დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გია ჯაჯანიძე იუბილარია. როგორც გვითხრა, დაბადების დღეს საქმიან ვითარებაში, ქუთაისში შეხვდა, ტკბილ იმერლებში პოზიტიური ენერგიით აივსო და კიდევ უფრო გაბედნიერდა. ერთმა ქუთათურმა ჯაჯოს თურმე ქათინაურისა და სიამოვნების მინიჭების სარჩულით, მიაძახა - ცხოვრებაში უფრო მაღალი ყოფილხარო.
ტელესახე და შოუმენი "პრაიმტაიმის" მილოცვამ გაახარა და გასაიდუმლოებული ასაკიც გაგვიმხილა.
გია ჯაჯანიძე: დაბადების დღეს ქუთაისში შევხვდი, გადავიღე ხალხი, ბაზარი... ვხედავ, რომ მათ ღიმილს ვგვრი და უხარიათ. სიყვარულით და იუმორით სავსე ხალხია. იმერელი რომ ვარ, იმიტომ ვარ წარმატებული. ენასხარტი ხალხი ვართ. ერთმა ქალმა შეიცხადა, უი, ეკრანზე სხვანაირი ხარო. რანაირი-მეთქი? და ცხოვრებაში უფრო მაღალი ყოფილხარო. "არ დაიბნა ბაჭია" (იცინის)...
გული მწყდება იმაზე, რომ ჩემი არ სჯერათ; ჰგონიათ, კარგ ხასიათზე რომ ვარ, ვიგონებ. ასეთი არაფერი მინახავს, ადამიანი იძახდეს - ბედნიერი ვარო და მისი არ სჯეროდეთ. მთელი ცხოვრება ვამბობ, რომ არც ერთ დღესასწაულს არ ვზეიმობ, არც ახალ წელს, არც დაბადების დღეს და არც სხვას. ბებიაჩემმა ბავშვობაში რომ მასწავლა, ყოველი დილა დაბადების დღეაო, მის მერე ყოველი დღე ჩემთვის დაბადების დღე და ახალი წელია, ყოველდღე მიხარია და ვარ ბედნიერი და რატომ არ სჯერა ხალხს, რომ ყოველდღე ვიბადები? 61 წლის გავხდი დღეს და ჩემს ცხოვრებაში დაბადების დღე არ გადამიხდია.
- ანუ ასაკი წამოგცდა თუ გაგვიმხილე?
- არ წამომცდენია, შევატრიალე და 16 წლის ვარ.
მიხარია, რომ გაღიმებული ხმით მირეკავენ, ღიმილი მიყვარს, ბედნიერება მიყვარს. ერთ რამეს გეტყვით. ერთი კვირის წინ კბილი პირველად მეტკინა. ამდენი წლის ვარ და აქამდე არ მტკენია. მადლობა იმ წლებს, კბილი რომ არ მტკენია-მეთქი ვთქვი და ტკივილმა ერთ საათში გამიარა. განწყობაა ყველაფერი, განწყობაა ბედნიერება.
ახალი ფრაზა მაქვს - გამლანძღე? დამიშავე? მიბოროტე? სიკეთეში ამოგხდი სულს.
- რას აპირებ?
- ვაპირებ სიცოცხლეს, მაქვს ბევრი საინტერესო პროექტი. არ ვაპირებ გავბოროტდე, არ ვაპირებ ნეგატივზე პასუხის გაცემას. ბედნიერი ვარ, მიხარია ყველაფერი. ყველაზე მთავარია სიცოცხლე. ამას ახალგაზრდები ვერ იაზრებენ. სიცოცხლის სიყვარული თუ გაქვს, ხარ სულ ბედნიერი. ავად რომ გახდები, მაშინაც ბედნიერი უნდა იყო იმიტომ, რომ მკვდარი რომ იყო, ხომ ვეღარ გახდებოდი ავად?!
ადამიანები დაუნდობლები არიან. როცა სხვას ერჩი, ამით საკუთარ თავს არ ინდობ. ვინც მე ცუდი სიტყვებით მთათხავს, სანამ ის სიტყვები ჩემამდე მოვა, მანამდე თვითონ ზიანდება.
ცხოვრებამ მიმახვედრა, რომ სიცოცხლე ძალიან ტკბილია, არაფერი იმალება, არც იკარგება.
მომავალში უნდა გავხდე ბრძენი (იცინის).
- აბა, წარმატებები.
- დიდი მადლობა საინფორმაციო სააგენტო "პრაიმტაიმს" იმისთვის, რომ უყურადღებოდ არასდროს მტოვებს. თქვენც ხართ ჩემი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი. უღრმესი მადლობა თქვენ, წარმატება და სიხარული.