„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
სამეფო პითონი - სახეობა, რომელიც არ არის შხამიანი. იგი ზომით ყველაზე პატარაა პითონების ოჯახის წარმომადგენელთა შორის და მაქსიმუმ, 150 სანტიმეტრის სიგრძეს აღწევს. გამოირჩევა მშვიდი ხასიათით. აღსანიშნავია, რომ იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად ოჯახურ პირობებში ცხოვრობს.
27 წლის ნინა ბეჟიტაშვილს უკვე 4 წელია, რაც სამეფო ჯიშის პითონი, სახელად პიტოშა ჰყავს. გარდა ეგზოტიკური ცხოველისა, ნინასთან ერთად ძაღლი და ლოკოკინებიც ცხოვრობენ.
რატომ გადაწყვიტა გველის სახლში ყოლა, როგორ უვლის და აწყდება თუ არა რაიმე სახის სირთულეს, ამის შესახებ ნინა „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.
ნინა ბეჟიტაშვილი: - ბავშვობიდან ცხოველები ძალიან მიყვარდა. განსაკუთრებული ინტერესი იმის მიმართ მქონდა, რაზეც ყველა ამბობს, რომ ხელი არ ვახლოთ. სულ მქონდა ინტერესი, ხალხს ქვეწარმავლების რატომ ეშინოდა და ამ თემის შესწავლა დავიწყე. აღმოვაჩინე, რომ არსებობდა შხამიანი და უშხამო სახეობები, ასევე, საშიში და არასაშიში. თინეიჯერობის ასაკში ძალიან მინდოდა გველი მყოლოდა, მაგრამ მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, მხოლოდ კატა-ძაღლით ვიყავით შემოფარგლულები. როცა გავიზარდე, შანსი მომეცა და პიტოშა ვიყიდე.
ლექტორისგანაც ვიცოდი, რომ სამეფო პითონი დამწყებისთვის ძალიან კარგი სახეობაა. გამოირჩევა ძალიან კარგი ხასიათით, არ არის აგრესიული, მშვიდი გველია და გადავწყვიტე, რომ ეს სახეობა მყოლოდა.
დავიწყე ძებნა, საქართველოს ბაზარზე გველები ძალიან მცირე რაოდენობით იყიდება. ძალიან დიდი ხნის შემდეგ მომეცა შანსი და გამოჩნდა პიტოშა. 1 წლის იყო, როცა ძველი პატრონისგან წამოვიყვანე. ის სასწავლებლად საზღვარგარეთ მიდიოდა, ვერ მიჰყავდა და გაყიდვა გადაწყვიტა. სხვათა შორის, დიდი კონკურსი გავიარე და პიტოშა მოვიპოვე - ნერვიულობდა, უნდოდა, კარგ ხელში დაეტოვებინა.
- დაახლოებით, რა თანხა დაგჭირდათ პიტოშას შესაძენად?
- ტერარიუმიან, ყველაფრიანად დაახლოებით, 2 000 ლარამდე დაჯდა, ეს იყო 4 წლის წინ. არსებობს სამეფო პითონის ქვე სახეობები, რომელიც სხვადასხვა ფერით არის განსაზღვრული. რთულია კონკრეტული ფერის მიღება, ესენი ხომ სახლში გამრავლებულები არიან. საქართველოს პირობებში, 1 კვირაც ვერ გაძლებს გარეთ რომ აღმოჩნდეს. მას ზამთარსა და ზაფხულში ძალიან თბილი გარემო სჭირდება, ამას პლუს, საჭიროა მაღალი პროცენტით ტენიანობა. ეს არის ყველაზე დაბალფასიანი, სტანდარტული. სამწუხაროდ, ქვეყანაში სხვა სახეობები არ გვყავს, თორემ მათაც შევიძენდი.
- რა პროცედურებია საჭირო, რომ გველი შევიძინოთ?
- შეიძენთ ჩვეულებრივ, როგორც სხვა ნებისმიერი რამეს, გააჩნია, ვინ ყიდის. ზოგი სახლიდან ყიდის თავის გველს, ასევე იყიდება ზოო მაღაზიაშიც. კონსულტაციას გაუწევს კონსულტანტი, როგორი ტერარიუმია საჭირო, რა დაგჭირდებათ და ა.შ.
- თქვით, რომ მშვიდი ხასიათით გამოირჩევა, თუმცა, აქვს მტაცებლური ხასიათიც. მაინც ხომ არ სჭირდება რამის გაკეთება, რომ ეს სიმშვიდე მუდმივად შეინარჩუნოს?
- არა, ეს უკვე ძალადობაა. მე ცხოველებზე და ქვეწარმავლებზე არ ვძალადობ. მტაცებლური ხასიათი მხოლოდ საკვების მიმართ აქვს. როცა საკვებს ვთავაზობ, მაგ შემთხვევაში ჯერ გუდავს, შემდეგ ყლაპავს. ადამიანის ზომის მიხედვით განსაზღვრული აქვს, რომ ის საკვები ობიექტი არ არის. ასევე, მათ ჩვენი სურნელი არ იზიდავთ, მღრღნელების სუნი მოსწონთ. პიტოშამ არც მწყერი მიირთვა და არც წიწილა. პრეტენზიული მჭამელია, მიირთმევს მხოლოდ და მხოლოდ თაგვებს.
ერთადერთი კბენის შანსია მაშინ, თუ დავუშვათ, თაგვი მყავდა ხელში აყვანილი და იმ ხელით შევეხე. შესაძლოა, სუნით იფიქროს, რომ თაგვი ვარ და ხელზე მეცეს. რახან ეს ვიცი, ხელთათმანს წინასწარ ვიკეთებ, ან სპეციალური პინცეტით ვუსვამ თაგვს და მსგავსი არაფერი მომხდარა.
- თუ მაინც მოახერხა კბენა, რა რისკებთანაა ეს დაკავშირებული?
- მსგავსი რამ რომ ცმოხდეს, ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა, რადგან მას შხამი არ გააჩნია. ნაკბენი გაჭრილივით გამოიყურება. სპირტით, ან ბეტადინით დამუშავდება. არ სჭირდება აცრა, რადგან დაავადებების გადამტანი არ არის. შესაბამისად, სტერილურ პირობებში ცხოვრობს. დაუბანელი ხელით ვერ შეეხები, არც სუნი გააჩნია, თავისი მიწაც მაქსიმალურად სტერილურია, იყინება სანამ ვუყრი.
- როგორ კვებავთ?
- 2 კვირაში ერთხელ ჭამს, ანუ თვეში 2-ჯერ და ერთ ჭამაზე 4-5 ცალ თაგვს მიირთმევს. 3-4 დღის განმავლობაში ინელებს, ამიტომ არ ვეხები, რადგან შესაძლოა, საკვები უკან ამოიღოს. მარტივად რომ აგიხსნათ, ჩვენ, ადამიანები საკვებს რომ მივირთმევთ, მერე ვიღაცამ რომ გვირტყას მუცელში, იგივე შეგრძნება აქვთ, როდესაც ახალ ნაჭამზე, პირველი სამი დღე ხელში ვიყვანთ. თანაც, ერთ ჭამაზე საკმაოდ ბევრს მიირთმევს, შესაბამისად, მოსანელებლად დიდი დრო სჭირდება. 3-4 დღე როგორც წესი, ერთ ადგილას წევს, ისვენებს. მერე ჩვეულებრივ, აქტიურად ვეკონტაქტები.
ხშირად მიწევს ქალაქგარეთ გასვლა, ძაღლს ვერ ვტოვებ, თუმცა პიტოშას დატოვება შემიძლია. არის ტერარიუმში, აქვს საკუთარი თერმო ხალიჩა, სინესტის აპარატი, რომელიც კონკრეტულ ტემპერატურას თავად არეგულირებს. კახეთში, სოფელში რომ მივდივარ, მიმყავს ხოლმე.
- ამბობს თუ არა თქვენთან სტუმრობაზე ვინმე უარს, ან საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს როგორი რეაქცია აქვთ თქვენი სახლის ბინადარზე?
- საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მართლაც ეშინიათ, ალბათ გიჟიც ვგონივარ, მერიდებიან. უმეტესობას ზიზღიც აქვს. რაც შეეხება ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, მათთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან იცოდნენ, რომ ბავშვობიდან გველის ყოლა მსურდა. არც ჩემთან მოსვლის ეშინიათ და თუ მაგალითად, ხელში ვერ იყვანენ, ერთ ტერიტორიაზე არიან. სტუმრებიც მომდის (იცინის). ზოგს ძალიან დიდი შიში ჰქონდა და ეს დაძლია.
სოციალურ ქსელებში საშინელ კომენტარებს მიწერენ, მლანძღავენ, მაგინებენ, მეუბნებიან რომ გველი მოვკლა, ან მე მოვკვდე. წერენ, რომ ჩემი ადგილი ჯოჯოხეთშია, რადგან ქრისტიანულად გველის სახლში ყოლა არ შეიძლება. ბევრი ჰეითერი მყავს მხოლოდ იმის გამო, რომ მყავს გველი.
ზაფხულობით გარეთ გამყავს ხოლმე, მას მზე სჭირდება. ერთად სეირნობის დროს ხალხში დიდ ინტერესს იწვევს. პირადად არავისთან მქონია კონფლიქტი.
- გარეთ თავს როგორ გრძნობს, ისეთივე მშვიდია, როგორც სახლში ყოფნისას?
- გარეთ შედარებით აქტიურია. აინტერესებს ბუნება, მიწაზეც ვსვამ. არ მაქვს შიში, რომ სადმე გაქრება. საკმაოდ მშიშარა სახეობაა, ბურთივით იკვრება, როცა შიშის მომენტი აქვს, რაც საკმაოდ ხშირად ხდება. ახალ გარემოში როცა არის, შიშები მაინც აქვს.
გველზე ამბობენ, რომ სიყვარული არ შეუძლიაო. ხანდახან მგონია, რომ ეს ბოლომდე შესწავლილი არ არის. ისე, როგორც ჩემთან იქცევა, ძალიან მენდობა. თავზე შეხება სასტიკად არ უყვარდა, ახლა მასაჟებს ვუკეთებ ხოლმე. რომ მენდობა, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, გრძნობებიც ჰქონდეს, თუმცა, მეცნიერები არ მეთანხმებიან.
@ninaa_bezhitashvili ყველაზე მოსიყვარულე გველი მსოფლიოში ✨ #პიტოშა #foryoupage #ფორიუმეთქიიიიიიიიიიიი💖 #სამეფოპითონი #foryoupage❤️ ♬ Gamodi (Sarajishvili) - Nini Nutsubidze & Janngo & Giorgi Gigashvili
- სხვა რა აქტივობით ხართ დაკავებული?
- დისტანციურად ვმუშაობ, ძირითადად, სულ სახლში ვარ და პითოშა სულ ზედ მყავს მოხვეული, მუშაობის დროსაც. ასევე, მყავს ძაღლი, ჩემი სრულფასოვანი ოჯახის წევრია. ხშირად მეკითხებიან ძაღლისა და გველის კონტაქტზე - ახლოს არ მიმყავს ერთმანეთთან, ძაღლმა იცის, რომ ახლოს მოსვლა არ შეიძლება, იმიტომ არა რომ გველი რამეს დაუშავებს. ლაბრადორი მყავს, იცით, რომ ძალიან აქტიურია და მეშინია, რომ თათით არ დააბიჯოს და რამე არ დაუშაოს.
პიტოშას დღისით დასვენება სურს, სძინავს, მარტო საღამოს არის ხოლმე აქტიური. მისი დრო საღამოა - ტელევიზორს ვუყურებ თუ მეგობრები მყავს, ზედ მყავს შემოხვეული და აქტიურად აკვირდება ჩემს საქმიანობას.
საღამოს 9-დან გამოდის თავისი სამალავიდან და ტერარიუმში აქტიურობს, მანიშნებს ხოლმე, რომ გამოსვლა და ენერგიის დახარჯვა უნდა. ძალიან უყვარს წყალი, აბაზანაში რომ მიმყავს, ყელიდან ჩამოდის, იცის რომ წყალში უნდა ჩავსვა და ბევრად ბედნიერია.
@ninaa_bezhitashvili FAKE SNAKE! პიტოშკა ბანაობს 🛁 #ფორიუმეთქიიიიიიიიიიიი💖 #foryoupage #foryou #გველი #სამეფოპითონი #პითონი #ფორიუზეა #ფორიუ ♬ оригинальный звук - 🐾 Nina 🐍 🐌
- გაქვთ რამე კონკრეტული გეგმა პიტოშასთან დაკავშირებით?
- პიტოშა ბიჭია, მინდა დედალი მოვუყვანო და შევაჯვარო. ვნახოთ, რამდენად გამომივა, წლებია მინდა. მარტივად არ ხდება. ჩამოყვანა საკმაოდ პრობლემურია, ველოდები, ბაზარზე როდის გამოჩნდება.