1728456679
ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული ხუთი პირიდან სამი დაკავებულია, ორი კი მიმალვაში იმყოფება.
პროკურატურის მტკიცებით, „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელს დავით კეზერაშვილთან, მის დასთან და დისშვილთან მილიონ დოლარზე მეტი აქვს გადარიცხული იმ პერიოდში, როდესაც კომპანია ევროპული ქვეყნების მოქალაქეების თანხებს თაღლითურად ეუფლებოდა. ამავე საქმეზე სამართალდამცველებმა ორი კვირის წინ ექვსი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი მისცეს პასუხისგებაში.
საგამოძიებო უწყების ცნობით, დაზარალებულები გერმანიის, სლოვაკეთისა და სლოვენიის მოქალაქეები არიან. პროკურატურის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნების მოქალაქეებმა 3 მილიონ 170 ათასი ევროს ზიანი მიიღეს.
წინასასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 31 ოქტომბერს ჩაინიშნა.