"როგორ ველოდი, რომ ჩემს პორტრეტს დაბეჭდავდი-მეთქი, ვეტყვი. ეწყინება, ინერვიულებს!" - რას გეგმავს დის ფოტოგამოფენაზე გია ჯაჯანიძე

jajanidzeebi

13 ივლისს კაფე-სალონში - "დარაბებს მიღმა" ნინო ჯაჯანიძის პირველი პერსონალური გამოფენა იხსნება. დამთვალიერებელს ფოტოხელოვანის 21 ფოტო დახვდება. გამოფენა სამ დღეს გასტანს.

ნინო გია ჯაჯანიძის უმცროსი დაა. "ჯაჯო" "პრაიმტაიმს" ოჯახსა და ნინოზე უყვება და სიყვარულით დასძენს, რომ იუმორით სავსე, კისკისა და, მას ძალიან ჰგავს.

გია ჯაჯანიძე: სამი და-ძმა ვართ. მე უფროსი ვარ, შემდეგ დავითია, ნინო - ნაბოლარაა. დედის დამსახურებით, არანორმალურად კარგი და-ძმობა გვაქვს. იდეალური. უცხოეთში ჯერ და-ძმისთვის ვარჩევ საჩუქარს და მერე შვილებისთვის. მერე არის სხვა დანარჩენი... დედა მაფრთხილებს, არაფერი ჩამოვუტანო მათ, მიზეზი რომ ვიკითხე - რატომ უნდა დაიხარჯოსო? - არის პასუხი.

ძმას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, დას მეუღლე და სამი ქალიშვილი. ჩემი ძმა დაცვის თანამშრომელია, წოდებით - კაპიტანი. რისი გაკეთება აღარ შეუძლია. ტექნიკას საუკეთესოდ ფლობს.

ჩემი და პროფესიით მოცეკვავეა; ფოტოების გადაღება კი ყოველთვის ძალიან უყვარდა.

მამას ძალიან სურდა კინომექანიკოსობა; ფილმების სიყვარულით, ის მართლაც კინომექანიკოსი გამოვიდა. და უთვალავი ფილმი აქვს ნანახი. იღებდა ფოტოებს და მოწიფულ ასაკში, მუშაობდა მძღოლად. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის ავტობუსზე იჯდა და მსახიობებს დაატარებდა. 

ჩვენ მამაჩვენის ფოტო აპარატით დავიწყეთ ფოტოების გადაღება. ფირს ვამჟღავნებდით და ვიყავით გართული.

ერთხელაც ფოტოხელოვნებით გატაცებულ დას ვაჩუქე ფოტოაპარატი. ერთ დღეს სურათები გამომიგზავნა, შენი ნაჩუქარი ფოტოაპარატით გადავიღეო. მომეწონა. ეს საქმე ჯერ ჰობად ექცა, მერე  უკვე პროფესიონალი ფოტოხელოვანი დადგა. დღეს იღებს შეკვეთებს და საყვარელი საქმით ბედნიერია. 

ნინოს აქვს მაგარი იუმორი. სულ კისკისებს და იცინის. არქიტექტორი ქმარი ჰყავს, მის გოგონებს ისე უხარიათ დედა რომ საყვარელ საქმეს აკეთებს, სულ ხელს უწყობენ.

ორივე მხიარულები ვართ. ერთმანეთს რომ შევხვდებით ვუყვებით ისტორიებს, ვიცინით. მიუხედავად იმისა, რომ შეხუმრებულები ვართ, ჩვენს შორის გარკვეული ბარიერი მაინც არსებობს. ნინოსგან არაფერი მწყინს.

ჩვენი დიდი ოჯახის პასუხისმგებლობა მას აქვს აღებული, ქორწილია, გასვენებაა, დაბადების დღეა, ყველგან დარბის, ყველასთან მამართლებს, დრო არ აქვს, ვერც მე ვნახულობსო. ჩემი მეგობრები მეუბნებიან, ნინო შენ გჯობიაო. მე ხანდახან მარტო ყოფნა მიყვარს. ეს კისკისა და კისკისაა. 

ერთ ამბავს მოგიყვებით. ზედმეტსახელები ხომ იყო ხოლმე მოდაში. ბავშვობაში მე მინდოდა ჩემთვის ზედმეტსახელად ნიბლია დაეძახათ. ჩემ და-ძმას ვეუბნებოდი, ვითომ ნიბლია მქვია ზედმეტსახელად-მეთქი. ნიბლია რა არისო, ჩემმა პატარა დამ მკითხა. პატარა და საყვარელი ჩიტია-მეთქი, ვუთხარი. ერთხელაც სკოლის ეზოში მესმის განწირული ყვირილი - ჩიტოო, ჩიტოო. გავიხედე და ნინო მეძახის. (იცინის) დავიწყებია ნიბლია და ჩიტოს მეძახდა.

მოკლედ, ჩემმა ნინომ გამოფენის მოწყობის შეთავაზება მიიღო, კაფე-გალერეაში უნდა გააკეთოს. ურეკავენ ჟურნალისტები, მაგრამ არ უნდა ინტერვიუს მიცემა. რა ქნას? არც ნინოს, არც დათოს, არც დედას, არ შეუძლიათ ინტერვიუს მიცემა. ნერვიულობენ, არ იციან, რა თქვან. თავს ვერ უყრიან სათქმელს. მე მეხუმრებიან, ეს ნიჭი მთლიანად შენ გაქვს წაღებული; ჩვენ სხვა რამეში ვიქნებით ნიჭიერებიო. 

 მე მინდოდა, გამოფენაზე ჩემი პორტრეტებიც გამოეფინა. გადაღებული ვყავარ, მაგრამ ვიცი, დაბეჭდილი არ აქვს. რომ მივალ გამოფენაზე, მერე საღამოს ვეტყვი, როგორ ველოდი, რომ ჩემს პორტრეტს დაბეჭდავდი-მეთქი. ეწყინება, ინერვიულებს! არა უშავს! ხელოვან ხალხს ნერვიულობა უხდება. მეორე გამოფენაზე ექნება!

სასტიკად არ უყვარს პოპულარობა, სასტიკად! წინააღმდეგია. გამოფენაა ხომ, მაგრამ ისე ღელავს, თავ-პირს იწყევლის, რად მინდოდაო, ვინმე რომ მოვიდეს კომენტარისთვის, რა უნდა ვუთხრაო და არის ერთ ქოთქოთში.

ასე რომ, წინ საინტერესო გამოფენა გელოდებათ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: "ხმას ვერ ვიღებდი... რა იყო ეს? წინათგრძნობა? თამაზი 67 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა" - ლანა ღოღობერიძემ მეგობარს დაბრმავება უწინასწარმეტყველა

ხილი, რომელიც მარხვაში ხორცს ცვლის და წონაშიც გვაკლებინებს - ის უნიკალურია!

Exclusive: "ასე არაფერზე მინერვიულია. ჩავჯექი მანქანაში და მთელი გზა ხმით ვტიროდი..." - გია ჯაჯანიძის ცრემლიანი ინტერვიუ

"გული იმაზე მწყდება, რომ ჩემი არ სჯერათ" - იუბილარმა გია ჯაჯანიძემ გასაიდუმლოებული ასაკი გაგვიმხილა