„დედაჩემი დიასახლისია... იმდენად სიამოვნებს ამ ყველაფრის კეთება, სხვა რამისთვის დროს არ იტოვებს...“ - ინტერვიუ ცნობილ დედა-შვილთან

deda-shvili

ტიკტოკერ დედა-შვილს, ლიკა აბულაძეს და ეფფის ალბათ უკვე ბევრი იცნობთ. იცით ლიკას გატაცების შესახებ, ის სხვადასხვა სახის ნივთს, გაჯეტს სხვადასხვა საიტიდან იწერს და შედეგ ცდის, რამდენად პრაქტიკული და გამოსადეგია დიასახლისისთვის.

„პრაიმტაიმი“ დედა-შვილის უკეთ გასაცნობად ეფფის დაუკავშირდა და ყველა ის აქტუალური კითხვა დაუსვა, რაც მათ გამომწერებს ხშირად აინტერესებთ.

ეფფის ნამდვილი სახელია თამარია,  როგორც მან გვითხრა, წლების წინ მეგობარმა შეარქვა და ამის შემდეგ ყველამ აიტაცა.

ვიდეოებში, რომელიც დედა შვილი ფიგურირებს, შეხვდებით ბიჭსაც, რომელიც ალბათ თქვენც მისი ძმა გგონიათ.

„ყველას ჩემი ძმა ჰგონია. რეალურად, დედაჩემის ძმის შვილია. მეზობლად ცხოვრობს და ჩვენთან ხშირადაა.“ - ამბობს ეფფი.

- გვიამბეთ დედათქვენზე, ხშირად მოგზაურობს...

- დიახ, ახლაც საზღვარგარეთ იმყოფება. კი, ხშირად მიდის გემანიასა და საფრანგეთში. იქ მეგობრები ჰყავს და ხშირად სტუმრობს ხოლმე.

- ტოკტოკზე დიდი პოპულარობით სარგებლობთ. რატომ გადაწყვიტეთ ამ პლატფორმაზე აქტივობა?

- გეგმაში საერთოდ არ მქონია, რომ ტიკტოკერი უნდა ვყოფილიყავი, მით უმეტეს, დედა. ერთხელ დივანზე ვიჯექი, ტელევიზორს ვუყურებდი და გაჯეტის მორიგმა ხმაურმა ფილმის ყურებაში ხელი შემიშალა. ავიღე ტელეფონი, ჩავრთე ტიკტოკი და გადავიღე. ხალხმა აიტაცა, პოზიტიური კომენტარები წამოვიდა. დედაჩემს მარკეტინგული რეკლამის მსხვერპლი ვუწოდე, რაზეც დამიწერეს, რომ არა, რატომ? ძალიან საჭირო ნივთიაო. თავიდან დედა გადაღებებზე თანახმა არ იყო, თუმცა, გამომწერებისგან პოზიტივი და ინტერესი რომ დაინახა, ხალისი მიეცა, თუ ხალხს ეს ეხმარება და გამოადგება, კარგიო. მოკლედ, ტიკტოკზე ასე დაუგეგმავად ჩავითრიე. (იცინის)

- ბევრს აინტერესებს, სად მუშაობთ?

- დედა დიასახლისია. იმდენად სიამოვნებს სახლში ამ ყველაფრის კეთება, რომ ფიზიკურად სხვა რამისთვის დროს არ იტოვებს. ბევრი ბიძაშვილ-მამიდაშვილი მყავს, ჩვენთან რომ მოდიან და სახლს ყირაზე აყენებენ, დედაჩემს ამაზე რეაქცია არ აქვს. წყნარად დადგება ხოლმე და ალაგებს, ეს პროცესი ძალიან მოსწონს. ნამდვილი დიასახლისია.

მე რაც შემეხება, ჰობის დონეზე, თინეიჯერობიდან მოყოლებული ვმუშაობ ბარმენად. ვარ ერთ-ერთ კაფეში, თითქმის დღეგამოშვებით. თავისუფალ დროს ფიტნესზე დავდივარ, ვვარჯიშობ, მეგობრებთან ვიკრიბებით, ჩემთან მოდიან... 

- გამომწერები ხშირად გეკითხებიან სხვადასხვა ნივთის შესახებ, სად ყიდულობს დედათქვენი ამ ყველაფერს?

- მაგალითად, ფეისბუკზე, ბევრი საიტი აქვს დალაიქებული და ნივთს რომ უკვეთს ხოლმე, თავად არ ახსოვს საიდან მიიღო. ხშირად ყოფილა, ხალხი გვეკითხება სად და როგორ შევიძინეთ და ვერ გაუხსენებია. მერე ზის და ეძებს. უმეტეს შემთხვევაში, არ ახსოვს. მოლოდინი 50-50-ზეა. ნივთებს ვტესტავთ და ვიდეოს ბოლოს ვამბობთ ხოლმე ვარგოდა თუ არა, ან ღირს თუ არა შეძენა. 

- რა შეცვალა ტიკტოკმა თქვენს ცხოვრებაში?

- ქუჩაში მეც და დედასაც გვცნობენ, სულ რომ პირბადე ეკეთოს, მაინც. მოდიან ხოლმე, კომპლიმენტებს გვეუბნებიან, ჩვენთან ერთად სურათებს იღებენ.

თუ რამის შეძენა გვინდა, კონსულტანტები უფრო დიდ ყურადღებას გვაქცევენ. ცდილობენ, მართლა კარგი ნივთი გვირჩიონ და არ ცდილობენ რამის გასაღებას. გარდა იმისა, რომ ხალხთან უფრო მეტი და გახსნილი კონტაქტი გვაქვს, მეტი არც არაფერი შეუცვლია. რომ ამბობენ, სპონტანური გადაწყვეტილებები ამართლებსო, ალბათ ჩვენი შემთხვევაც ასეთია.