1786431261
„კუტუზოვა“, „პუტია“ და ქურდული გარჩევები - იმერეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 პირი დააკავეს
სამართალდამცველები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე შედიან. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებებს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ატარებენ. დაკავების ოპერაცია გამთენიისას იწყება.
პროკურატურასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპლექსური ღონისძიებები ჩაატარა. ეს ფარული აუდიოჩანაწერი საქმეში ახლა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. დანაშაულში სავარაუდო ფიგურანტი, ზედმეტსახელად "კუტუზოვა", იგივე თამაზ გაბუნიაა. ის პოლიციამ საცხოვრებელ სახლში აიყვანა.
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული გაბუნია ბრალის წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. ფარული აუდიოჩანაწერებით ირკვევა, რომ ის მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მონაწილეობდა ქურდულ გარჩევებსა და ფინანსურ დავებში. დაკავებული უკვე მოინახულა ადვოკატმა.
ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი, ზედმეტსახელად "პუტია", იგივე ნესტორ კუხალაშვილია. ფარული ჩანაწერებით ირკვევა, რომ საქმეში ფიგურანტი პირები გადაწყვეტილებებს კონკრეტული მხარის სასარგებლოდ იღებდნენ. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული ოთხი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს დაკავებული დათო ბაბლუანი.
სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში გაჩხრიკეს დაკავებულების საცხოვრებელი სახლები. ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები.
იმერეთის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სულ ოთხი პირია დაკავებული. ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.











