როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ამინდი

13-დან 17 იანვრამდე საქართველოში ამინდის არახელსაყრელი პირობები შენარჩუნდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 15-18 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

„შენარჩუნდება დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.