დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღევანდელ სამყაროში, სადაც ბუნებაც და ადამიანიც აღარ არის ძველებური და თითქოს რესურსს წურავს, ღმერთთან ახლოს ყოფნის საჭიროება ისე დადგა, როგორც არასდროს, ასე მგონია. გულით და გონებით ჩვენს შემოქმედთან მყოფობა, გამუდმებით შეგვიძლია. ლოცვა კი ღმერთთან ურთიერთობის პირდაპირი გზაა...
წმინდა მამები თავის სიბრძნეს და სულიწმინდის მადლით მიღებულ ცოდნებს გვიზიარებენ. ჩვენი თანამედროვე ბერი პაისი, გვეუბნება, რომ ლოცვით - "დიდება შენდა, ღმერთო", ფიზიკური და სულიერი ტკივილების გაყუჩება შეიძლება.
ანგელოზების მხატვარი მედეა კეიდია "პრაიმტაიმის" მკითხველს, ლოცვასთან დაკავშირებულ თავის ისტორიას უყვება...
მედეა კეიდია: ლოცვაზე დიდი არაფერიაო, რომ მესმოდა, მიკვირდა. ვერ ვიაზრებდი ლოცვის ძალის სიდიადეს. ახალგაზრდა რომ ვიყავი, ვფიქრობდი - დაწერილი ლოცვების კითხვა რა არის, როცა მე ჩემი სიტყვებით შემიძლია ლოცვა-მეთქი; ამპარტავნებით აღვსილი ვამბობდი. მაგრამ ნელ-ნელა ვიზრდებით რწმენაში და როცა ფაქტის წინაშე დგები და ამ ძალას გამოცდი, მიხვდები, რომ ყველაფრის ძალა ლოცვაშია. ლოცვა უფალთან ურთიერთობაა და როცა უფალთან ურთიერთობ, სხვა რა გინდა?
მოგიყვებით ჩემს მიდგომებს სამ ლოცვასთან დაკავშირებით.
"მამაო ჩვენოს" უწყვეტად ვამბობდი. ნამდვილად იყო მომენტი, სიკვდილის პირას ვიყავი და "მამაო ჩვენო" ვთქვი, გაუჩერებლად, გულში და აბსოლუტურად გამომიყვანა ფიზიკური უძლურებისგან. მწოლიარე გადავრჩი, თითქოს ჩემ თავს ვკარი ხელი და გადავარჩინე.
მოგიყვებით ერთ შემთხვევას. 90-იანი წლებია. ახალი თეთრი ზაპოროჟეცი გვყავდა. რიკოთის უღელტეხილზე ვართ და ჩვენს საპირისპიროდ მოდის მანქანა, რომელსაც საბურავი მოსძვრა, მაგრამ მძღოლმა არ იცის; უფსკრულის პირას ვართ. ვერც ვასწრებთ ვანიშნოთ. მოკლედ, იმ ავტმობილმა კურსი დაკარგა. გვეჯახება. თურმე ქალები ინსტიქტურად, მოსალოდნელი ავარიის დროს, სახეს ხელებით იფარავენ და მუხლებ ქვეშ მალავენ. მე წინ ვზივარ, ხელებით თავი გავიმაგრე და უფალს შევთხოვ: უფალო, როგორც შენი ნებაა, დაე, ისე მოხდეს. შენ ხომ ჩემთან ხარ. ის ავტომობილი დაგვეჯახა ჩემ მხარეს. ჩაიმსხვრა მინები, დამეჭრა სახე, სისხლი მომდის. ღვთის წყალობით, უფსკრულში არ გადავვარდნილვართ. შეჯახებით ორივე მანქანა გაჩერდა. გადავრჩით. მე რომ "მამაო ჩვენოს" ძალა არ მერწმუნა, ამ ლოცვაში ასე შესისხლხორცებული არ ვყოფილიყავი და თავი ინსტიქტურად ჩამეხარა მუხლებში, გავიჭყლიტებოდი და ჩემგან არაფერი დარჩებოდა.
- მე ახლა აჩემებულად ხშირად ვიმეორებ "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ..."
- ძალიან კარგი. სანთელიც აანთე. მაგ ლოცვას პატრიარქის კურთხევით ვამბობთ. მერე ჩემს ცხოვრებაში წამოვიდა მეორე ლოცვა, რომელსაც იესოს ლოცვა ჰქვია. "უფალო იესო, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". უძლიერესი ლოცვაა. აღიარებ, რომ უფალია იესო, აღიარებ, რომ ცოდვილი ხარ. და ითხოვ წყალობას. ამ ერთ პატარა წინადადებაში აზრობრივად ყველაფერია ჩადებული. და მესამე - უკვე რა ხანია გადავედი ორ სიტყვიან ლოცვაზე, რომელსაც დიდი ძალა აქვს. ეს ლოცვა "დიდება უფალო" - "დიდება შენდა, ღმერთო" უძლიერესია.
მივხვდი, რომ ეს ლოცვა უფრო ძლიერია, რადგან არაფერს სთხოვ, მის სიყვარულს აღიარებ და ადიდებ. მას ეს არ სჭირდება, ისედაც დიდებულია, ყოვლისშემძლეა. მაგრამ ჩვენგან, მისი შექმნილისგან ეს აღიარება სიამოვნებს.
ჯერ მეგობართან რომ საუბრობ და ენერგიებს ცვლით, რამხელა ძალაა და ახლა უფალთან რომ ცვლი ენერგიას! წარმოიდგინეთ, იმ ქაოსში რაც დღეს გარეთაა, ან შიგნით, სახლში, როგორ თავისუფლდები ამ მიწიერი "პრობლემებისგან".
იცით, რაში მდგომარეობს ჩემი სიხარული? მე რომ ჩემით მივალ დასკვნამდე, ლოცვის ძალა უკვე გამოცდილი მაქვს და შემდეგ წმინდა მამების ნააზრევიც დასტურად რომ ამოვარდება სოციალურ ქსელში, ვბედნიერდები.
ასე რომ, ავტომატურ რეჟიმში სულ იმეორეთ "დიდება უფალს". დილით ამ პატარა ლოცვით გაიღვიძეთ. სულ იმეორეთ და ისე გაჯდება ის თქვენში, რომ გაღვიძებული არ იქნებით, გულში რომ იტრიალებს. ამაში გაღვიძება იმხელა სიხარული და მადლია, სხვა არაფერია მსგავსი... წირვაზე მყოფი ხომ მადლით მოვდივარ, მაგრამ ეს ლოცვა სიხარულით და მადლით მავსებს. ასე უფლის ნავში ზიხარ.
,,ძლიერი გამოსხივების და სულიერების ადგილია..." - რას უკავშირებს უფოლოგი სტიქიებს და კატაკლიზმებს