მას 8 დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს – ქალი, რომლის წყალობითაც ძალადობის მსხვერპლებს აღარ მიიჩნევენ დამნაშავედ

ფრანჩესკა

ახალგაზრდა ლამაზმანი, ფრანჩესკა ვიოლა კუნძულ სიცილიის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ ალკამოში ცხოვრობდა. დღეს ის პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია, მაგრამ ორმოცდაათი წლის წინ მთელი სანაპირო გლეხების სახლებსა და ვენახებს ჰქონდა დაკავებული. ფრანჩესკაც გლეხის ოჯახში დაიბადა.

როდესაც გოგონა თხუთმეტი წლისა იყო, ოცდა სამი წლის ბიჭზე დაინიშნა, სახელად – ფილიპო მელოდია. ადრეული ქორწინება არ იყო უჩვეულო იმ წლებში და მისი ოჯახი არ შეწინააღმდეგებია. თანაც, ფილიპო ხომ „კარგი ოჯახიდან“ იყო – ადგილობრივი მაფიის უფროსის ძმისშვილი, შესაშური საქმრო!

როდესაც ფილიპო ციხეში მოხვდა ქურდობის გამო, ფრანჩესკას მამამ გადაწყვიტა, ნიშნობა ჩაეშალა. გოგონა აპირებდა სხვა ბიჭზე დაქორწინებას, რომელიც მაფიასთან არ იყო დაკავშირებული. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. ორი წლის შემდეგ ფილიპო ციხიდან გაათავისუფლეს და იმ დღიდან ფრანჩესკას ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა.

ფილიპოს მსგავსი ადამიანები არ ეგუებიან უარს. მან შეიტყო, რომ მისი პატარძალი სხვას მიჰყვებოდა და სცადა გოგონას დაბრუნება. ჯერ დარწმუნება სცადა,რომ მას დაჰბრუნებოდა, შემდეგ კი მუქარებზე გადავიდა. “ამ იარაღით შუბლს გაგიხვრეტ!“ – დაჰპირდა ყოფილ შეყვარებულს.

ზამთრის ერთ ადრეულ დილას, შობის მეორე დღეს, ფილიპო და თორმეტი შეიარაღებული მეგობარი შეიჭრნენ ვიოლას სახლში. გოგონას დედა ცდილობდა მის დაცვას, მაგრამ უშედეგოდ – ქალი სცემეს, ფრანჩესკა კი გაიტაცეს.

გოგონა აგარაკზე წაიყვანეს, სადაც ფილიპოს და და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ. რვა დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ გამტაცებლები ფრანჩესკას და აიძულებდნენ, დათანხმებულიყო ქორწინებაზე. არწმუნებდნენ, რომ მას მიიჩნევდნენ შერცხვენილად და მთელი ცხოვრება ამ სირცხვილით მოუწევდა ცხოვრება.

მართლაც, სიცილიის მსგავს ადგილებში გაუპატიურებაში დამნაშავე თავად მსხვერპლი იყო ხოლმე. დახმარების ნაცვლად, მთელი სოფელი ზურგს აქცევდა ფრანჩესკას. „კარგი სახელის“ დასაბრუნებლად ერთადერთი გზა არსებობდა – მოძალადეზე დაქორწინება.

ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, ფრანჩესკამ გამოაცხადა, რომ არ გახდებოდა დამნაშავის ცოლი და უჩივლებდა მას! იმდროინდელი კანონების თანახმად, გაუპატიურება არ მიიჩნეოდა დანაშაულად, პიროვნების მიმართ. დანაშაული იყო მხოლოდ „საზოგადოებრივი ზნეობის“ „გაუპატიურება”. ქალი, რომელიც ქორწინებამდე  დაკარგავდა უბიწობას, ითვლებოდა donna svergognata – ურცხვ, უსინდისო ქალად.

ფრანჩესკა არ შეუშინდა საზოგადოების მიერ დაგმობას, შეასრულა სიტყვა და შეიტანა სარჩელი დამნაშავეების წინააღმდეგ. სანამ საქმე მიმდინარეობდა, გოგონას ოჯახს არაერთხელ დაემუქრნენ და ცეცხლიც კი წაუკიდეს მათ ვენახს.

ფრანჩესკას ამბავი მედიისა თვით პარლამენტის ყურამდეც მივიდა. იტალიის კონსერვატიულ სამხრეთ ნაწილში საზოგადოებრივი აზრი შეეჯახა ქვეყნის რეალურ კანონებს. ფილიპოს ადვოკატები ამაოდ ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ სასამართლო, რომ არავის გაუტაცია ფრანჩესკა და ის თავად ოცნებობდა მოძალადეზე დაქორწინებაზე. თუმცა, ფილიპოს მაინც მიუსაჯეს 10 წელი.

აღწერილი მოვლენების შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში ფრანჩესკა არ გამოდიოდა საზოგადოებაში და მისი ცხოვრების შესახებ ცოტა რამა ცნობილი: რამდენიმე წლის შემდეგ იგი ცოლად გაჰყვა ჯუზეპე რუისს. მომავალი ქმარი არ მალავდა, რომ შიშით ელოდა ფილიპოს ციხიდან გამოსვლას, მაგრამ მან თქვა: „უმჯობესია, 10 წელი ვიცხოვრო შენთან ერთად, ვიდრე მთელი ცხოვრება – სხვა ქალთან“.

1976 წელს ფილიპოს პატიმრობის ვადა დასრულდა, მაგრამ ის ფრანჩესკას ოჯახს ახლოსაც არ გაკარებია. კრიმინალურ საქმიანობას დაუბრუნდა და ორი წლის შემდეგ  მოკლეს.

ფრანჩესკას ამბავმა იტალიის საზოგადოება ძალიან შეცვალა. სიცილიის ყველაზე შორეულ კუთხეებშიც კი შეწყვიტეს გოგონებზე ძალადობა. სასამართლოებმა და პოლიციამ თვალი აღარ დახუჭეს ასეთ შემთხვევებზე და ეს საშინელი მოვლენა გაქრა.

იტალიის პრეზიდენტმა ფრანჩესკა იტალიის რესპუბლიკის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ახლა მისი ოჯახი იმავე ქალაქ ალკამოში ცხოვრობს. ფრანჩესკას ორი შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავს.

იმის წარმოდგენაც კი რთულია, როგორ შეიძლება განვითარებულიყო ფრანჩესკას ცხოვრება, თუ ფილიპოს მუქარას დაემორჩილებოდა. მან მოიგო თავისუფლება  და დაეხმარა ასობით ქალს, რომლებიც მის მდგომარეობაში იყვნენ.