„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
"ჩემი თეატრი პოსტმოდერნისტულია. კლასიკური ნაწარმოებებიც აბსოლუტურად ჩემს სტილში მაქვს დადგმული. თეატრი და რეჟისორი ახალი პროფესიაა და ის სინთეზია მოძრაობის, სიტყვის, მიმიკისა თუ მიმოდრამის. 15 წელია ასე ვაკეთებ სპექტაკლებს", - ,,პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს ალექსი ჯაყელი, საფრანგეთში მცხოვრები რეჟისორი.
ალექსი ჯაყელი პარიზში, პიანისტისა და არქიტექტორის ოჯახში დაიბადა. 5 წლის იყო, როცა ჯაყელების ოჯახი ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნდა.
„მამა შეშინდა, შვილები გამიფრანგდებიანო“, – იხსენებს რეჟისორი.
თუმცა, მოგვიანებით, როცა მამა უკვე ცოცხალი აღარ ჰყავდა, იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა და იმ ქვეყანას დაჰბრუნებოდა, სადაც დაიბადა. საფრანგეთში გამგზავრებამდე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ (1990-დან 1998 წლამდე) თქვა, რომ გორის თეატრის მსახიობებს აუცილებლად ათამაშებდა საფრანგეთში. წლების შემდეგ მან დანაპირები შეასრულა. საფრანგეთში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდანაც ჩაიყვანა მსახიობები სათამაშოდ.
ალექსი ჯაყელს ახასიათებენ, როგორც ორიგინალური სპექტაკლების ავტორს და ამბობენ, რომ ის არის რეჟისორი, რომელმაც დროს გაუსწრო.
ცხოვრობს ლა ბოლი-ესკუბლაკში, სადაც ორი თეატრალური ფესტივალი და თეატრალური კომპანია – Djakeli Art Compagnie - „ჯაყელის არტ კომპანია“ დააფუძნა. 2010 წლიდან 2018 წლამდე საფრანგეთში 47 ქართველი არტისტი მიიწვია...
ალექსი ჯაყელი: "ჯაყელის არტ კომპანია" ახლა კულტურის ცენტრთან თანამშრომლობს. დიდი ხანი ვიყავი ლა-ბოლის მერიის პარტნიორი.
ახლა ერთდროულად ორ სპექტაკლზე ვმუშაობ. მაგრამ იყო დრო, ერთდროულად შვიდ სპექტაკლზეც მიმუშავია. პრემიერა 22 მაისს გვაქვს. ვნახოთ, გაიყიდება თუ არა სპექტაკლები.
სპექტაკლებს და ნახატებს ოპუსებად ვნომრავ.
ახლა ოპუს მესამასე და ოპუს სამასმეერთე სპექტაკლებს ვდგამ.
ამ ორიდან ერთი სპექტაკლი ჩემს ლექსზე ავაწყე.
მცივა
მცივა, ვიწვი, რაღაც იდუმალი ყვირილი მესმის
სული კვნესის, გული ტირის, ღრიალი წივილი, ყვირილი მესმის,
მესმის იდუმალი ლაპარაკი ღმერთის, როგორც ღრიალი მომაკვდავი გედის.
დედის ღრიალი, იდუმალი გოდება ღმერთის,
რაღაცა მართლა მესმის?!
და სპექტაკლს ასე ჰქვია - "რაღაცა მართლა მესმის?!"
ადამიანი იხსენებს თავის ცხოვრებას, რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდა ქალი. ეს სიყვარული იყო საოცარი და მერე ჰყვება კაცობრიობის ისტორიას, თუ როგორ ნახა, ჯერ მონათმფლობელური წყობა, მერე კოცონზე როგორ დაწვეს ჯორდანო ბრუნო, მერე ჰიტლერი და მისი დიქტატურა. გმირს ბებია, იტალიურ ეზოში, პუშკინის „ოქროს თევზის“ ზღაპარს უყვებოდა... მორალი კი ის არის, ვისაც ყველაფერი უნდა, იმას არასდროს არაფერი შერჩება.
55 წუთიანი სპექტაკლია ცოტა ტექსტით, მოძრაობასა და მუსიკაშია გაკეთებული.
მეორე სპექტაკლს სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინის" მიხედვით ვაკეთებ, რომელსაც ჰქვია „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“.
გამოყენებული მაქვს ხუთი მეტრანახევრიანი შავი ყუთი. ნოეს კიდობნის ვარიანტია. გამოყენებული მაქვს ჰამლეტის მონოლოგი, ტიბეტელი ბერების საუბარი...
ბოლოს ისმის ხმები - "ღმერთმა თეატრიდან გამოგვაგდო. ხელოვნება არ არსებობს, ის თქვენ ხართ, ღმერთი არ არსებობს, ის თქვენ ხართ..." ისმის მრავალჟამიერი...
ორივე სპექტაკლში დავაკავე თბილისიდან ჩამოსული მარიამ სალუქვაძე, ნიჭიერი მსახიობია. თუმცა თეატრალურის დასრულების შემდეგ, პოლიციაში მუშაობდა.
მე როლზე არ ვეპატიჟები ადამიანს, რომელმაც გზა ნაცნობობით თუ ნიჭით გაიკვალა. ვეპატიჟები ნიჭიერს, რომელმაც გზა ვერ გაიკვლია.
შარშან ჟურნალისტი მოვიწვიე "თეატრალურ ბრეინსტორმინგში" სათამაშოდ. ჩემი გადაწყვეტილება ძალიან ზუსტი და სწორი იყო. არც მე შემშლია, არც - მას. ხომ შეიძლებოდა ავყევით ემოციას, ჩამოვიდა და ვერ ითამაშა. არა! დეა თავბერიძე აბსოლუტურად ჩაჯდა იმ ატმოსფეროში, რაც მას დახვდა. განათლებული ადამიანია და ესმის, რასაც ეუბნები.
ფეისბუქით მოხდა ჩვენი დაკავშირება. არც ვიცნობდით ერთმანეთს. პირველი რაც მომწერა იყო - როლზე უნდა დამაკავოთ? მსახიობი ხარ-მეთქი? არა, ვოცნებობო. არც ვაციე, არც ვაცხელე და ჩამოდი, გათამაშებ-მეთქი, ვუთხარი. მანაც, არც აცია, არც აცხელა, კარგი ჩამოვალო.
გვეწერა აფიშაზე - დეა თავბერიძის განსაკუთრებული მონაწილეობა. ის იყო განსაკუთრებული, რომ მას შეხება არ ჰქონია თეატრთან, მხოლოდ ოცნებობდა მსახიობობაზე და მან სპექტაკლი ითამაშა.
ჩემს სპექტაკლებს მეორე-მესამე წარმოდგენაზე ხსნიდნენ საქართველოში. მიზეზი დემაგოგიაა. ჩვენს ქვეყანას მაშინ ეშველება, როდესაც ჩვენი აზროვნება პირადულს გასცდება. სანამ თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს ეგონებათ, რომ ეს ამხელა თეატრები მათი დუქნებია, მანამ არ გვეშველება. არც რუსთაველის თეატრია ვინმეს დუქანი, არც მარჯანიშვილი, არც სხვა თეატრი. სამხატვრო ხელმძღვანელებს არ შეუძლიათ თავის ნებაზე იქცეოდნენ, ვიღაც გააგდონ, ვიღაც მოიყვანონ, ვიღაცას იმიტომ აქებდნენ, რომ მასთან კარგი პირადი ურთიერთობა აქვთ...
ახლა ბევრ სამუშაოს აღარ ვეძებ. უფრო ფერწერაზე ვარ გადართული. რკინაშიც ვმუშაობ. ვერთობი.
ჩემი ოცნებაა, საქართველოში ჩამოვიდე, მომცენ ყველაზე წყალწაღებული თეატრი და მე ფეხზე დავაყენო. არადა, უკვე 59 წლის ვარ, უკვდავი ხომ არ ვარ?!
აქ ყველა მიცნობს და იციან, რომ მე მათგან ძალიან განსხვავებული ვარ. ერთი ასეთი ეპიზოდია ჩემს ცხოვრებაში: ლა-ბოლის მერიამ ჩემი ფესტივალისთვის - "ხელოვნება პლაჟზე" 60 ათასი ევრო გამოყო. ჩამოვიყვანე ქართველები და პლაჟზე მოწყობილ სამ სცენაზე 21 დღის მანძილზე ვათამაშებდი სპექტაკლებს.
ზაფხულში ლა-ბოლის სანაპიროზე მსოფლიო დონის ვარსკვლავებს გადააწყდებით. "დონ ჟუანის" ქართული ვარიანტი მქონდა ჩოხებით გაკეთებული, სიმღერებით... ჰონორარს ქართველებსაც ისე ვუხდიდი, როგორც ფრანგებს. დასრულდა ფესტივალი და მოვიდა ფრანგი რევიზორი.
60 ათასი ევრო დიდი ფული არ ყოფილა, ძალიან ზუსტად გვეყო.
იმ დროს მყავდა გაწვრთნილი ნაგაზი ჯულბასა. მაღაზიიდან სიგარეტი მოჰქონდა, კარს აღებდა, კეტავდა. მაგარი ძაღლი იყო...
მოკლედ, შემოვიდა გაწკეპილი 23 წლის რევიზორი, ყელში წაჭერილი ჰალსტუხით... მე დავჯექი გაბურძგნული, გაოფლიანებული, დაღლილი. ლა-ბოლში არის საწარმოები, რომლებიც მილიარდებს აკეთებენ. ეს ბიჭი კი ჩემს ქაღალდებში იქექება, ბილეთების ფასებზე მისვამს შეკითხვებს. მე ვთავაზობ, მოგცემთ ფლეშკას, იქ მაქვს ყველაფერი და... "თქვენ ვინ ხართ?" - მეკითხება. სამხატვრო ხელმძღვანელი-მეთქი. თქვენ თქვენი კომპანიის იურიდიული პირი არ ხართ. იურიდიული პირი არის პრეზიდენტი და ბუღალტერი, რომლებიც აქ სხედანო, მპასუხობს. ისინი კანკალებენ.
მე წყნარად ავდექი, კარი გადავკეტე. ჯულბასამ დაიღრინა. ჯულბას, შენ ხმა არ ამოიღო-მეთქი, ვუთხარი. ეს ტიპი გაგიჟებული მიყურებს. მერე ვეუბნები, ახლა ავდგები და ცემით გაგხეთქ, ისე გცემ, ვერ ადგები, მერე ციხეში წავალ და ათ წელიწადში ციხიდან რომ გამოვალ, მოგკლავ-მეთქი. გაშტერებული მიყურებს. ახლა შენ წახვალ, ერთ კვირაში გამოგზავნი ქაღალდს, სადაც ეწერება, რომ ჩემს კომპანიას ყველაფერი წესრიგში აქვს-მეთქი. წადი და ის კომპანიები შეამოწმე, ლა-ბოლში მილიარდებს რომ აკეთებენ-მეთქი! გასაგებიაო. ერთ კვირაში მართლა მივიღე ქაღალდი, რომ კომპანიას წესრიგში აქვს ყველაფერი. მას შემდეგ საერთოდ არავინ მოსულა საბუთების შესამოწმებლად.
საფრანგეთში ეგეთი რამ არ ხდება, მაგრამ მე გამდის! (იცინის)
სხვათა შორის, ვწერ ჩემი ცხოვრების ფაქტებზე, მაგრამ ისეთ ცუდი ისტორიებია, რომ მისი წიგნად გამოცემა არ შეიძლება. ფორმა უნდა მოვუძებნო. არის რაღაცები, რისი მოყოლაც სრულიად შეუძლებელია. მაქვს ჟანდარმერიასთან გადამხდარი ისტორიაც...
მაქვს იდეა, თავებს შესაბამისი ნახატები დავურთო.
272 ნახატი მაქვს დახატული. ტილოებზე სახელების დარქმევა საჭიროდ არ მიმაჩნია. სახელსა და გვარს უკან ვაწერ.
ახლა იცით, რას ვაკეთებ? ავტობუსის მძღოლის მართვის მოწმობა უნდა ავიღო და ბავშვები ვატარო სკოლაში. ორშაბათიდან პარასკევამდე მძღოლი ვიქნები, შაბათ-კვირას რეპეტიციების ჩატარება შემიძლია. აქ სულ არდადეგებია სკოლებში, მეც თავისუფალი ვიქნები. ავტობუსის მძღოლობის თემა ძალიან მახალისებს. დავიღალე ხან ფულის შოვნით, ხან ხვეწნით, ღრეჭვით. თან ერთი და იგივე რამის კეთება ხშირად მბეზრდება.
ახლა თვითონ ვაკეთებ ყველაფერს ჩემს სპექტაკლებში - კოსტიუმებს, აფიშას, მუსიკალურ გაფორმებას, დეკორაციას... ჩემი შვილის, ბექას მუსიკალურ ტრეკებს ვიყენებ. ის მეხმარება.
საფრანგეთში რთულია თეატრმა დაფინანსება მიიღოს, ბევრი წვალება უნდა. მე როგორც თეატრის მენეჯერი, უნიჭო ვარ. თავიდან მყავდა ამ პროფესიის ადამიანი. ახლა თვითონ ვარ და ეს მღლის.
რამდენი სპექტაკლი უნდა დავდგა? რამდენი ჰამლეტი, ოიდიპოსი? რამდენჯერ დავდგა? ვაგნერის ოპერაც კი მაქვს დადგმული. აღარ მინდა. მინდა ჩემს ქვეყანაში საკუთარი თეატრი შევქმნა და ის იყოს განსაკუთრებული.
სპექტაკლების დადგმა-გაყიდვას, ახლა, ავტობუსის მძღოლობა მირჩევნია. თვეში 2500 ევროდ მშვენივრად ვიცხოვრებ.
მძღოლობაც საპასუხისმგებლოა, 65 ბავშვი ატარო სკოლაში, ზოგი სოფლიდან, იარო 25 კილომეტრი ორ განყოფილებიანი ავტობუსით, მარტივი არ არის.
- თეატრი რა არის თქვენთვის?
- თეატრი სარკეა. ის ადამიანის სულს ელაპარაკება. თეატრში მე რასაც ვაკეთებ, განუმეორებელი უნდა იყოს, ექსტრაორდინალური. არ შეიძლება დადგა „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, დღეს არც „თეთრი ბაირაღების“ დადგმა შეიძლება. არც 90-იანებში უნდა დადგმულიყო. ნოდარ დუმბაძეს არ დავდგამ მიუხედავად იმისა, რომ კარგი კაცი იყო. გრიგოლ რობაქიძე ამბობდა, მაგალითად, იანგულს, ზღვა რომ გამორიყავს და მკერდზე ჰელადოსი აქვს ამოსვირინგებული; ისტორიული ფაქტია - საბჭოეთმა ბერძნებით სავსე გემი ზღვაში ჩაძირა, დახოცეს ხალხი. უცებ ამაზე რომანტიკული ისტორია დაიწერა...
ანდა, რაც ორთაჭალის ციხეში ხდებოდა, ეს იყო საშინელება, საბჭოთა ციხე ქურდული კანონებით, საშინელება იყო, ძალზე დრამატული რამ. ნოდარმა „თეთრი ბაირაღებით“ ვოდევილები გააკეთა. ეს ჩემთვის მიუღებელია. არ დგას სიმართლესთან ახლოს.
მე სპექტაკლებით მინდა ვთქვა რომ ღმერთი ადამიანშია და ადამიანი ქმნის ხელოვნებას, საოცრებებს, რაც არსებობს მსოფლიოში - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იქნება ეს, პირამიდები, სემირამიდას დაკიდული ბაღები თუ სხვა. და ადამიანში არის კეთილიც და ბოროტიც.
ღმერთის არსებობის მჯერა, მაგრამ ის, რომ ღმერთი ან მართლმადიდებელია ან კათოლიკე ან პროტესტანტი, აქედან ძალიან შორს ვარ. საფრანგეთში კათოლიკურად ვარ მონათლული და შემდეგ გადამნათლეს მართლმადიდებლურად.
ცხოვრებაში არ ვეტყვი ადამიანს, შე უღმერთო-მეთქი. ყველამ თავის თავს მიხედოს. კარგი არც ათეიზმია და არც ფანატიკური რელიგია. მოდი, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ.
ჩემთვის ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი - „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი“ არის მთავარი კრედო. ამ წერილს რატომ არ კითხულობენ ის მღვდლები, რომლებიც სისულელეებს ქადაგებენ?.. ეს დაწერა ქართველმა, რომელიც ფშავს არ გასცდენია.
მითხრეს, ქალაქ ბორდოსთან ახლოს მდებარე პატარა სოფელში არის ერთი მართლმადიდებელი მღვდელი, მაგარი ტიპიაო. მთელი ღამე ვიარე მანქანით. მივედი მართლმადიდებლურ ცენტრში და ფრანგ მოძღვარს ვეუბნები, მოვედი, რომ მოვინანიო-მეთქი. დილის ცხრა საათზე შემიყვანა კელიაში. დავიწყე ლაპარაკი და ღამის თერთმეტი საათი იყო, აღსარება რომ დავამთავრე. მოძღვარმა მითხრა, ახლა პატარა ცერემონიას ჩავატარებ, რომ შეგინდოს უფალმა ყველაფერი, რაც მომიყევიო. მისმენდა გულის ყურით. ცუდ მდგომარეობაში ვიყავი და ვუყვებოდი ცოდვებს.
იალქნიანი ნავით მგზავრობისას ქარი უნდა დაიჭირო. როგორც კი დაიჭერ, მიდიხარ. ასე რაღაც დავიჭირე და ავლაპარაკდი.
- კელიაში ზურგის ქარმა დაჰბერა?
- ჰო, რაღაც ასეთი, საოცრება იყო. მაზიარა. მას შემდეგ, ჯერჯერობით, აღსარება აღარ მითქვამს. მე ამ აღსარებამ მიშველა, რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ტვირთი მოვიხსენი. და ეს იმ მღვდლის დამსახურება იყო. მან მე მართლა მომისმინა. ჩვენ თუ ერთმანეთს გულისყურით მოვუსმენთ, ბევრი კარგი რამ გაკეთდება. ურთიერთობები ისე მიდის, რომ ადამიანები ერთმანეთს აღარ უსმენენ.
- ერთი ოჯახის წევრები ერთად აღარ სადილობენ, ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან. ადამიანები ფიზიკურად ერთად არიან, ერთ სივრცეში, მაგრამ ერთად არ არიან. ერთობა დაიკარგა. გაუცხოება მეფობს. ეს სადამდე მიგვიყვანს?
- ეს სერიოზული მსოფლიო პრობლემაა დღესდღეობით.ამაზე მე პასუხი არ მაქვს. უნდა შევეცადოთ რომ შვილებს, შვილიშვილებს, ვისაც კი ვასწავლით, ჩავუნერგოთ, რომ ასე არ იცხოვრონ.
- თქვენ ემიგრანტების ოჯახში დაიბადეთ, ბაბუა ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი იყო. თქვენთვის სამშობლო რა არის?
- სადაც არ უნდა იყო, ყველგან სიკეთე უნდა დათესო. მნიშვნელობა არ აქვს მიწას, ქვეყანას. ეს სიკეთე მიუვა შენს ქვეყანას, შენებს. აბსოლუტურად, ყველა უნდა გიყვარდეს. რთულია, კარგის დანახვა. თუ კარგ საქმეს აკეთებ, ესე იგი, შენი ქვეყანა გიყვარს. გაქვს სიყვარულის ნიჭი.
გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ათი წელი ვიყავი. მაგრამ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არ დავრჩენილიყავი. შევარდნაძის ხელისუფლებასთან უთანხმოება მომივიდა. ქვეყანა რომ არ დამეტოვებინა, ალბათ ამაფეთქებდნენ...
მე დაწერილი მაქვს, რომ გარდაცვალების შემდეგ დამწვან და ფერფლი მოაყარონ დედამიწას, ყვავილებიანი მდელო იქნება ეს, თუ ოკეანე. დაზღვევით ჩემი დასაფლავება დაფინანსებული მაქვს. მე არ მინდა მკვდარმა დედამიწაზე ადგილი დავიკავო. რა უბედურებაა ამდენი სასაფლაო? სიკვდილის შემდეგ სხეული არაფერია, სული გაფრინდება, საფლავი კი არაფერს ნიშნავს.
მამა რომ გარდაიცვალა 2000 წელს, ჩამოვედი მანდ, საქართველოში და მის დასაფლავებას დავესწარი. პირველი ჯაყელი იყო, რომელიც ქართულ მიწაზე დასაფლავდა. თუმცა უნდა გითხრათ, ჩემთვის საფლავზე მისვლა და დაჯდომა, არაფერს ნიშნავს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, ვაიმე, ეს რა თქვა, დედააა. როცა მე ვინმესგან რაიმე მიკვირს, არ ვაკრიტიკებ. ის ასე თვლის, რა მოხდა.
ადამიანის არსებობაში მთავარია, თუ მას შვილები ჰყავს, მათი მსოფლმხედველობა სწორად წაიყვანოს და ასწავლოს სიყვარული. ერთი გაფუჭებული ადამიანი, მთლიანად შტოს აფუჭებს, მერე მეორე, მესამე... საქართველოში ბევრი შტოა გაფუჭებული, ვიღაც ვიგინდარების გამო, რომლებმაც შვილები არასწორად გაზარდეს, არ ასწავლეს სამშობლოს სიყვარული და მხოლოდ ჭამა-სმის ცოდნით შემოიფარგლნენ.
- ოჯახზეც გვითხარით რამე...
- ორი შვილი მყავს, მუსიკოსი ბექა და ოთარი, რომელიც კომპიუტერული ტექნიკით მეცნიერებაშია გადართული. ბექას ჰყავს საოცარი მეუღლე, მარიამ ოდიშელიძე-ჯაყელი, ძალიან მიყვარს. ჰყავთ ორი შვილი, ალექსანდრე და ელიზაბეტი.
ბიჭების დედა მეგი ჯაყელია, მაგარი პიანისტი. ერთად აღარ ვართ. ის ლა-ბოლში, ჩემგან 12 კილომეტრში ცხოვრობს. მშვენიერი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.
არ შემიძლია არ მოგიყვეთ საოცარი ისტორია ბაბუაჩემზე. ბაბუა, ალექსანდრე ჯაყელი ჭიათურის მარგანეცის მფლობელი გახლდათ. იყო მეცენატი. სტალინმა ციხეში ჩასვა. მარგანეცი ამერიკელებმა არ იყიდეს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა იყო. სტალინმა გაუშვა უცხოეთში ბაბუა, ბაბუამ კი ჰააგაში უჩივლა. თუმცა სანამ უჩივლებდა, ბებია და ბაბუა, კონტრაბანდისტებმა აჭარიდან თურქეთში გადაიყვანეს და ჯაყელები ავითესეთ.
ერთ დღეს მირეკავს გრიბოედოვის თეატრის მსახიობი, მიშა ამბროსოვი: - მშრალ ხიდზე ვნახე აქცია, ბაბუაშენის ხელმოწერით და ქალი 50 ლარად ყიდისო. ამ ქალს ვუთხარი, ამ კაცის, საშა ჯაყელის შვილიშვილი საფრანგეთში ცხოვრობსო და ჩემი ნომერი მივეციო. საღამოს მიშასთან მისულა კაცი და ეუბნება: მე იმ ქალის შვილი ვარ, ალექსანდრე საშა ჯაყელის აქციას რომ ყიდდა. ოთარ ჯაყელის (საშას ვაჟის) მოწაფე ვარ, მან მხოლოდ არქიტექტურა კი არა, ცხოვრებაც მასწავლა და აი, მოგიტანეთ აქცია და ჩემგან საჩუქრად გაუგზავნეთ ბატონი ოთარის შვილს ეს აქციაო. აი, რა სასწაული ამბავია. ეს აქცია სახლში მაქვს, კედელზე. აქციას აწერია: გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე ჯაყელი და ბაბუას ხელმოწერა. თბილისი 1924 წელი.
ამონარიდი ალექსის ძმის, გივი ჯაყელის მონათხრობიდან.
"ერთი ჩემოდნით მოვხვდით პარიზში, გარეუბნებში კარდაკარ ვაკაკუნებდით. ჟონ სელიემ, უკეთილშობილესმა კაცმა, შეგვიკედლა და სახლი შუაზე გაგვიყო. მალე სამეზობლოც დაგვიმეგობრდა. ფეხის გასაწმენდი ტილოს ქვეშ გვხვდებოდა ფული, ვისგან, არასოდეს ვიცოდით. მამამ, ოთარ ჯაყელმა ჯერ მუშად დაიწყო მუშაობა. მერე პარიზის მთავარმა არქიტექტორმა დელაჟმა დაუძახა და უთხრა, ყველაფერს ჩემი სახელით გააკეთებო, რადგან ისევ და ისევ პასპორტის პრობლემა ჰქონდა. მამას დაპროექტებულია პარიზში ანატომიის მუზეუმი, ძალიან ბევრი ტაძარი და ქარხანა. მერე მამამ თავისი სახელოსნო შექმნა. ერთხელ ბრიჟიტ ბარდო მისულა, სახლის დაპროექტება და აშენება უნდოდა. მის თანამშრომლებს თავი გამოუდვიათ, წავალთ, ზომებს ავიღებთო, მაგრამ მამამ არ დაანება და თავად წაჰყვა ბარდოს. მისი სახლის ინტერიერიც მამამ გააფორმა".
მერე იყო სამშობლოში დაბრუნება...
ალექსი ჯაყელი: საქართველოში საფრანგეთიდან 1970 წელს დავბრუნდით. დედა პიანისტი იყო, მამა არქიტექტორი, ბევრი მოწაფე ჰყავდა. მახსოვს მეუბნებოდა, ორ რამეს არ გაპატიებ, თუ ოდესმე პარტიის წევრი გახდები და რუს ცოლს თუ შეირთავო. მოწაფეებს კი ეუბნებოდა, საქართველო 90-იან წლებში გათავისუფლდება, იმპერია დაინგრევაო. მერე როდესაც მას მიახარეს, ბატონო ოთარ, საქართველო თავისუფალია, დამოუკიდებლობა მოვიპოვეთო, პასუხობდა, არ დაიჯეროთ იმპერიის დანგრევა, ყველაზე დიდი უბედურება ახლა იწყება. იმპერიის დანგრევას კიდევ 50 წელი სჭირდებაო...
ოთარ ჯაყელის შვილიშვილი, ლუკა ადიკაშვილი თორნიკე ყაჯრიშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰყვება: "ბაბუას ზღვა უყვარდა, მაგრამ მეზღვაური ვერ გახდებოდა, სათვალეს ატარებდა. ბელგიაში გემი აუგია. ბელგიის პრინცესას მოუნდომებია ყიდვა, მაგრამ ყოყმანობდა. ამიტომ ბაბუამ ინგლისში გადაცურ-გადმოცურა, რომ გემის საიმედოობაში დაერწმუნებინა. მერე იყიდა პრინცესამ ბაბუას აგებული გემი. ამერიკის ყოფილ ელჩს შევხვდი... მე ჯონ შალიკაშვილთან ვმეგობრობდიო, მითხრა. მე ამაყად ვუთხარი, ბაბუაჩემიც, ოთარ ჯაყელიც მსახურობდა შალიკაშვილის ბიძის ლეგიონში-მეთქი და ვიციო! მის შესახებ ამერიკაშიც რომ იცოდნენ, მეამაყება".
ოთარ ჯაყელმა შვილებს სამსიტყვიანი ანდერძი დაუტოვა: "სამშობლო, სამშობლო და კიდევ ერთხელ სამშობლო."