რას გვიმზადებს 91 წლის ვახტანგ ჯავახაძე - ეს არ უნდა გამოგრჩეთ!

gala

91 წლის ვახტანგ ჯავახაძე, გალაკტიონზე თავის ცნობილ გამოცემათა ციკლის - "უცნობის" მერვე გამოცემაზე მუშაობს. პოეტის მერვე საოცრებას მკითხველი წელს იხილავს. როგორც ავტორი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ახალი მასალებით გაჯერებულ გამოცემას ორ ტომად შემოგვთავაზებს.

პანდემიამდე უფრო მხნედ ვიყავი, ახლა მხოლოდ სახლში ვმოძრაობ და წიგნებზე ვმუშაობო, გაგვიმხილა. წელს, შესაძლოა, რვაწლიანი მუშაობის შემდეგ, ანა კალანდაძის დღიურებმა დღის შუქი იხილოს...  72 რვეულში გამხელილი ყოველდღიურობა და მარტოხელა პოეტი ქალის ემოციები, უთუოდ საინტერესო იქნება. 

ვახტანგ ჯავახაძე: "უცნობს" ახალი მასალები დავამატე. განსხვავებული გაფორმება აქვს. სულ პირველი გამოცემა 240 გვერდიანი იყო, წინა, მეშვიდე "უცნობი" 1000 გვერდიანია, ხოლო ეს ორ ტომეული კი, 1200 გვერდიანი გამოდის. 

გალაკტიონის ნახატები ჩავამატე, უცნობი ჩანახატები.

გალაკტიონი რომ ხატავდა, ეს არ იყო ცნობილი. მე გამოვაქვეყნე პირველად. 1500 ჩანახატი აქვს გაკეთებული. ბოლო "უცნობში" სამასამდე ნამუშევარს გამოვაქვეყნებ, მათ შორის, 50-ს სულ პირველად ვაქვეყნებ. 

ამით "უცნობზე" მუშაობა დავასრულე. 

***

რვა წელიწადია მე, ანა კალანდაძის რძალი და ანას ძმისშვილი ვმუშაობთ ანას დღიურებზე, რომელსაც, ალბათ, სამ ტომად გამოვცემთ. ახლა ვასრულებთ მასზე მუშაობას. მე უკვე წინასიტყვაობა გავუკეთე და შესაძლოა, წელს გამოიცეს. 

ამ დღიურებში ძალიან საინტერესო ფაქტებია ანა კალანდაძეზე. ის ყოველდღიურ ჩანაწერებს აკეთებდა. რაც კი მასთან მილაპარაკია, მე არც მახსოვდა და ამ დღიურებში გადავწყდი. 

მე და ანა იტალიაში გახლდით საბჭოთა კავშირის პოეტთა შეკრებებზე. სასტუმროში, ჩვენი ოთახები გვერდიგვერდ იყო. დილით, საუზმეზე ჩასვლის წინ, კარზე მივუკაკუნებდი. ანა ყოველთვის იგვიანებდა ჩამოსვლას. ძალიან მიკვირდა, რადგან პუნქტუალური იყო და მისი ეს დაგვიანებები, მაოცებდა. ახლა, დღიურებზე მუშაობის დროს აღმოვაჩინე, რომ თურმე დღიურებს წერდა. ცხრა დღე დავყავით იტალიაში და ყველაფერი აქვს აღწერილი, სად ვიყავით, რა საუბრები გვქონდა და ასე შემდეგ. ისეთი ისტორიები გამახსენა, რომ არც მახსოვდა.

ძალიან კარგი საქმე გააკეთა. ისეთი ფაქტებია მწერალთა (და არა მხოლოდ) ცხოვრებიდან, სხვაგან რომ ვერ წაიკითხავთ.

ხშირად იწვევდნენ, უამრავი შეხვედრები ჰქონდა. ბევრი რამ მისი დღიურებიდან გავიგე. ანა კალანდაძის ცხოვრების მატიანეა. 

ანას რძალს, თინას ვთხოვე და მისი მოგონებებიც შევა ამ ტომეულში.

ამ დღიურებში არის ისეთი ფაქტები, რომლის გამოქვეყნებისგანაც თავს ვიკავებთ. 72 საერთო რვეულია. ზღვა მასალაა... 

მოგონებები აქვს ილო ფხოველზეც, კაცზე, რომელიც უყვარდა...

***

ასევე ვმუშაობ იოსებ გრიშაშვილის მოგონებებზე. ახალგაზრდობაში მქონდა მასთან შეხვედრები. აქამდე ვერ მოვახერხე და ახლა ვწერ მოგონებებს. მინდა ისიც გამოვაქვეყნო. მე მაქვს პროზაული გამოცემა "გალაკტიონის გარეშე" და მასში მაქვს მოგონებები - მურმან ლებანიძეზე, ანა კალანდაძეზე, გიორგი ლეონიძეზე. გრიშაშვილზე არ მქონდა დაწერილი და გული მეთანაღრებოდა. და დავწერე... შეიძლება ჩემი შვილის გაზეთში - "ლიტერატურულ გაზეთში" დავბეჭდო... ვნახოთ... 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

145 კილო რომ გავხდი, მივხვდი ვეღარ ვიხრებოდი... ვკარგავდი პროფესიას და საკუთარ თავს“ - ზურა შევარდნაძე წონის კლებასა და რეაბილიტაციაზე

"ყველანაირად შემკობილი იყო... ჩემი სითბო და სიყვარული ჰქონოდეს იქ, სადაც მიდის, სასუფეველში..." - გია ავალიშვილი ხათუნა კოტრიკაძეს იხსენებს

"პეკი მეცეკვა. საოცრად ლამაზი, უძირო თვალები გაქვთო, მითხრა... გამომშვიდობებისას, მარგალიტის მძივი მაჩუქა" - გრეგორი პეკის და ლეილა აბაშიძის ისტორია