„სახლში ნახეს გარდაცვლილი...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1779479477
„ხანდახან ადამიანი აკეთებს ყველაფერს „სწორად“ — ცოტას ჭამს, ბევრს მოძრაობს, მაგრამ წონა არ იკლებს ან მალევე ბრუნდება უკან,“ — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი-დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა წერს.
სპეციალისტი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ პრობლემაზე საუბრობს და განმარტავს, რომ წონის კორექცია მხოლოდ კალორიების შემცირება ან საკუთარი თავის შიმშილით დასჯა არ არის.
მისი თქმით, ხშირად ორგანიზმი სხვადასხვა ბიოლოგიური და ჰორმონული ფაქტორის გამო იმ რეჟიმში მუშაობს, რომელიც წონის კლებას აფერხებს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ჯანსაღად იკვებება და ფიზიკურად აქტიურია.
ნატა გაგუა აღნიშნავს, რომ წონის მართვა საკუთარ თავთან ბრძოლას არ ნიშნავს. როგორც დიეტოლოგი განმარტავს, მთავარი ორგანიზმის ბიოლოგიური პროცესების სწორად გააზრებაა.
„წონის კორექცია არ არის ბრძოლა საკუთარ თავთან ან სხეულის დასჯა შიმშილით — ეს არის მისი ბიოლოგიური წესების სწორად წაკითხვა. როცა ეს წესები სწორად იკითხება, სხეული იწყებს თანამშრომლობას და არა წინააღმდეგობას,“ — წერს ნატა გაგუა.
სპეციალისტის თქმით, სწორედ ამიტომ, შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა, სწორი კვების რეჟიმი, ძილის ხარისხი, ჰორმონული ბალანსი და სტრესის მართვაც.
„რატომ არ იკლებს წონა მაშინაც კი, როცა „ყველაფერს სწორად აკეთებ“
არაფერია იმაზე სევდიანი, როცა იტანჯები შიმშილით, არ ტოვებ ვარჯიშს, სასწორი კი ჯიუტად ერთსა და იმავე ციფრს აჩვენებს. ნაცნობია?
ხანდახან ადამიანი აკეთებს ყველაფერს „სწორად“ - და მაინც შედეგი არ არის: ცოტას ჭამს, ბევრს მოძრაობს, მაგრამ წონა არ იკლებს ან მალევე ბრუნდება უკან.
პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ: პრობლემა ხშირად ნებისყოფა არ არის. ორგანიზმი არ არის მარტივი კალკულატორი, ის ღია, რთული, სისტემაა.
1. პრობლემა არ არის „რამდენს ჭამ“ - არამედ როგორ რეაგირებს სხეული
ხშირი წარმოდგენაა: „რაც ნაკლებს ვჭამ, მით უფრო სწრაფად დავიკლებ.“ მაგრამ სხეული ასე არ მუშაობს. თუ დეფიციტი ძალიან მკაცრია, ორგანიზმი რთავს ადაპტაციურ თერმოგენეზს (ეკონომ რეჟიმს):
მცირდება ბაზალური ენერგიის ხარჯვა (ორგანიზმი ზოგავს ენერგიას თმის, ფრჩხილების, სითბოს რეგულაციის ხარჯზე).
იზრდება შიმშილის სიგნალები და ჩნდება კომპენსაციის ეფექტი.
შედეგი: წონა გაყინულია ან იწყება კილოგრამების უკან დაბრუნება.
2. თეფშის სტრუქტურა - არა დიეტა, არამედ ბიოლოგიური სტაბილიზაცია
წონის კლება პირველ რიგში ჰორმონალური ბალანსია და არა კალორიების დევნა. თეფშის მარტივი მოდელი:
1/2 ბოსტნეული | 1/4 ცილა | 1/4 რთული ნახშირწყლები
ეს არ არის უბრალოდ „მენიუ“. ეს არის ინსტრუმენტი, რათა გლუკოზის დონე იყოს სტაბილური, თავიდან ავირიდოთ ინსულინის მკვეთრი ნახტომები და დანაყრების სიგნალი ტვინამდე დროულად მივიდეს.
3. წონის კლებისთვის არ არის აუცილებელი სპორტული დარბაზი
ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომაა ფიქრი, რომ შედეგს მხოლოდ ინტენსიური ვარჯიში განსაზღვრავს. რეალურად, ბევრად მნიშვნელოვანია NEAT (ყოველდღიური ფონური აქტივობა): ყოველდღიური სიარული, კიბეზე ასვლა და მცირე, მაგრამ მუდმივი მოძრაობა დღის განმავლობაში.
ხშირად ეს ფონური აქტივობა ბევრად უფრო ეფექტურია მეტაბოლიზმისთვის, ვიდრე კვირაში ორჯერ იძულებითი, “მძიმე” ვარჯიში.
4. ძილი და სტრესი - ფარული ჰორმონალური კონტროლი
აქ არის წერტილი, სადაც ბევრი აგებს ბრძოლას. როცა ძილი ირღვევა ან ადამიანი ქრონიკულ სტრესშია (თუნდაც მუდმივი დიეტის გამო), იზრდება კორტიზოლის დონე. კორტიზოლი კი:
ამუხრუჭებს ლიპოლიზს (ცხიმის დაშლას).
ორგანიზმს აიძულებს შეინახოს რეზერვები მუცლის არეში.
მკვეთრად ზრდის სწრაფი ენერგიის (ტკბილი) მოთხოვნას.
ზოგჯერ პრობლემა იწყება არა თეფშიდან, არამედ ძილის რეჟიმიდან და ნერვული სისტემის გადაღლიდან.
5. როცა ყველაფერი „სწორია“, მაგრამ შედეგი მაინც არ არის.
თუ ქცევა იდეალურია, მაგრამ სხეული მაინც არ რეაგირებს, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა ლაბორატორიული შემოწმება:
ფარისებრი ჯირკვალი (TSH, fT4 — ხშირად პრობლემა „ოპტიმალურ“ და არა მხოლოდ ლაბორატორიულ ნორმებშია).
ნახშირწყლოვანი ცვლა (გლუკოზა / HbA1c / ინსულინრეზისტენტობა).
ლიპიდური პროფილი და ღვიძლის ფუნქციური მარკერები.
მიზანი: არა კიდევ ერთი მკაცრი დიეტა - არამედ რეალური მიზეზის პოვნა.
წონის კორექცია არ არის ბრძოლა საკუთარ თავთან ან სხეულის დასჯა შიმშილით. ეს არის მისი ბიოლოგიური წესების სწორად წაკითხვა. როცა წესები სწორად იკითხება - სხეული იწყებს თანამშრომლობას და არა წინააღმდეგობას.