„ბოლო წლები არავინ მყვარებია... იყოს ეს ერთგვარი მსხვერპლი, ჩემი მხრიდან...“ - ნიკოლოზ რაჭველის აღიარება „პრაიმტაიმთან“

nika

ნიკოლოზ რაჭველისა და მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის ერთობლივი ნაშრომის, ალბომის - City Lights Live ევროპული ტურნე უკვე დაიგეგმა. ალბომის მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველია. ალბომში შესული რამდენიმე ნაწარმოები ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მიერ ჩაიწერა. პროექტის სპეციალური სტუმარია ქეთი მელუა.

ტურნეს ფარგლებში სამ გერმანულ ფესტივალზე სამი კონცერტია დაგეგმილი, პრემიერა კი ბერლინში შედგება. ევროპულ ტურნემდე კი, ამ ალბომის ქართული პრემიერის გაკეთებას, მაესტრო თბილისში, საახალწლოდ, გეგმავს. სცენარი მზადდება.

19 ნოემბერს ქართული კინომუსიკის პროექტის განმეორებითი კონცერტია ფილარმონიაში. ნიკოლოზს აქვს განცდა, რომ ეს მუსიკალური პროექტი სწორ და ზუსტ დროს შესთავაზა მსმენელს. 

ამჯერად კი "პრაიმტაიმის" მკითხველი ჩვენი დროის უნიჭიერესი მაესტროს ამჟამინდელ შინაგან განწყობას გაეცნობა.

"რატომ არის ისევ მარტო? მარტოობის არ ეშინია?" - ეს არის კითხვები, რომლებიც სულ ისმის ნიკოლოზის "ზურგს უკან". ის კი გვპასუხობს.

ნიკოლოზ რაჭველი: - ახლა პატრიოტული განწყობა მაქვს. ეს უკრაინის ომმა და ჩვენი ტკივილების გაცოცხლებამ  გამოიწვია. ეს ხომ ყოველთვის აქტუალური არ არის, მიიძინებს ხოლმე, მაგრამ ახლა ამ ომმა გააღვიძა და რასაც ვაკეთებ, ყველაფერს პატრიოტიზმისკენ მივყავარ. კინომუსიკის კონცერტიც კი ეროვნულ მოტივებზეა და ოპტიმიზმის გაღვივებას მიეძღვნა.

თუ პანდემიის შემდეგ, სრული, შინაგანი სიცარიელე იყო, ახლა პირიქით, ამ განწყობამ ემოციურად ძალიან დამტვირთა.

სულ მინდოდა ჩვენი დიდი კომპოზიტორების მისამართით მადლიერება გამომეხატა და ახლა, კინომუსიკის ამ  პროექტმა მომცა ამის საშუალება. გია ყანჩელთან კავშირს ხომ ვერასდროს გავწყვეტ. სულ მენატრება. ერთი კვირის წინ, რუსთაველის თეატრში,  მისი "სტიქსი" დავუკარით. უკვე ძალიან ემოციურია ჩემთვის... მანამდე, როდესაც ბატონი გია ჩვენთან ერთად იყო, კონცენტრირება შესრულების ხარისხზე, კონცერტზე მქონდა. ახლა ამას მონატრება ემატება და თვალები რომ სულ ცრემლებით გევსება, ეს მომენტია. 

მახსოვს, ბავშვების გუნდთან რაღაც რეპეტიციას გავდიოდით და "არ შეგეშინდეთ, ამ ადგილს კარგად გავაკეთებ-მეთქი", დავამშვიდე. უცებ მოტრიალდა, შემომხედა და მითხრა - მე არაფრის არ მეშინიაო. ეს ფრაზა სულ მახსოვს და მინდა საკუთარი თავის მიმართ ასეთი შინაგანი რწმენა მქონდეს, რომ მეც არასდროს არაფრის არ მეშინოდეს. და ყველა რისკზე წავიდე. 

- რისი შიში გაქვს?

- ადამიანური შიში ყველას გვაქვს. ის, რომ შენთვის ძვირფასი ადამიანები გინდა, რომ ჯანმრთელად იყვნენ. უფროსი თაობა ნელ-ნელა მიდის, ვისთან ერთადაც წლები და ათწლეულები გავატარე.

 43 წლის ვარ, ისეთი ასაკია - აი, შუა გზაა. ბევრი რამის გაკეთება, ჩემს სფეროში, ალბათ, მოვასწარი და იმის სინანული, რომ რამე გამოვტოვე და ხელიდან გავუშვი, არ მაქვს.

- და მაინც სინანული ყოველთვის ჩვენთანაა. რას ნანობ?

- ვნანობ იმას... უფრო სწორად რომ ვთქვა, მაქვს განცდა იმისა, რომ არც ისე ბევრი დრო დამრჩა, როგორც თინეიჯერობისას მქონდა. არც ისეთ ასაკში ვარ, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია.

- შემოქმედმა ნიკამ შენი მეორე მე ხომ არ დაჩაგრა?

- ალბათ, ჰო, თუ გავითვალისწინებთ პირადს და ოჯახს.

- სულ შემოქმედებით ქარტეხილებში, ნიჭის რეალიზებაში ხარ, მაგრამ შენს გარშემო სულ ისმის - რატომ არის კიდევ მარტო?

- მარტო შეიძლება არ ვარ... მე დიდი ოჯახი მყავს, ამ ოჯახში, სამართლიანად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ორკესტრი შედის. ჩემთვის ყოველდღიური, მთავარი საზრუნავი ეს არის.

- როდესაც სახლში შედიხარ და კარს მიიხურავ...?

- სახლში შესვლამდე იმდენ ადამიანთან ვარ კომუნიკაციაში, რომ დღის ბოლოს, სახლის სიმარტოვე ისეთი კომფორტი და ისეთი სასიამოვნოა... ცხოვრების ამ სტილს მივეჩვიე და სიმართლე გითხრა, რომ წარმოვიდგინე, შინ უძვირფასესი ოჯახის წევრებიც რომ დამხვდნენ, ჯერჯერობით, არ ვიცი, რამდენად მსურს ეს. თუმცა ეს ერთგვარი თავის გამართლებაა ახლა ჩემი მხრიდან. ამიტომ არ ვიცი... რუტინიდან, რომელშიც თავი ამოვყავი, ვეღარ გამოვდივარ და ასე ვაგრძელებ ამდენი წელია.

- შემოქმედი მარტო, ძნელი წარმოსადგენია. გყავს გვერდით საყვარელი ადამიანი?

- ხან ვინ, ხან - ვინ. ბოლო წლები არავინ  მყვარებია. თან არ ვიცი, ასე რატომ ხდება. შინაგანად ვცდილობ, რომ შეყვარებული დიდად არ ვიყო. ამას დრო მიაქვს. დილას რომ ვიღვიძებ, იმდენი საქმე მაქვს, დღის გეგმა, საათებით მაქვს გაწერილი, თან იმდენად მკაფიოდ, რომ ვცდილობ არც გადავუხვიო. ტელევიზორს აღარ ვუყურებ, ვერიდები ნეგატივს, ემოციური გავლენის მეშინია, რადგან შეიძლება მეორე დღეს არაფრის დაწერა აღარ მომინდეს. 

- ამიტომ გითხარი, შემოქმედი ნიკა გჩაგრავს-მეთქი.

- არა უშავს. ამ ქვეყანაში ბევრი არაჩვეულებრივი ოჯახი არსებობს და ბევრი არაჩვეულებრივი ბავშვი იბადება. მე თუ მთელ ჩემს ცხოვრებას მუსიკას მივუძღვნი, ეს შეიძლება ერთი ოჯახის სანაცვლოდ მოხდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, ბევრ ოჯახს გაახარებს და კარგ კონცერტებზე დასწრებით, სიკეთეს მოუტანს. ამიტომ იყოს ეს ერთგვარი მსხვერპლი ჩემი მხრიდან, არაუშავს.

თავისთავად თუ მოხდება, ჩემო ძვირფასო, მოხდეს. სიყვარულს ხომ ასაკი არ აქვს?!

- ნიკა, სიმარტოვის შიში?

- სიმარტოვის შიში არ მაქვს. ხანდახან, ჰო, გაიფიქრებ, მაგრამ... მამაჩემი 60 წლის იყო ცოლი რომ მოიყვანა. იქამდე დრო მაქვს.