დედას ვინმე ცეკვას თუ სთავაზობდა... მამა ისე გახედავდა, ადვილი შესაძლებელი იყო, რომ... - ოთარ რამიშვილს შვილი იხსენებს

ramishvili

ოთარ რამიშვილი 88 წლის გახდებოდა. ყოველ 24 ოქტომბერს, ტრადიციულად, საიუბილეო კონცერტები ტარდებოდა. წელს კი, როგორც ავტორ-შემსრულების შვილი, ცნობილი ადვოკატი - მიხეილ რამიშვილი "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, ოთარის სახელობის სკვერში პატარა საღამო ჩატარდება.

მიხეილ რამიშვილი: - საბურთალოზე, ოთარ რამიშვილის სახელობის ქუჩაზე არსებულ მამას სახელობის სკვერში, 29 ოქტომბერს ვაპირებ მამის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩატარებას. დასწრება თავისუფალია. ვეპატიჟებით ყველა თაობის ადამიანს.

ჯერჯერობით, რაც შემიძლია გითხრათ, კონცერტზე გამოვლენ დათო მეფარიძე, რეზიკო ბაკურაძე. ბევრმა გამოთქვა სურვილი, მაგრამ წინასწარ ვერ გეტყვით კიდევ ვის მოუსმენთ საღამოზე. მეც და ჩემი ლიზაც ვიქნებით. მე ჩემს სიმღერებსაც შევასრულებ, ბუნებრივია, რადგანაც მამაჩემის ლექსებზე მაქვს დაწერილი.

ალბათ, ოთარი ამით ძალიან ბედნიერი იქნებოდა. სულ იმის მომხრე იყო, რომ რაც შეიძლება მეტ სხვადასხვა თაობის  ადამიანს შორის გაბმულიყო მეგობრობა, გამძაფრებულიყო სიყვარული...

ეს სკვერი ჩემი მოთხოვნით 2018 წელს საკრებულოს მიერ იქნა დამტკიცებული. ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ  მიმდინარეობს გამწვანება-გალამაზება... იქ ვაპირებ ბიუსტის დადგმასაც. 

როდესაც მამაზე ვსაუბრობ, სულ მისი ნათქვამი მახსენდება, მეც ვიყავი შენისთანა და შენც გახდები ჩემისთანაო. ვერასდროს ვხვდებოდი, რას გულისხმობდა და მამა რომ გავხდი, მერე მივხვდი, რა აზრსაც დებდა ამ ნათქვამში. საუბრობდა იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მშობელს გააჩნია შვილის მიმართ და - პირიქით.

- მამა დედაზე 15 წლით უფროსი და მასზე უგონოდ შეყვარებული იყო. მართლა ძალიან ეჭვიანობდა?

- კი, ეჭვიანი იყო. დედა ძალიან ლამაზი ქალია. ადამიანები მის მიმართ თავიანთ სიმპათიებს გამოხატავდნენ. ცნობილია, როდესაც სუფრასთან, დედას ვინმე ღვინის დასხმას ან ცეკვას სთავაზობდა, არ სვამს, არ ცეკვავსო, ეგრევე მოუჭირდა მამა. თან დაბალი ხმით, მაგრამ ისეთი გამოხედვით, რომ ხვდებოდნენ, ადვილი შესაძლებელი იყო, რომ რომელიმეს თავში გიტარის ტარი აღმოჩენილიყო. არასწორად გადადგმული ნაბიჯი უპასუხოდ არასდროს დაუტოვებია. სამართლიანი კაცი იყო.

როცა მარტო რჩებოდა საკუთარ თავთან, დამინახავს, როგორ ჩამოუგორდებოდა ცრემლები, ან როცა იწვა, ან ფანჯარაში რომ იყურებოდა... ჩუმად, ყველასგან მალულად... საფიქრალი იმდენი ჰქონდა, თავისი წარსულით, აწმყოთი...

მისთვის სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი არასდროს ყოფილა. მისი მეგობრები და ახლობლები რომ მიყვებიან, ვინმეს მოღუშული სახით რომ დაინახავდა, აუცილებლად ჰკითხავდა, რა გჭირს, შვილო? ან ქალბატონო, რამე პრობლემა ხომ არ გაქვთ? უცხო ადამიანებს გაჰყვებოდა და ეხმარებოდა. სანაცვლოდ არავისგან არაფერი მოუთხოვია.  უანგაროდ აკეთებდა ყველაფერს...