"გიყვარდეს ადამიანებიო, მარიგებდა. ერთხელ უსახლკარო კაცი სახლში მოუყვანია, უბანავია, დაუპურებია და ისე გაუშვია" - ლიზა რამიშვილი "პრაიმტაიმთან" ბაბუას იხსენებს

ramishvili

ოთარ რამიშვილის 88 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი სახელობის ქუჩაზე მდებარე სკვერში, მუსიკოსის ხსოვნისადმი მიძღვნილი პატარა კონცერტი ჩატარდა. კონცერტის ორგანიზატორი კოლორიტი ავტორ-შემსრულებლის ვაჟი, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გახლდათ.

მონაწილე არ ყოფილა, თუმცა მაყურებელთა შორის სიამაყით აღვსილი იჯდა ოთარ რამიშვილის შვილიშვილი, უკვე წარმატებული ჩელოისტი - ლიზა რამიშვილი.

ლიზა "პრაიმტაიმთან" ბაბუს იხსენებს.

ლიზა რამიშვილი: - კმაყოფილი ვარ ამ საღამოთი. სკვერი, სადაც ეს პატარა კონცერტი ჩატარდა, იქაური  მოსახლეობის გაკეთებულია, უანგაროდ და სიყვარულით. დიდი ბედნიერებაა, როდესაც ხალხი ერთიანდება და სიყვარულით ზრუნავს მისთვის საყვარელი პიროვნების უკვდავსაყოფად. 

ბაბუს ხსენებისას სიამაყის განცდა მიპყრობს. ყოველთვის ახალ-ახალ ისტორიებს ვიგებ მასზე და მათ გაოცებაში მოვყავარ. ვერც დათვლი, ისტორიებს ბოლო არ უჩანს. 

ჩემთვის ის მეგობარი და ბაბუა იყო, მაგრამ ხალხისგან მონაყოლი ამბები კი, მას აბსოლუტურად სხვა კუთხით მაცნობენ. 

კავსაძეზე ვცხოვრობდით. ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო, სულ სტუმრიანობა გვქონდა. შემოდიოდნენ, გადიოდნენ.

ბაბუ ძილის წინ მიმღეროდა. სულ ერთი იყო, ხან რას და ხან - რას. ერთხელ, სამი წლის რომ ვიყავი, ეგონა, რომ დამაძინა, ოთახიდან ფრთხილად გავიდა და სტუმრების მიღება დაიწყო. ახმაურდა სახლი. მე ავდექი, აივანზე გავედი, მაგრამ მომწყინდა და გადავწყვიტე, ქუჩაში გავსულიყავი. გავედი მარტო. ბედად, მეზობელმა შემნიშნა და სახლში მომაბრუნა. ბაბუ გაგიჟდა, მე ხომ დაგაძინეო. შოკში იყო, ძალიან შეეშინდა. მაგრამ მერე გაეცინა, როგორი ყოფილხარ, მე მგავხარო. 

ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა. ჩემს საქმიანობაში რჩევებს მაძლევდა. 

მახსოვს მეუბნებოდა - გულით და სულით აკეთე შენი საქმე და გიყვარდეს რასაც აკეთებო. გიყვარდეს ადამიანებიო. იყო ძალიან ჰუმანური. სრულიად უცხო ადამიანებს ეხმარებოდა. გადმოცემით ვიცი, ოთარს ქუჩაში უსახლკარო ადამიანი შეხვედრია, სახლში მოუყვანია, უბანავია, დაუპურებია და ისე გაუშვია. ასე, ხან ვის ეხმარებოდა, ხან - ვის. ძალიან კეთილი იყო.

14 წლის ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა. ძალიან კარგად მახსოვს მასთან დაკავშირებული ყველაფერი. მეამაყება, რომ ოთარ რამიშვილი ჩემი ბაბუა იყო.