1728456679
ინტერნეტში კესარია აბრამიძის საუბარი ვრცელდება - რას ამბობდა ის ბექა ჯაიანის შესახებ
ინტერნეტში მოკლული კესარია აბრამიძის საუბარი ვრცელდება, რომელიც 1 მაისით თარიღდება.
მეგობართან მიმოწერაში კესარია ბექა ჯაიანზე საუბრობს.
„სულ მეუბნებოდა, ჩემს შემდეგ სხვასთან წახვიდე მაგას ვერ ავიტანო. ეგეთი ტიპია, ავადმყოფი, ხომ ხვდები. დავშორდი, რომ დავშორდი თავს იკლავდა, ვითომ წამლები დალია...“, - ამბობს კესარია.
კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულ ბექა ჯაიანს ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს.
26 წლის მამაკაცი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან, მკვლელობიდან მალევე აიყვანეს, ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულ მამაკაცს ტრანსგენდერ ქალთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.
მოდელი და მსახიობი კესარია აბრამიძე, საკუთარ სახლში, მოკლული 2 დღის წინ მეზობლებმა ნახეს. მას, ცივი იარაღით, 20-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ბექა ჯაიანის წინააღმდეგ საქმე აღძრულია გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.