მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის! - „შუქნიშნებთან დამონტაჟდება კამერები, რომლებიც მანქანების გამონაბოლქვს გააკონტროლებს და ჯარიმებს გამოწერს“

ჯარიმა

 „თბილისში შუქნიშნებთან დამონტაჟდება ვიდეოკამერები, რომლებიც მანქანების გამონაბოლქვს გააკონტროლებს და ჯარიმებს გამოწერს“,- ამის შესახებ მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე საუბრობს.

მისი თქმით, შესაბამისი ცვლილებები თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმაში გაიწერა.

როგორც მან აღნიშნა, გეგმის მიხედვით, ასევე გამკაცრდება კონტროლი სამშენებლო მტვრის შემცირების მიმართულებით, მერიის შესაბამის სამსახურს დაემატება ქუჩების მორეცხვისთვის საჭირო სპეციალური მანქანები და მნიშვნელოვნად გაიზრდება გამწვანებული ტერიტორიების ფართობი.

„მნიშვნელოვანია, რომ დამტკიცდა თბილისის ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმა. ქალაქს ეს ნამდვილად ძალიან სჭირდება. გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად თითქმის ნახევარი წელი მიმდინარეობდა ამ გეგმაზე მუშაობა და პროცესში ევროპელი სპეციალისტებიც იყვნენ ჩართული.

ჩვენი რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნა გამწვანების, გზების მორეცხვის და მანქანების გამონაბოლქვის კონტროლის კუთხით. შესაბამისად, გეგმაში არის როგორც სატრანსპორტო, ასევე სამშენებლო, საგზაო და გამწვანების მიმართულებები. კერძოდ, ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ უნდა დამატებულიყო ქუჩების მომრეცხავი მანქანები და ეს მოხდება.

გამონაბოლქვის კონტროლის მიმართულებით, გეგმაში გაიწერა, რომ თბილისის მასშტაბით უნდა დამონტაჟდეს 3 კამერა შუქნიშნებთან, რომელიც მანქანის დაძვრის დროს ავტომატურად გაზომავს გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დონეს და ჯარიმას გამოწერს. ეს კამერები იქნება მოძრავი და პერიოდულად შეიცვლება მათი ლოკაციები.

მშენებლობის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პუნქტია ის, რომ სამშენებლო მოედანზე მტვრის შემცირებისთვის უნდა მოხდეს სამშენებლო მასალების ნარჩენების, მათ შორის ქვიშის და ცემენტის ისე შეფუთვა, რომ არ მოხდეს მათი ამტვერება და განისაზღვრა დარღვევისთვის ჯარიმები.

თავისთავად, ასევე გაიწერა, რომ აღნიშნულ 3 წელში დედაქალაქში მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს გამწვანებული ტერიტორიების ფართობი“,- აღნიშნა გიორგი ჯაფარიძემ.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“