1734207713
,,მეგრელების ხასიათი ძალიან ახლოსაა ფეხბურთელის ფსიქოტიპთან..." - უცნობი ფაქტები კვარასა და მასზე დაწერილ წიგნზე
25 მაისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, სხვა საინტერესო წიგნებთან ერთად, შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნი ხვიჩა კვარაცხელიაზე, თანაც ავტორის - გიორგი კეკელიძის წარდგენით.
"ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი" - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ფეხბურთელის პორტრეტია. საქართველოში, სამეგრელოში, ქართული ფეხბურთის ისტორიაში მცირე მოგზაურობის უხილავი მეგზური, თავად ხვიჩაა.
წიგნს თან ერთვის აკა მორჩილაძის წინასიტყვაობა. კონსულტანტები არიან ხვიჩას მშობლები - მაკა ლუკავა და ბადრი კვარაცხელია. პროდიუსერი ბერიკა შუკაკიძეა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი. სწორედ ის უყვება "პრაიმტაიმს" კვარასა და მასზე დაწერილ წიგნზე.
ბერიკა შუკაკიძე: მე და ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელია დიდი ხნის მეგობრები ვართ. ხვიჩაზე, როცა ის ბავშვი იყო, ვეუბნებოდი, ბადრი, ეს ბიჭი ძალიან დიდი ვარსკვლავია-მეთქი. ეს თავიდანვე ცხადზე ცხადი იყო.
საფეხბურთო ნიჭიერება მამის აქვს. ბადრი საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყო. ჯერ თბილისის "დინამოში" თამაშობდა და მერე აზერბაიჯანის ნაკრებში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობდა. შემდეგ იქ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა.
ხასიათით ხვიჩა დედას ჰგავს. წყნარი და თავმდაბალია. მაგრამ მოედანზე სრულიად შეუპოვარი და სულ სხვა ადამიანი ხდება. ვარსკვლავებს არ ცნობს. ძალიან მებრძოლი ხასიათი აქვს, ისე ფეხბურთს ვერ ითამაშებ.
გიორგი კეკელიძეს უნდოდა, მშობლებისგან გაეგო, ბავშვობიდან როგორი იყო ხვიჩას დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ. წიგნში შევიდა ისტორიები ბებიასთან, ბაბუასთან დაკავშირებით... დედ-მამა იხსენებენ ხვიჩას სიყვარულს ფეხბურთის მიმართ და იმ მხარდაჭერას, რასაც მის მიმართ, განსაკუთრებით, დედა იჩენდა, რადგან მამა აზერბაიჯანში იყო. დედა დღესაც აქტიურადაა ჩართული ხვიჩას გულშემატკივრობაში. თუმცა ხვიჩას დღევანდელი წარმატება, მაინც თავად ფეხბურთისადმი მისმა განსაკუთრებულმა სიყვარულმა განაპირობა. მშობლების მხარდაჭერა აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა.
საბოლოო ჯამში, მშვიდი ადამიანია, იტალიის ჩემპიონატზე ჩახვიდე უცხო ქვეყნიდან და ასე მაღალ დონეზე ითამაშო, რთულია. უნდა იყო გაწონასწორებული. ამხელა ჩემპიონატი ისე ჩაამთავრა, რომ წყობიდან არ გამოსულა, მსაჯთან არ უკამათია და ყოველთვის მართალი იყო. მხოლოდ ორჯერ გააპროტესტა და თავისი საქმე გააგრძელა. ტრავმაც მიიღო და თავჩაღუნული გამოვიდა. სიმტკიცე აქვს, ნერვებს არ ჰყვება. ეს თუ ბუნებრივად არ გაქვს ხასიათში, ვერ ისწავლი. ყველამ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ვერ ვაკეთებთ.
ხვიჩა თავის დამოკიდებულებას ფეხბურთის თამაშით გამოხატავს და არა ხელების ქნევით. ეს ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი თვისებაა. ბევრმა ფეხბურთელმა, კარიერა, ფიცხი ხასიათით გაიფუჭა. დიდი გუნდები აკვირდებიან, ფეხბურთელს, რამდენად მტკიცე ხასიათი აქვს. თუ ნერვები უმტყუნებს და არასპორტულ საქციელს ჩაიდენს, აგდებენ მოედნიდან და შეიძლება ტიტულიც კი დაკარგოს გუნდმა. ხვიჩას ბუნებრივად აქვს ეს სიმშვიდე. შემდეგ საფეხბურთო ხრიკებით გადაუხდის სამაგიეროს მეტოქეს.
ის პირდაპირ კარზე დაგეშილი ფეხბურთელია. ესეც მნიშვნელოვანი თვისებაა ფეხბურთელისთვის.
მეგრელების (დასავლეთის ხალხის) ფსიქოტიპი ძალიან ახლოა ფეხბურთელის ფსიქოტიპთან. აფეთქება, მუდმივად შეტევაზე ზრუნვა, სისხარტე, ემოციურობა... სამეგრელოში ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ. მაგალითად, ჩხოროწყუში არის გუნდი, რომელიც მეოთხე ლიგაში იყო და ხუთი ათასი კაცი ესწრებოდა მის ყველა საშინაო მატჩს მაშინ, როდესაც საქართველოს ყველა წამყვან კლუბებს მთელი წელი არ დასწრებია 5 ათასი კაცი.
ხვიჩას სოფელში კოლექტიურად უყურებენ თამაშს, მზადება, სუფრა... პოსტერი, მისი სტადიონი და ეს ბუნებრივია. სხვა სოფლებში არქმევენ სტადიონებს ხვიჩას სახელს და მის მშობლიურ ნაკიფუში რომ საგიჟეთი იყოს, ამას გამოცნობა არ უნდა, რა გასაკვირია.
წიგნი გიორგის ხატოვნად ორიგინალურად, სწორი მიგნებებით აქვს დაწერილი. სამეგრელოს ეზოების გეომეტრიაზე წერს, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში რომ სხვადასხვანაირად ამოდის მზე, ამაზე წერს. წიგნი იტალიურად ითარგმნება, და ვინც მას წაიკითხავს, აქ ჩამოსვლა მოუნდება.
თუ რას აპირებენ საქართველოში ჩამოსული ხვიჩაზე შეყვარებული იტალიელები, ამას მომდევნო სტატიაში წაიკითხავთ. არ გამოგრჩეთ.
ასევე დაგაინტერესებთ: სრული ფურორი და უწყვეტი აპლოდსმენტები „შაშვი შაშვი მაყვალის“ მსოფლიო პრემიერაზე - რა მოხდა კანის კინოფესტივალზე
,,ოდესმე აუცილებლად დავწერ იმ ყველაფერს, რასაც ეს გენიალური პოეტი ჰყვებოდა, წერდა, ხუმრობდა. ახლა ერთ, ამაღელვებელ მომენტს გავიხსენებ..." - ლევან ალავერდაშვილს ლექსო ლეკიაშვილი იხსენებს
,,მძიმე სენს ებრძვის, ოჯახის დარდი კი ღამეებს ათენებინებს..." - ნუ დავტოვებთ გიორგის უიმედოდ