"ამას რა უნდა, თვალდახუჭულიც დავხატავ" - ისტორია ჩუბჩიკაზე, რომელიც მის გენიოსობას ავლენს

ჩუბჩიკა

დღეს, 10 თებერვალს თენგიზ მირზაშვილის, გენიალური ჩუბჩიკას დაბადების დღეა. ლეგენდარული მხატვარი 88 წლის გახდებოდა... 

გთავაზობთ გალერისტ ზაირა ბერელიძის ხუთი წლის წინანდელ ჩანახატს, საიდანაც მხატვრის სახეს დაინახავთ.

ჩვენი ჩუბჩიკა
სახელოსნოს კარზე არცთუ მოკრძალებულად დავაკაკუნე.
_ ე, მევიდა ვინცხა _ გაისმა ოთახის სიღრმიდან ჩუბჩიკას ხმა.
ეს მიმართვა ყველა სტუმარს ეკუთვნის. მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, სტუმარი საქართველოს პრეზიდენტია თუ დამლაგებელი. კარი გამიღო. _ როგორ ხარ? _ ვკითხე მე.
_ ქე ვარ ფაქიზად _ მიპასუხა ჩვეული ხალისით.
ოთახის სიღრმიდან ეთერ თათარაიძის თბილი მზერა შემომეგება.
როგორც გავიგე ეთერის ახალი ლექსების კრებული გამოდის. წიგნის გაფორმება ჩუბჩიკას ეკუთვნის. ესეც ბუნებრივია.
ჩუბჩიკა დაჯდა, საოცრად „მოუწესრიგებლად“ დალაგებულ მაგიდასთან და ალბომში ჩვეული ვირტუოზულობით ხატვა დაიწყო. დავხედე ფურცელს და ჩავილაპარაკე:
_ ეს რა მაგარი პეიზაჟი გამოვიდა!
_ ამას რა უნდა, თვალდახუჭულიც დავხატავ, _ გაიღიმა ჩუბჩიკამ.
_ რასაკვირველია, ხუმრობს, _ თქვა ჩვეული სიდინჯით ეთერმა.
_ არა, არ ვხუმრობ, თუ გინდათ თვალები ამიხვიეთ!
_ ეთერ, მოდი ვცადოთ _ ვუთხარი მე.
_ მოიცა! _ ფურცელი და პასტელები მოვუმზადე. აიღო სხვადასხვა ზომის სამი ფერის პასტელი, ფერები ზომების მიხედვით დაიმახსოვრა და თქვა:
_ ჰე, ამიხვიეთ თვალები!
თვალები ავუხვიეთ და ირონიანარევი ღიმილით ვუთხარი:
_ აბა დაიწყე! რამდენიმე წუთში თეთრ ფურცელზე ულამაზესი ოფოფი გაჩნდა. მოულოდნელობისაგან გავშრი. შევხედე ეთერის გაოგნებულ სახეს.
_ გამევიდა რაცხა? _ გამოგვაფხიზლა ჩუბჩიკას შეძახილმა.
_ შეიძლება ეს ოფოფი მე მაჩუქო? _ ამოვილუღლუღე მე.
_ წეიღე, _ თქვა მან და სამზარეულოსკენ გაემართა.
_ ახლა მე ჩაის მოგიმზადებთ, რაცხა მურაბით. სახელოსნოს კედლებს მზერა მოვავლე, თითქოს ამ ყველაფერს პირველად ვხედავდი. ფარდაგები, თუნგები, მაგიდაზე გადაშლილი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთი, კედლებზე უამრავი ნამუშევარი კიდია, იატაკზეც ყრია, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს. ცხვრები, ხიდი, წითელკაბიანი ქალი (რომელზედაც ვგიჯდები), ფერდობზე სადღაც შორს ეკლესიის კონტური, ფორთოხლისფერი მზე, „უზრდელი ქალები“, ხეები, ზამთრის პეიზაჟი... ამ ფიქრებიდან მოულოდნელად რაღაცამ გამომაფხიზლა. გავხედე ჩემს ჩანთას, რომელშიც წითელნისკარტა ოფოფია მოკალათებული და კიდევ ერთხელ გავიფიქრე: _ არა, ჩუბჩიკ, შენ მართლა გენიოსი ხარ!

ზაირა ბერელიძე, 2006 წელიკულტურა პლუს4 (10) 2017