,,როცა მშობლებმა იქორწინეს, მამა მწოლიარე იყო და სამი წელი არავინ იცოდა, ვის გაჰყვა დედაჩემი ცოლად..." - ანრი ბიბინეიშვილი

anri

ანრი ბიბინეიშვილი "პრაიმტაიმთან" მშობლებზე საუბრობს. მსახიობი და "პრაიმ ჰაუსის" მონაწილე დედ-მამის ქორწინების ისტორიას გვიყვება, ემოციურს და საინტერესოს...

ანრი ბიბინეიშვილი: დედა ორჯერ ნაინსულტარია, პლუს შაქრიანი დიაბეტის მატარებელია. ჯანმრთელობა შერყეულია. თუმცა თავის არაჩვეულებრივ გვარსა და წარმომავლობას, თავისი პიროვნებით ამართლებს. დედა გულნარა ჯაყელი გახლავთ. 

მუშაობდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, ყრუ-მუნჯთა საზოგადოებაში, საკონდიტროში, სამკერვალოში, ღამღამობით კერავდა ჩანთებს, რომ ოჯახი გამოეკვება. საჭმელ-სასმელი მისი წყალობით არ გვაკლდა. სულ შრომობდა.

დედ-მამას ქორწინების საინტერესო ისტორია აქვთ. მამა გურიაში ხე-ტყეში მუშაობდა. 20 წლის იყო, ფეხზე მოჭრილი ხე რომ დაეცა და მოკლედ, დაზიანებული ჰქონდა ფეხი და საწოლში გაატარა დაახლოებით სამი წელი. იმ პერიოდში დედას სამკერვალოში, დაზგაზე, მთლიანი მტევანი გადაეჭრა და... ერთმანეთი საავადმყოფოში გაიცნეს, შეუყვარდათ და საცხოვრებლად ქირით გადავიდნენ. ანუ როცა იქორწინეს, მამა მწოლიარე მდგომარეობაში იყო და სამი წელი არავინ იცოდა, ვის გაჰყვა ცოლად გულნარა ჯაყელი. მამა ხომ ფეხის გამო იწვა და სანამ დედამ ფეხზე არ დააყენა, მანამ არ გაუცნია ქმარი ნათესავებისთვის. ზედმეტი კითხვები რომ თავიდან აეცილებინა, ამიტომ უნდოდა სრულფასოვანი სახით წარედგინა მამა თავისი ნათესავებისთვის. 

 მერე გაჩნდა ჩემი და, ცხრა წლის შემდეგ მე დავიბადე. მინდა ყველა ჩემს კეთილმოსურნეს ჰყავდეს მსგავსი და, დედა და მეუღლე, როგორიც ჩემი დაა. ცოტას ლაპარაკობს, ბევრს ფიქრობს. გამორიცხულია ვინმეს ატკინოს. ვცდილობდით, არასდროს არავისთვის არ გვეტკინა. მშობლებმა სწორად გაგვზარდეს. 

დედა ლამაზი ქალია, მამაც სიმპათიურია. გაცილებით სიმპათიური, ვიდრე მე ვარ. ბევრი იშრომეს, იღვაწეს.

ბევრჯერ შეიძლებოდა მათი ურთიერთობა დასრულებულიყო, ბევრი ყოფითი პრობლემის გამო და ცალ-ცალკე ეცხოვრათ ბედნიერად, მაგრამ მათთვის ღირებული იყო ოჯახი, შვილები, ამ ყველაფერზე ზრუნვა. დღემდე მოკრძალებით ცხოვრობენ, რაც აქვთ იმით კმაყოფილდებიან. 

მამა არაჩვეულებრივი კაცია. მან თავისი სიჩუმით მასწავლა კაცის მთავარი ღირებულება. გულწრფელი და კეთილი ადამიანია.

მოკლედ, მათი ტრავმები ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან რომ არა ეს ტრავმები, ერთმანეთს ვერ გაიცნობდნენ და მე ვერ გავჩნდებოდი. 

სასწაულ მაგალითებზე ვიზრდებოდი, გინდა ოჯახის წევრებისგან, გინდა ჩემი თანაქალაქელებისგან, ბათუმელებისგან. სულ სხვა დამოკიდებულებებზე გავიზარდე. სადილის შემდეგ, მაგიდიდან ნამცეცებს თუ გადაყრიდი, ბაბუა ბრაზობდა, შეურაცხყოფაც შეიძლებოდა მოეყენებინა, დაგარიგებდა, რომ ნამცეცები ან ჩიტებს, ან ქათმებს უნდა დაუყაროო.

ერთ ამბავს გავიხსენებ: როდესაც დედა და მამა თურქეთში სამუშაოდ წავიდნენ, მეზობელს ერთი კვირის მანძილზე გადმოჰქონდა ჩემთან წვნიანი. საყვარელი ნორა ბებო... აქვე მოვიკითხავ მახაჭაძეების ოჯახს. თან მოშორებით ცხოვრობდა ჩვენგან. ნორა ბებო, ნუ წუხდებით, გვაქვს სადილი-მეთქი, მე და ჩემმა დამ რომ ვუთხარით, ასე გვიპასუხა: არავინ არ უნდა თქვას, დედა არ არის სახლში, აქედან წვნიანის სუნი უნდა გადიოდესო. აი, ეს მაკვირვებს, რაზე ფიქრობდნენ, როგორ იყვნენ ეს ადამიანები ასეთები. შინაგანად მე იმ ძველ ურთიერთობებში "გავიჭედე". მზაკვრულად მიპარვას, მისვლა და სიმართლის თქმა მირჩევნია. გაწირვა არ შემიძლია.

აქვე მივმართავ ყველას, ვისთანაც უნებლიედ შემშლია; მინდა ყველამ მაპატიოს, ვისაც უნებურად ვაწყენინე.

ჩემი ოჯახი ბათუმში ცხოვრობს. თბილისში სახლი ვიყიდე ბანკით, მერე ვერ გადავიხადე და გავყიდე. ორი წელია მშობლიურ ბათუმში დაბრუნდი ცოლ-შვილით. ძველ ბათუმში, ბარაკული ტიპის დასახლებაში გავატარე ბავშვობა. ახლაც იქ ვცხოვრობ. ბათუმისგან ბევრი სიკეთე მაქვს, ბევრი მაგალითი ავკრიფე უფროსი თაობისგან, იგივე გურული იუმორი, სუფრის აკადემიიდან, რაც კულტურა, შემეცნება და ისტორიაა. 

ბათუმი ჩემთვის ასოცირდება სიყვარულთან, რომელიც სევდიანია. გაძლევს ფიქრის საშუალებას, სიმართლესა და დიდ სულიერებას...