„შენ რაის ტონს უწევ ბიჭო?!“ - შსს აქვეყნებს ქურდული გარჩევებისა და მუქარის ფარულ ჩანაწერს, რომლის შედეგად 4 პირი დააკავეს

პოლიცია

იმერეთის პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, იმერეთის რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“.

გამოძიებით ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ხოლო დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.