სოციალურ მუშაკთა გაერთიანება განცხადებას ავრცელებს

გაფიცვა

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება - გაფიცვის ფარგლებში მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან დღეს აქცია გამართეს. მოთხოვნები უცვლელია, გაფიცულები სახელფასო ანაზღაურების 100%-ით გაზრდას და უკეთეს სამუშაო პირობებს ითხოვენ.

პროტესტს სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი მიმართავს, მათ თებერვლიდან ხელფასების 60%-იანი მომატების შესახებ დამსაქმებლის წინადადება არ მიიღეს.

ამასთან, სოციალურ მუშაკთა გაერთიანება განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ გაფიცულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები - სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები და სოციალური აგენტები. უშუალოდ სოციალური მუშაკები კი არ გაფიცულან.

„დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის, მაგრამ ჩვენ სოციალური მუშაკები არ გავფიცულვართ! გაფიცულია სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები - სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები და სოციალური აგენტები. ჩვენი მხარდაჭერა მათ და ყველას მოგიწოდებთ ამ დასაქმებულების მხარდაჭერისაკენ. ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი და ამის მაგალითია, რომ დღეს საქართველოში სოციალური მუშაკის მინიმალური ხელფასი 1200 ლარია!“,- ნათქვამია განცხადებაში.