"ციხის პერიოდში დაადგა მორწმუნის ცხოვრებას. მეუბნებოდა: ლოცვის დროს, ჩემ თვალწინ, ასოები ისე დიდდება, სათვალე აღარ მჭირდებაო" - დედა ქეთევანის ისტორია

deda qetevani

დღეს ქეთევანობაა და დედა ქეთევანი გამახსენდა, რომელსაც საერო ცხოვრებაში ნორა კვიციანის სახელით ვიცნობდით; 

დედა ქეთევანი მონაზვნად გასული წლის 19 აგვისტოს აღიკვეცა, მდუმარებაში 40 დღე გაატარა, ბევრი ილოცა, უკურნებელი სენი ტკივილით ახსენებდა თავს... 12 დეკემბერს გარდაიცვალა.

"ნორა დეიდაზე" ისტორიებს "პრაიმტაიმთან" აფხაზეთის ომის ვეტერანი, ირაკლი ლომიძე იხსენებს.

ირაკლი ლომიძე: - ნორა დეიდას კოდორის ხეობიდან ვიცნობ. აფხაზეთის ომში, "ომი და მშვიდობის" თავმჯდომარე ვიყავი. სხვათა შორის, კოდორის ხეობა ისეთი მადლიანი მხარეა, ჩემი მეგობარი და აფხაზეთის ომის თანამებრძოლი, კოტე ფერაძე, ცხრა წელია სასულიერო პირია, ბერ-მონაზონი ილია.

კოდორის ხეობას რომ დავხმარებოდით, გავაკეთეთ ფონდი და სპორტის სასახლეში გრანდიოზული კონცერტი გავმართეთ. ლევან მამალაძეს ვთხოვე, ემზარ კვიციანს დამაკავშირე-მეთქი. ყური მქონდა მოკრული, კოდორის ხეობაში არეულობა იწყებოდა. ლევანმა დაურეკა ემზარს, ჩემი მეგობრები ტვირთს წამოიღებენ კოდორის ხეობისთვისო. ჩავედით და იმ დროს დავახლოვდით. თორემ ემზარს ოჩამჩირედან ვიცნობდი.

სვანები დიდი ზარ-ზეიმით დაგვხვდნენ, სვანები თბილი ხალხია. კოდორელები ძალიან მიყვარს.

ნორა დეიდას "დედის" ვეძახდი. ის თავის ვაჟთან ბაჩო არღვლიანთან და ბატალიონ "მონადირის" შტაბის უფროსთან, ზურა გერლიანთან ერთად დაგვხვდა. სახლში მათთან ერთი კვირა დავრჩით. ისე მიგვიღეს და ჩაგვიხუტეს, თითქოს საკუთარ სახლში ვიყავით.

საუკეთესო ადამიანი იყო. ჯერ კიდევ სანამ რწმენაში ჩავარდებოდა, ცარიელი სული და გული იყო. ფქვილი იყო თუ სასმელ-საჭმელი, ყველა ოჯახზე ზუსტად ანაწილებდა. კოდორის ხეობა თავის თავს ინახავდა, ოჯახებში მზადდებოდა პური, თაფლი, ყველი. მაგრამ კარტოფილი, ფქვილი თუ სხვა საჭირო პროდუქტი უნდა შესულიყო. კოდორელებს ცალ ხელში თოხი რომ ეჭირათ, მეორეში იარაღი ჰქონდათ მომარჯვებული, რომ საკუთარი ხეობა დაეცვათ. ეს მხარე იმ დროს საქართველოს ნამუსი იყო. აფხაზები ვერ შედიოდნენ ხეობაში. ისეთი "დუხით" იყვნენ კოდორელები, როგორც საკუთარი სახლის დაცვისას. ეს სულ სხვა რამეა.

სიკეთის მეტი ნორა დეიდასგან არაფერი მახსოვს. მაგარ კუბდარს გვიკეთებდა. ღამე, როგორც შვილებს, ისე დაგვხედავდა, საბანს გვისწორებდა.

ქალები ჩვენთან ერთად ომობდნენ. ბავშვებს დააძინებდნენ და ღამღამობით ქმრებს ცვლიდნენ პოსტებზე. ჩვენ რომ ჩვენი წინაპრებით ვამაყობთ, დედაკაცი ქმარს ეხიდებოდაო, ზუსტად ეგეთი სიტუაცია იყო იქ. ახლაც ტანში ჟრუანტელი მივლის.

მახსოვს, მისი დედობრივი სითბო. სპეტაკი ქალი, რომელსაც ქმარი დიდი ხნის გარდაცვლილი ჰყავდა და შვილები თვითონ გაზარდა ჭირში და ომში.

მე მონასტერში ვცხოვრობდი ხუთი წელიწადი და როცა ის ციხეში იჯდა (ნორა კვიციანმა ციხეში ექვსი წელი გაატარა), მახსოვს, იმ პერიოდის საუბრების დროს მეუბნებოდა: ირაკლი, ლოცვის დროს სათვალეს აღარ ვიკეთებ. გონებაში ისე შემოდის და ჩემ თვალწინ ასოები ისე დიდდება, სათვალე აღარ მჭირდებაო. ციხის პერიოდში დაადგა მორწმუნის ცხოვრებას. თუმცა მანამდეც იცავდა ჩვენი სარწმუნოების წესებს.

მამა გიორგი გურჩიანი დადიოდა მასთან ციხეში...

რწმენა ნელა რომ შემოდის, უფრო ღრმავდება, ნორა დეიდა კი ის ნიადაგი იყო, სადაც კეთილი მარცვალი მოხვდა და აღმოცენდა.

მისი უწმინდესობა შებრძანდა მასთან ციხეში და თავისი პალტო და საბანი უჩუქებია მისთვის. მერე მე მიყვებოდა, ადამიანები ნატრობენ, მიეკარონ და შეეხონ პატრიარქს, მან კი, წარმოიდგინე, თავისი შესამოსელიც კი მე მომცაო. შენ მოგიტანეო, უწმინდესმა მითხრაო.

ციხეში დაავადმყოფდა...

ერთმანეთს ლოცვებში რომ ვიხსენიებდით, ისე დალაგდა ყველაფერი, ღვთის წყალობით... ჯერ მამა ილია, ახლა - დედა ქეთევანი...

მე ვიცოდი, რომ ნორა დეიდა ამ ნაბიჯს გადადგამდა. ის იმდენად წინ იყო რწმენაში გასული, ერთი ნაბიჯი აკლდა მონაზვნობამდე.

მისი ლოცვა ყველას შეგვეწევა. დედა ქეთევანი მხოლოდ თავისი თავისთვის არ ლოცულობდა. გულში ბავშვობიდან საქართველოს სიყვარული ჰქონდა. მის ლოცვას უფალი შეისმენს. რასაც შენი სამშობლოსთვის გაიღებ და იბრძვი, უფალიც მით მეტად გეწევა.

მონაზვნობის დროს ვერ მოვახერხე მისი ნახვა. ვაპირებდით მისვლას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით ხელი შეგვეშალა.

თავის შვილზე, ერთი კი თქვა, ნეტა, ბაჩოს ნახვას მოვასწრებო? ბაჩო აფხაზეთშია. დედა ქეთევანის დაკრძალვის დღეს, კოდორში, დედის სულის მოსახსენებლად სუფრა გაშალა;

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ეს სიმპათიური ბიჭი, ჩემი არასდროს იქნება და სასიკვდილოდ ვერ გავიმეტე, დავჭერიო..." - ირაკლი ამირეჯიბი 60 წლის გახდებოდა

"ბოლომდე არც ვიცოდი, გამოვიდოდა თუ არა..." - რა მოამზადა, 100 წლის საიუბილეოდ, გოგი გეგეჭკორისა და ნათელა ურუშაძის შვილიშვილმა

"ცოტნე 14 წლის გახდა და პროფესიული კუთხით, თავისი მოთხოვნები გაუჩნდა" - რა მოთხოვნები და სასიხარულო ამბები აქვს ვუნდერკინდ მუსიკოსს

"მამას საფლავზე მისულს, ხშირად მხვდება დანთებული სანთელი; ვერასდროს შევესწარი, ვინ ანთებს; მესაფლავეებს ვკითხე და გაირკვა..." - საოცარი ისტორია დოდო აბაშიძეზე