"დედას თეთრწვერა კაცი ესიზმრა: ოღონდ, იმ გადაწყვეტილებას, რითაც დაიძინე, ნუ შეასრულებ და მშობიარობაზე ცხრა ქალს დაგახმარო..." - ეთერ თათარაიძის საოცარი ისტორიები

etero

ეთერ თათარაიძე თავისი დაბადების საოცარ ისტორიას გვიამბობს. ერის ძვირფასი ფოლკლორისტი, "პრაიმტაიმის" მკითხველთან, დედის მონათხრობს იხსენებს, ამბავს, რომელიც ნაბოლარა ქალიშვილს ერთხელ უამბო ქალბატონმა კესომ. დედას გამოცხადება ჰქონია... შემდეგ კი, მშობიარობისას, პატარა ეთეროს ამ ქვეყნად მოვლინებისას, უხილავად ანგელოზები ეხმარებოდნენ... ქალბატონ ეთერს საკუთარ თავზე ამაზე საუბარი ერიდება... მაგრამ ფაქტია, სიზმარმა იხსნა... 

თუშ მეცხვარეს - სტეფანე თათარაიძეს პირველი ცოლი რომ გარდაეცვალა, ცხრა თვის ქალიშვილი დარჩა. ლელა წლინახევრის იყო, მამამ მეორე ცოლი რომ შეირთო. ორი ვაჟი გაუჩნდათ. კესო რომ მესამე შვილზე დაორსულდა, სტეფანე შიშმა შეიპყრო, ვაითუ, ქალი გაჩნდეს და ოჯახში ლელას სიყვარული მან გაყოსო... ამიტომ დედის გარდაცვალებით დაჩაგრული უფროსი გოგონას სიყვარულმა, ამგვარი აზრი მიაღებინა... მოდით, ფოლკლორისტის ნაამბობი ნახეთ.

ეთერ თათარაიძე: ზემო ალვანში დავიბადე. ჩემი დაბადება ძალიან თუშური იყო. შინ, მარტომ გამაჩინა დედამ. ჩემზე ფეხმძიმე რომ ყოფილა, მამას უთქვამს, მეტი შვილი არ გვინდაო. მამას ჰქონდა ამის მიზეზი. პირველი ცოლი რომ გარდაეცვალა, ცხრა თვის შვილი დარჩა. დედამ წლინახევრიდან გაზარდა ლელა. შემდეგ ორი ვაჟი გაუჩნდათ. და ბოლოს ჩემზე დარჩა ორსულად. მამაჩემი შიშობდა, გოგო თუ დაიბადებოდა, ლელას, მშობლების სიყვარული არ გაჰყოფოდა. ლელა პამპალებდა სახლში. ახლაც ეგ პამპალებს (იცინის).

მამა, სტეფანე თათარაიძე ძალიან ჰუმანური კაცი იყო, დედაზე ჰუმანურიც. ამიტომ მისგან ასეთი,  ლამის ბრძანებამდე მისული მოთხოვნა - აბორტის გაკეთება, წარმოუდგენელიც იყო. მაგრამ ლელას სიყვარულმა ეს აზრი გაუჩინა.

დედა მორწმუნე იყო, ალბათ, გულითაც უნდოდა რომ გავეჩინე. მამამ რამდენჯერ გააგზავნა ექიმთან. ბოლოს, ბიცოლაჩემმა გადამარჩინა. სესილიას რანგის იუმორი ჰქონდა. კესო, სტეფანე რომ მოვა, უთხარი, ექიმმა თქვა, მეუღლე უნდა გახლდეს თან, მისგან თანხმობა უნდა მივიღო, ისე აბორტს ვერ გავაკეთებო. მამა მეცხვარე იყო, თუში მეცხვარე რომ ცოლს გინეკოლოგთან არ გაჰყვებოდა, ხომ ფაქტია?! ასეთი ფანდით გადავრჩი. 

ბოლოს მამამ მაინც დაუბარა, მე ცხვარში წავალ და შენ ამ საქმე მიხედეო. დედა ჰყვება, დავწექი და ვფიქრობ, ამ ტკბილ ოჯახს ამის გამო ხომ არ დავანგრევო, არ უნდა სტეფოს ეს შვილი და ხვალ ექიმთან წავალო. მოკლედ, დაწვა გადაწყვეტილებით, რომ მეორე დღეს აბორტის გასაკეთებლად უნდა წავიდეს.

იმ ღამეს კი ესიზმრება: მთაზე გამოჩნდა მაღალი, თეთრწვერა, ახოვანი კაცი, მომიახლოვდა და მითხრაო, მიჰყვება დედა:  ოღონდ იმ გადაწყვეტილებას, რითაც დაიძინე, ნუ შეასრულებ და გპირდები, მშობიარობაზე ცხრა ქალს დაგახმარო... და ეს თეთრწვერა მოხუცი გაქრა. თვალი გავახილე და განცდისგან აღარც დამიხუჭავსო, ამბობდა კესო. მაშინ ვიფიქრე, მე და სტეფანე რომც გავიყაროთ, ამ ბალღს არ მოვიცილებო. 

იმ დღეს მარტო იყო, ჩემს უფროს და-ძმას ეძინათ. მიხვდა, რომ ვიბადებოდი, ცისკარი ამოხდა, განთიადი ყოფილა. წყალი გააცხელა, იმშობიარა, ჭიპლარი გადაჭრა. არანაირი ტკივილი არ მიგრძვნიაო. როგორ ცუდად ვიყავი ბიჭების გაჩენის დროს და ახლა რანაირად ვერ ვგრძნობდიო, გაოცებული იყო. გამაჩინა სრულიად მარტომ და არ უგრძნია ტკივილი. ყველაფერი მარტომ გააკეთა. მაბანავა, შემახვია, დამაპურა, დამაძინა და თვითონაც მოწესრიგდა.

 ლელა გამოსულა დილას ოთახიდან და შენ რომ დაიჩხავლე, დედი, აქ ვინ არისო, მოგვარდა და გაკოცაო.

 მერე სისუსტე ვიგრძენიო და შვიდი წლის ლელა გაგზავნა მეზობელთან, წადი, თებროს დაუძახეო. ქალებმა იცოდნენ, რომ დედა თვეში იყო, შვილს ელოდა. 

15 მარტს საშინელ თოვლჭყაპში გავჩნდი. თებრო მოჭყლაპუნებდა კალოშებით და შემოსულა, ჭყიოდაო, რა ვუყოთ, რითი წავიყვანოთ ახმეტაში ამ ამინდშიო. მაშინ ხომ მანქანები თითო-ოროლა იყო. ვაიმე, კესო ავად ხარი, ავად ხარიო და უცებ მე გამიჭუჭყუნია და - ვაიმე, უკვე გააჩინე, ქალაი?

მერე, როცა დიდი და ფოლკლორისტი გავხდი, რომ გავიაზრე, რომ ეს სიზმარი შემთხვევითი არ იყო. თეთრწვერა კაცი, მთაზე გამოდის და სთხოვს (განა, უბრძანებს), რომ ოღონდ იმ გადაწყვეტილებას, რითიც დაიძინე ნუ შეასრულებ და გპირდები, მშობიარობას ცხრა ქალს დაგახმარო... 

ცხვარში მყოფი მამა დაბრუნდა და გაჩენილი დავხვდი მე, გოგო. ეს მისთვის მარტივი ამბავი არ არის და გულმოსულს მივყავართ თუშეთში. მე სამი თვის ვარ, მთაზე გადასაადგილებელი საბავშვო "ტრანსპორტით", ვირზე გადაკიდებული ხის აკვნის მსგავს საწოლში ჩამაწვინეს და კავკასიონი სამი დღე გადავიარეთ.

 იმდენად ჭკვიანად ვიქცეოდი და ჩუმად ვიწექი, რომ მწყემსმა, რომელიც მოგვყვებოდა, არც კი იცოდა, რომ ვირს ბავშვი მოჰყავდა. 

გზად ზვავს როგორ გადავურჩი, ესეც სასწაულია. კავკასიონზე გადასვლისას, ვირი ზვავზე დასრიალდა. ჯერ ფეხები ჩაეჭედა, ვერ ამოჰქონდა თოვლიდან. მამამ მიირბინა და ეჭიდება ვირს, ამოაძრობს თოვლიდან ფეხებს. ეს ვირი მოწყდება, სრიალით წავა თოვლზე და უფსკრულის პირას ფეხებით ისევ ჩაიჭედება თოვლში!

მამა დახუჭავს თვალებს, ვაიმე, ბალღიო, ამოხდება თურმე! მის გვერდით მდგარ კოსტა დარჩიაშვილს (შემდგომში ჩემი კლასელის მამას) უკითხავს, რა ბალღიო? არ იცოდა, რომ ვირზე ვიყავი ქოჭებში ჩაწვენილი და დაბნეულობისგან გახევებულმა, ფერწასულმა მამამ რომ უთხრა, გაქცეულა ვირისკენ კოსტა. ვირი გადაბრუნებულა, მაგრამ ეს ხის სამგზავრო საწოლი ისეთი საიმედო რამაა, არც გადმოდვარდნილა. ზემოთ მოვექეცი თურმე და კოსტას ამოვუგლეჯივარ სასწრაფოდ! დაუყვირია - ცოცხალია, ჯანმრთელადაა და ცას უყურებსო.

***

მერე თურმე, პატარაობაში, მამას ხუმრობით ვეუბნებოდი, ვაჯავრებდი, შენ რომ არ გიყვარდი-მეთქი? იმ ვირზე სპეციალურად დამსვი, რომ გადავჩეხილიყავი, მაგრამ ხომ ხედავ, არ გადავიჩეხე-მეთქი. მამა ტიროდა... ისეთი გულჩვილი იყო... გიჟდებოდა ისე ვუყვარდი, ჩემო მარეხ ვარსკვლავო, გენაცვალოს მამაო, მეტყოდა. თავის დას, მარეხს მამსგავსებდა. მამა ოჯახის ქალების - დედამისის, დების, დედას, ჩვენი მოსიყვარულე იყო.

აი, ასეთი იყო ჩემი დაბადება... დედამ ერთადერთხელ მომიყვა ეს ამბავი. მე, როგორც ყველაფრის ჩამწერი, ჩავიწერე ეს ისტორიაც. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"შეთეს და გედიას ჩხუბი ხომ გახსოვთ?! დადგმულიც იყო, მაგრამ ნამდვილადაც ვჩხუბობდით. მერე, კომპენსაციის მიზნით, სოსო საჭმელად მეპატიჟებოდა" - "ნატვრის ხეში" დაწყებული მეგობრობის ამბავი

რას გვიმზადებს 91 წლის ვახტანგ ჯავახაძე - ეს არ უნდა გამოგრჩეთ!

"პეკი მეცეკვა. საოცრად ლამაზი, უძირო თვალები გაქვთო, მითხრა... გამომშვიდობებისას, მარგალიტის მძივი მაჩუქა" - გრეგორი პეკის და ლეილა აბაშიძის ისტორი