„ოპერაციის დროს დარდი ჩამყვა, ხვიჩას მშობლები რას იფიქრებენ... ჩვენ ხელს გვაწერინებს და შვილს გვილანძღავსო“ - რა ისტორიას იხსენებს კვარაზე დათო ტურაშვილი

kvara

"ხო იცით, ჩემი ნერვიულობა არ შეიძლება" - გუშინ "ფორმულას" ეთერში ასე ხუმრობდა დათო ტურაშვილი, რომელიც თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, გადაცემაში "მე-17 სართული" დაუბრუნდა რუბრიკას - "ტურიკას წიგნები".

მწერალმა საჯაროდ მადლობა გადაუხადა ადამიანს, რომლის რეკომენდაციითაც ის თელ-ავივის კლინიკაში აღმოჩნდა და გულის რთული ოპერაცია ჩაუტარდა.

"ყველას უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა. განსაკუთრებული მადლობა კი - დიტო აბდუშელიშვილს. ეს არის ადამიანი, რომელსაც სიკეთის კეთების  შინაგანი მოთხოვნილება აქვს. უცნაურად შემომიჩნდა - შენი ფერი არ მომწონსო. მართალი აღმოჩნდა... დიტომ მითხრა იმ ექიმზე, რომელიც ისრაელში მოღვაწეობდა, იმას გააკეთებს, რასაც სხვაგან ვერ გაგიკეთებენო.

მართლაც საოცარი ექიმი იყო; ჯარისკაცის მამაში რომ დაღლილი ქირურგია, იმას ჰგავდა. მკითხა, აქამდე როგორ ჩამოაღწიეო... არ ვიცი, დიტო აბდუშელიშვილს, ალბათ, გულმა უგრძნო თუ, არ ვიცი რა იყო, გადამარჩინა“ - თქვა დათომ. 

ისეთი დანიშნულება მაქვს, რომ კარგი ამბები უნდა მოვყვე, სახალისოო, თერაპიააო თქვა და გაამხილა, რომ ახლა წიგნს წერს ერეკლე მეორეზე.

"ერეკლე მეფის სიმართლე" - ასე ჰქვია ჩემს წიგნს. მე წიგნს ვწერ იმაზე, რაშიც ერეკლე მეფე მართალი მგონია" - თანაწამყვანებს კი უთხრა, როცა ერეკლე მეფეზე ექნებათ დებატი, აუცილებლად მიიწვიონ, რომ რუსეთის მიერ ამ მწარედ მოტყუებულ მეფეზე ისაუბროს. 

დათომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ერთი ისტორიაც გაიხსენა.

დათო ტურაშვილი: სანამ თელ-ავივის კლინიკაში აღმოვჩნდებოდი, რა აღარ დამაბრალეს. თითქოს ვიყავი  მხედრიონელი, გვარდიელი, მკვლელი. ასეთი უცნაურობაც დამაბრალეს, თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას ვწყევლიდი და ვლანძღავდი. ვერც მივხვდი ამის დაბრალება რაღა საჭირო იყო.

ბევრი დარდი ჩამყვა ოპერაციის დროს... რომ ხვდები, რომ შეიძლება ვეღარ მობრუნდე. მათ შორის ეს დარდი, რაც ხვიჩაზე დამაბრალეს. რაზე ვინერვიულე, იცით? სანამ ამას დამაბრალებდნენ და მერე იქ მოვხვდებოდი, რამდენიმე ხნით ადრე, სპეციალურად წავედი, ვნახე ხვიჩას მშობლები და მაისურზე (კვარადონა 77) ხელი მოვაწერინე, ქალბატონ მაკას და ბატონ ბადრის. მადლობა გადავუხადე, რომ ასეთი შვილი გაზარდეს. შვილი, რომელმაც ამდენი სიხარული გვაჩუქა. ხო ყველა ხვიჩას აწერინებს ხელს, მე მის მშობლებს მოვაწერინე.

ჰოდა, რა დარდი ჩამყვა: მშობლები რას იფიქრებენ, რა ნაძირალაა, ხელს გვაწერინებს და მერე მიდის ჩვენს შვილს ლანძღავსო. საშინელი დარდი ჩამყვა.

მშობლებს რომ გაიცნობთ, ეგრევე მიხვდებით,  ეს მონდომება, თავმდაბლობა და კეთილშობილება საიდან აქვს ხვიჩას.

ხვიჩა კვარაცხელიამ დამიბრუნა ის სიხარული, რაც მე ბავშვობაში მქონდა. 

17 მაისს მილანში უნდა წავიდე, იტალიური წიგნების მაღაზიაში ჩემი წიგნების განხილვას აწყობენ. დარწმუნებული ვარ კვარას გამო. თორემ იქ ჩემი წიგნი ახლა კი არ გამოცემულა. ქართული ბიბლიოთეკა "მერანის" მონდომებაც არის, მაგრამ იტალიელების მონდომება ხომ კვარას გამოა.