილმში მონაწილეობენ მსახიობები - რუსუდან კიკნაძე (ტატა), ლეილა ყიფიანი (მარინე), ლალი მესხი (ლია), ნანული პირველი (გალინა).

გუგული მგელაძე: ნო­და­რის (ბე­ლა­ფონ­ტე) როლ­ზე სხვა მსა­ხი­ო­ბი მყავ­და შერ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ თე­მუ­რი რომ გავ­სინ­ჯე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, ახალ­ბე­და და ნი­ჭი­ე­რი იყო. სინ­ჯებ­ზეც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ითა­მა­შა...

ფილ­მს როცა ვი­ღებ­დი, ან­სამ­ბლ „ცი­ცი­ნა­თე­ლა­ში“ მღე­რო­და. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­და­ღე­ბებ­ზე არ უშ­ვებ­და, რად­გან მის გა­რე­შე იქ ვე­რა­ფერს აკე­თებ­დნენ. ან­სამ­ბლი თით­ქმის ერთი წელი უმოქ­მე­დოდ იყო. ამის გამო „ცი­ცი­ნა­თე­ლას“ ხელ­მძღვა­ნე­ლი ჩემ­ზე გულ­ნატ­კე­ნი გახ­ლდათ. ერთხელ მი­თხრა, - მა­ნა­ხეთ ეგ ფილ­მი, ღირ­და კი, ერთი წელი რომ გაგ­ვა­ჩე­რე­თო? რომ ნახა, თქვა - ღირ­დაო,“ - ამ­ბობ­და რე­ჟი­სო­რი, რო­დე­საც მას ამ თე­მა­ზე ეკი­თხე­ბოდ­ნენ.

"მამას დაბადების დღეს უკვე მე-4 წელიწადია მის გარეშე ვხვდებით. 2025 წლის 22 იანვარს მას შეუსრულდებოდა 79 წელი და ამ დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტე ჩემს იუთუბზე ამეტვირთა მხატვრული ფილმი "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", სადაც ახალგაზრდა მამა თამაშობს.  
ბევრმა ალბათ არ იცით, რომ ამ ყველასათვის საყვარელ ფილმში, 23 წლის თემურ წიკლაური ბელაფონტეს როლშია. 
გთავაზობთ ამ სურათს, ისიამოვნეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თემური და სხვა ჩვენი საყვარელი და საამაყო მსახიობები" - წერს ქეთი წიკლაური სოციალური ქსელში. 

***

მერე იყო "ივერია" და აღიარება, ხალხის სიყვარული და სიმღერაში გავლილი ცხოვრება... ცხოვრება, რომელიც სულაც არ იყო ია-ვარდითა და ლხენით სავსე...

მომღერალს 1983 წელს თავს ტრაგედია დაატყდა - მისი 6 წლის ვაჟი, გიორგი წიკლაური ხარებას გარდაიცვალა. მომღერალს მიაჩნდა, რომ ეს უფლისგან მოვლენილი განსაცდელი იყო, რომელიც მძიმედ, მაგრამ მაინც გადაიტანა:

“ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და გიორგის დასაფლავების შემდეგ, დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა… ეს შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც” – ამბობდა მომღერალი.

გიორგის ფილტვების ანთება დაემართა, გაურთულდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს იყო. საოცარია, მაგრამ წლების შემდეგ, ბიჭუნას 75 წლის მამის გარდაცვალების მიზეზიც - ფილტვები აღმოჩნდა, კოვიდ-19-გან დაზიანებული ფილტვები…

აი, რას ამბობდა თავად თემური ერთ-ერთ ინტერვიუში…

თემურ წიკლაური: – შვილის სიკვდილის შემდეგ მი­სი სუ­ლის ძებ­ნა და­ვიწ­ყე. ყველ­გან ვე­ძებ­დი – დე­და­მი­წა­ზე მო­ცე­მულ ყვე­ლა ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და რე­ლი­გი­ა­ში. წა­ვი­კით­ხე ყვე­ლა­ფე­რი: ბუ­დიზ­მი, და­ო­იზ­მი, მუს­ლი­მა­ნუ­რი რე­ლი­გი­ის სა­ფუძ­ვლე­ბი. ისევ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან მო­ვე­დი. მხო­ლოდ აქ დავ­მშვიდ­დი… მივ­ხვდი, უფალ­მა ჩე­მი შვი­ლის წას­ვლით, უფ­რო დი­დი რა­ღა­ცის­თვის მო­მამ­ზა­და… ღმერთს აქვს ნათქვამი – „გსჯი, რამეთუ მიყვარხარ“… აქ ჩანს, თუ როგორ აიტანს ადამიანი იმ ტკივილს, რასაც ცხოვრება მოუვლენს. ტკივილის გარეშე არ არის ადამიანი, ჩვენ დედამიწაზე დროის სატარებლად არ მოვსულვართ. სულიერი წვრთნისთვის მოვედით და არა მხოლოდ ქეიფისთვის და ტაშ-ფანდურისთვის…

იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სი­ჩუ­მის პე­რი­ო­დი. სამ­ყა­რო ჩუ­მია ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში. ის რომ ლა­პა­რა­კობს, მღე­რის, ხმა­უ­რობს, სი­ცოც­ხლის გა­მოა ყვე­ლა­ფე­რი… მა­შინ მივ­ხვდი, ბრძო­ლაა სა­ჭი­რო მა­ში­ნაც კი, სიკ­ვდი­ლი რომ მო­ვა, ჩა­ბა­რე­ბა არ არის სა­ჭი­რო, ხმლით უნ­და გა­ე­გე­ბო…

თემურ წიკლაურის ხმალი მისი სიმღერა იყო. მომღერალი ისევ სიმღერამ, სცენამ და მაყურებლის სიყვარულმა გადაარჩინა.

ქეთი წიკლაურმა სამი წლის წინ, “პრაიმტაიმისთვის” მოცემულ ინტერვიუში, ოჯახის ტრაგედიაზე ისაუბრა.

ქეთი წიკლაური: – მე ჩემს ძმაზე უფროსი ვარ და ჩვენი ოჯახის ტრაგედია კარგად მახსოვს. იცით… რაც დრო გავიდა და ადამიანების ტრაგედიები და ჭირისუფლების რეაქციები ვნახე, დავრწმუნდი, რაოდენ საპატივცემულონი არიან ჩემი მშობლები. მათ თავიანთი ტრაგედია, უმაღლეს ადამიანურ დონეზე გადაიტანეს. მე მინახავს ასეთი ტრაგედიების დროს როგორ სპეკულირებენ ამ თემით, მანიპულირებენ, აქვთ ზერელე პათოსი. ვინ როგორ რეაგირებს ტრაგედიაზე, ეს იმ პიროვნებაზე მეტყველებს.

ეს ტკივილი არასდროს შუშდება. თუმცა თემურს და ლილის თავს არავისთვის მოუხვევიათ თავიანთი ტკივილი. ისე მოხდა, რომ მაინც გადარჩნენ, ადამიანობა შეინარჩუნეს. პიროვნული თამასა არ დაუწევიათ. სისუფთავე და სიძლიერე შეინარჩუნეს.

1983 წელი იყო, ფილარმონიაში „არგონავტების“ კონცერტები იმართებოდა და ცოტა ხნით, ჩვენი ოჯახის ტრაგედიის გამო მოუხდათ შეჩერება. მაშინ პატრიარქი შეხვდა დედას და მამას… მათ ისეთი სასოწარკვეთა ექნებოდათ, სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც კი არ სურდათ. უწმინდესი ესაუბრა… მერე ანსამბლმაც თხოვა და ჩემი ძმის 40-ის შემდეგ, მამა ისევ გამოვიდა სცენაზე… შვილმკვდარს კი არ ემღერებოდა, მაგრამ თავისი კოლეგების მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა. ეს გმირობაც იყო მისი მხრიდან; ვერც მღეროდა, ჩერდებოდა და ტიროდა. დარბაზი ფეხზე იდგა, ხელში სანთლებანთებული…