„ტელეფონიც ავია რეჟიმზე იყო გადაყვანილი, ეს დაგეგმილს ჰგავს…“ – ბათუმში დაკარგული 14 წლის მოზარდის ოჯახის ადვოკატი

14 წლის ბიჭი

 ბათუმში დაკარგული 14 წლის მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის ადვოკატი პაატა შავაძე ამბობს, რომ მოზარდის გაუჩინარების გარშემო ბევრი კითხვის ნიშანია – ამის შესახებ ადვოკატმა „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.

გამოცემის კითხვაზე „მშობლები ჩვენთან საუბარში ამბობდნენ, ბავშვმა დატოვა ჩანთა, ტელეფონი, ქურთუკი, ვიდეო ჩანაწერებიდან სხვა რაიმე ხელჩასაჭიდი იკვეთება თუ არა“, ადვოკატი პასუხობს, რომ საქმის გარშემო ბევრი კითხვის ნიშანია, ამიტომ ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს:

 „ეს არ ვიცით, ბავშვმა დატოვა თუ არა, სხვა ვერსიებიც გვაქვს, შეიძლება სხვამ დატოვა და ვიღაც რაღაც სცენარის გათამაშებას აკეთებს. არ ვიცით, ალექსანდრე რა გარემო პირობებშია ახლა, შეიძლება თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც აქვს ადგილი. კამერებში ჩანს, რომ ყოფილი შაუმიანის კვეთიდან მიემართება ზღვის ნაპირისკენ, მაგრამ ადგილზე მისვლა, ნივთების დალაგება არ ჩანს კამერებში. ისე საეჭვოდ დაკეცილია და დადებულია, ტელეფონიც ავია რეჟიმზე იყო გადაყვანილი, ეს დაგეგმილს ჰგავს, კითხვებს აჩენს, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს“ – ამბობს ადვოკატი „კვირის პალიტრასთან“.