ინოვაცია! - ხელოვნურ ინტელექტს კიბოს ამოცნობა წუთებში შეუძლია

სიმსივნე

გერმანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური სისტემა, რომელსაც უნარი აქვს, ტვინის სიმსივნის ტიპი მიკროსკოპული ქსოვილის სურათების გამოყენებით, სულ რამდენიმე წუთში დაადგინოს. ამ ახალ ტექნოლოგიას შეუძლია რადიკალურად დააჩქაროს დიაგნოსტიკის პროცესი და ექიმებს დაეხმაროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, სპეციფიკური მკურნალობის დროულად დაწყებაში. კვლევის შედეგები ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალში, Nature Cancer (NC) გამოქვეყნდა.

ხელოვნური ინტელექტის უმაღლესი სიზუსტის უზრუნველსაყოფად, მკვლევრებმა უზარმაზარი მონაცემთა ბაზა გამოიყენეს. სისტემის გასაწვრთნელად აიტვირთა სიმსივნის 11 000-ზე მეტი ციფრული სურათი, რომლებიც მსოფლიოს 11 წამყვანი სამედიცინო ცენტრის 9 606 პაციენტისგან იყო მიღებული.

შედეგად, ალგორითმმა ისწავლა ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნეების 102 სხვადასხვა მოლეკულური ქვეტიპის ერთმანეთისგან გარჩევა. იმ შემთხვევებში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი საკუთარ დასკვნებში დარწმუნებული იყო, სადიაგნოსტიკო სიზუსტემ 87-88%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ გამოცდილ პათომორფოლოგებთან შედარებისას, სისტემამ ხშირ შემთხვევაში აჩვენა დიაგნოზის სწორად დასმის უკეთესი და ბევრად სწრაფი შედეგები.

ავტორები თვლიან, რომ ტექნოლოგია განსაკუთრებით ღირებული იქნება იმ კლინიკებისა და რეგიონებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა რთულ და ძვირადღირებულ გენეტიკურ ტესტირებაზე.

მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ Hetairos სისტემა არ არის შექმნილი არსებული ლაბორატორიული მეთოდების ან ექიმის კომპეტენციის ჩასანაცვლებლად. ის წარმოადგენს უძლიერეს დამხმარე ინსტრუმენტს, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, კრიტიკულ სიტუაციაში სიმსივნის შესახებ წინასწარი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვონ და შემდგომი მკურნალობის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღონ.