ბრალდების მხარე დაასაბუთებს რომ დაცვის მხარეს კანონდარღვევით აქვს მოპოვებული მტკიცებულება - პროკურორი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე

ლევან ვეფხვაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

"ბრალდების მხარე წარადგენს საკუთარ პოზიციას, მათ შორის, დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ პოზიციებთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ მოპოვებულ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე, რაც სრულად წინააღმდეგობაში მოდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან. ამიტომ, დაცვის მხარეს დღეს კიდევ და საზოგადოებას დავანახებთ, რატომ არის მცდარი დაცვის მხარის პოზიცია, როგორც სამართლებრივ ნაწილში, ისე ფაქტობრივში.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, თუ დაცვის მხარემ, კანონდარღვევით მოიპოვა მტკიცებულებები, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არაფრის არც მტკიცებულება არის კონკრეტულად, არც არაფერს არ ამტკიცებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კანონის წინაშე თანასწორები ვართ და ორივე მხარე ვალდებული ვართ მოვიპოვოთ კანონის დაცვით მტკიცებულება, ამიტომ, ბრალდების მხარე დაასაბუთებს კიდევ ერთხელ, რომ კანონდარღვევით აქვთ მოპოვებული მტკიცებულება," - აღნიშნა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.