1738354266
„ცნობილი ქართული რესტორანი კამბოჯაში“ - როგორ დაიწყო წარმატებული ბიზნესი სიემ რიპიში, ქართველმა ქალმა
ახალი ამბავი არ არის, რომ კაბმბოჯაში უამრავი საინტერესო და სანახაობრივ ადგილის აღმოჩენა შეგიძლიათ, თუმცა ბევრმა ქართველმა არ იცის, რომ კამბოჯის ერთ - ერთი ტურისტული ქალაქ სიემ რიპში ქართული რესტორანია, რომელმაც თავის გემრიელი და ტრადიციული კერძებით პოპულარულობა მალევე მოიპოვა.
დღეს ამ ქართული კუთხის სტუმრები არიან როგორც ადგილობრივები და ტურისტები, ასევე თითქმის ყველა უცხო ქვეყნის დიპლომატიური თუ ბიზნესის წარმომადგენლები.
რესტორნის დამფუძნებლის, ირმა ჭითანავას თქმით, კომპანიის დარეგისტრირებიდან სულ რაღაც ოთხ თვეში რესტორანმა პირველი სტუმარი მიიღო.
„სიემ რიპი, ქალაქი, რომელშიც უკვე წლებია ვცხოვრობთ, წარმოადგენს ცნობილ ტურისტულ ადგილს, თავისი უძველესი ბუდისტური ტაძრებითა და სხვა სანახაობებით. აქ ნახავთ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სამზარეულოს და თავის მხრივ - კულტურასაც. ყველაფერი ქართული, ამ კუთხით, უცხო იყო სიემ რიპისთვის და ამავდროულად, მე მქონდა გარკვეული გამოცდილება ამ სფეროში. შესაბამისად, გაგვიჩნდა ქართული რესტორნის გახსნის იდეაც.
იდეას მოჰყვა ჩვენი დიდი შემართება და კომპანიის დარეგისტრირებიდან სულ რაღაც ოთხ თვეში მივიღეთ პირველი სტუმარი. შედეგმაც არ დააყოვნა და პოპულარობა მომენტალურად მოვიპოვეთ. მზარეულად ჩემი ბიცოლა შემოვიერთეთ. მას არაჩვეულებრივი ხელი აქვს და სტუმრებიც ხშირად გამოთქვამენ მისთვის მადლობის პირადად გადახდის სურვილს. დღეს ჩვენი კლიენტები არიან როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივები და თითქმის ყველა უცხო ქვეყნის დიპლომატიური თუ ბიზნესის წარმომადგენლები.
კოვიდ პანდემიამ, რა თქმა უნდა, ჩვენზეც იქონია უარყოფითი გავლენა, თუმცა მოვახერხეთ, ასე ვთქვათ, ზედაპირზე ყოფნა. ახლა შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ დღითი დღე უმჯობესდება და იმედი გვაქვს, რომ სიემ რიპიც თავის ძველ რიტმში ჩადგება“, - ამბობს ირმა ჭითანავა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.
ირმა ამბობს, რომ მისი მეუღლე სხვადასხვა ჰუმანიტარულ განაღმვით მისიებში მონაწილეობს, ხოლო 2015 წელს კამბოჯაში გაგზავნეს, რის გამოც ოჯახმა რამდენიმე წლით საზღვარგარეთ ცხოვრების გადაწყვეტილება მიიღო.
„ქართული ოჯახი ვართ. მეუღლე 2008 წლიდან მუშაობს ჰუმანიტარულ განაღმვით მისიებში. რამდენიმე წელი საქართველოში გაატარა ამ მიმართულებით. შემდგომ საზღვრებს გარეთ გააგრძელა - ორი წელი სომალიში, რამდენიმე თვე ავღანეთში იყო. 2015 წელს კი კამბოჯაში გაგზავნეს, ერთ-ერთ მრავალწლიან პროგრამაში. ოჯახმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული დროით გადავბარგებულიყავით კამბოჯაში.
ჩვენი სამი შვილი აქ საერთაშორისო სკოლაში სწავლობს. განათლების შემდგომ ეტაპს ალბათ საქართველოში ან ევროპის სხვა ქვეყანაში გაივლიან“, - ამბობს ირმა.
მისივე თქმით, სამომავლოდ ბიზნესის გაფართოებას გეგმავს, მათ შორის, ფილიალის საქართველოში გახსნაზეც ფიქრობს.
„ახლო მომავალში ვგეგმავთ გავიხსნათ დედაქალაქშიც და შემდგომ აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებშიც. თუ ბიზნესი ისე განვითარდა როგორც ჩვენ ვიმედოვნებთ, საბოლოოდ გადმოვბარგდებით საქართველოში და რესტორანს ვმართავთ დისტანციურად და ასევე, ხშირი ვიზიტებით“, - ამბობს ირმა ჭითანავა „პრაიმ ტაიმთან“ საუბარში.