„ეს იდეა დიდი ხნის განმავლობაში მაწვალებდა. დეპრესიის შემდეგ კი, ზურას შევახსენე...“ - რა გაგვიმხილეს ცნობილმა გურულებმა

zura

"ორი გურულის შეთანხმება სახიფათო საქმეა, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და "გარდენია შევარდნაძემ" თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ და არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქ ქუთაისში ცისფერყანწელების ბაღს მოვაწყობთ" - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

სასიამოვნო იდეაა, ერისთვის ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებული და მათ უკვდავსაყოფად მოფიქრებული. 

ცისფერყანწელები — ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანებაა, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ ლიტერატურაში დომინირებდა. დააარსეს ახალგაზრდა მწერლებმა ქუთაისში 1916 წელს.

იმ დროს ქუთაისი ქართული ავანგარდული აზროვნების ცენტრს წარმოადგენდა. აბა, წარმოიდგინეთ რა ტრიალებდა შეკრებებზე, სადაც ამ მიმდინარეობის წევრები - ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, ალექსანდრე არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი (გოგიაშვილი) იკრიბებოდნენ. გულანთებული ახალგაზრდა პოეტები საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილები იყვნენ, ამიტომ გადაწყვიტეს ძველი თაობიდან მიემხროთ რომელიმე გამოჩენილი მოღვაწე, ვთქვათ, გრიგოლ რობაქიძე. გალაკტიონ ტაბიძეც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა, თუმცა მოგვიანებით მან ეს გუნდი დატოვა. ამ სახელებთან დაახლოებული იყო ასევე მხატვარი ლადო გუდიაშვილი, რომელიც ხშირად მათი პუბლიკაციებისთვის ილუსტრაციებს ქმნიდა. მან მოხატა რუსთაველის სარდაფში კაფე "ქიმერიონი", სადაც ცისფერყანწელები იკრიბებოდნენ...

გაერთიანებამ  1930-იან წლებამდე იარსება. საბჭოთა წყობილებამ უსარგებლოდ შერაცხა მოძრაობა და მის წევრებს დევნა დაუწყო... 

მოკლედ, ჩვენი სიმბოლისტების უკვდავსაყოფად, ულევად სასარგებლო იდეებით აღჭურვილმა  გიორგი კეკელიძემ ასეთი რამ მოიფიქრა: ჯადოქარ მებაღეს, ზურა შევარდნაძეს ცისფერყანწელთა სახელობის ბაღი გააშენებინოს. 

აი, რას ამბობენ სასარგებლო გურულები "პრაიმტაიმთან":

გიორგი კეკელიძე: ნიკო ნიკოლაძის სახელობის კორპუსი ექვსი წლის წინ დავაფუძნეთ. ეს არის კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნთსაცავი. დაახლოებით სამი მილიონი წიგნია თავმყორილი იქ. შენობას დიდი სივრცე აქვს უკან, სადაც ადრე ჯართის საწყობი იყო. როდესაც გადავხედე, ვიფიქრე, ყველაზე უფრო სწორი და იდეალური გადაწყვეტილება იქნებოდა  აქაურობისთვის იმ დიდი და მნიშვნელოვანი ხალხის სახელის წოდება, რომელთაც ცისფერყანწელები ერქვათ და რომლებმაც ქართული სიმბოლიზმი, გალაკტიონ ტაბიძესთან ერთად შექმნეს.

ეს იდეა დიდი ხნის განმავლობაში მაწვალებდა. შემდეგ ვუთხარი ზურას, დაახლოებით ორი წლის წინ. შემდეგ ჩემს თავს მოხდა ის, რაც მოხდა. წელიწადნახევრიანი მტანჯველი და ყველაფრის გამომტოვებელი დეპრესია.

და ახლა, როდესაც მეტ-ნაკლებად დავუბრუნდი ცხოვრებას, ზურას შევახსენე, ის კი ჩვეული ენთუზიაზმით გამოეხმაურა შეთავაზებას და დაგვპირდა, რომ იქ ცისფერყანწელების შესაბამის ბაღს მოაწყობს. როგორც თვითონ  გადაწყვეტს, ბაღიც ისეთი იქნება.

ზურა შევარდნაძე: ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა არ მაქვს, მაგრამ არ მგონია, ერთი ბაღის მოკტუჭუნება გამიჭირდეს. მე ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ შესაფერისი ბაღი გავაკეთოთ. 

- ცისფერყანწელებს გულის ჯიბეში მიხაკი ედოთ. ამ ბაღში მე უკვე მიხაკების კუთხეს ვხედავ.

- მიხაკზე არ მიფიქრია, შესაძლებელია.