„ჩემს კაფეს არ დავაწერ „რუსკი კარაბლ იდი...“ პუტინის მაგინებელ რუსს კი, სახლშიც ვაჭმევ საჭმელს“ - ასმათ ტყაბლაძე

asmat tkabladze

ასმათ ტყაბლაძე თავის კაფე-ბარში რუს და ბელორუს მოქალაქეებს მასპინძლობს და როგორც ამბობს, მათ ყოველთვის ესაუბრება, იგებს მათ განწყობას და "თავის სათქმელსაც" ეუბნება.

მსახიობი დასძენს, რომ არ მოსწონს როდესაც თბილისში რესტორნებს აბრას აკრავენ წარწერით - "რუსკი კარაბლ იდი ნა...უი". ასევე არ იზიარებს თანამოქალაქეების პოზიციას, რომლებიც რუსეთიდან ჩამოსულ რუს მოქალაქეებს ბინას არ აქირავებენ, რესტორანში არ უშვებენ და ზურგს აქცევენ.

ასმათ ტყაბლაძე: - როგორც ჩანს, ბევრი ცუდად ხვდება, არ მასპინძლობენ რუსებს და ჩემს ბარში შემოსულებს რომ ვეკითხები, საიდან ხართ სტუმრებო-მეთქი, საცოდავი სახეებით მიყურებენ. ვერ ბედავენ სწორი პასუხის გაცემას.

შემოდიან ოჯახები, შვილებით. უფრო ხშირად ახალგაზრდები და მამაკაცები. ეტყობა, ეშინიათ, ომში არ გაიწვიონ.

მე უტვინო და უგულო ქალი არ ვარ. რუსს თავისი ეროვნული მინუსი აქვს, მაგრამ ერთ ქვაბში მთელი ერის კი არა, ერთი ოჯახის მოხარშვაც არ შეიძლება.

შემოვიდა კაცი შვილთან ერთად. საიდან ხარ-მეთქი, ვკითხე. რა ექნა, ძლივს, საცოდავად ამოღერღა, მოსკოვიდანო. მე სიამოვნებით ვესროდი ტყვიას პუტინს და მოვკლავდი, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ და ამის გაფიქრებას, ადრე ვერ წარმოვიდგენდი-მეთქი, ვუთხარი. ჩემს ნათქვამზე გაიხსნა და მიპასუხა:

პუტინმა საშინელ დღეში ჩაგვაგდო, რუსი ხალხი, მომხრეც და მოწინააღმდეგეც. რომელ ქვეყანაში უნდა წავიდეთ, რომ კარგად მიგვიღონ. არსად სასურველი "სტუმრები" არ ვიქნებით. მოსკოვი ცარიელდება და შიმშილი იწყებაო. თან გვეშინია, ჩვენს გამო, რახან ქვეყანა დავტოვეთ, ჩვენს ოჯახებს რამე ცუდი არ მოსწიონო.

არავინ არ იცის, სად იმალება პუტინიო, ამ კაცმა მითხრა. ჰიტლერზე უარესია. ერთი კაციც არ ჩანს მისი გარემოცვიდან, გამოვიდეს და გააგოროსო. მათი ეშინია და არც მათთან ჩნდებაო. სულ უფრო და უფრო დიდ პარანოიაშია გადასულიო. 

მე ჩვენს ქვეყანაზე ისეთი შეყვარებული რუსი მეგობრები მყავს, რომ რა გითხრათ. დღეს მათაც დატოვეს რუსეთი. ერთი ინდოეთში გაიქცა, ექიმია. ზოგი სად წავიდა, ზოგი - სად. ბარათებზე ფული დაებლოკა ყველას. სამსახურებს ეძებენ. ნორმალურად მოაზროვნე რუსები ტოვებენ ქვეყანას. რჩებიან პენსიონერები, რომლებიც აზრზე არ არიან, რა ხდება მათ ქვეყანაში, ან - პუტინის მომხრეები. 

არ უმასპინძლოო, რომ ამბობენ, ბავშვიანი ქალი რომ შემოვა ბარში, არ ვაჭამო? რა ჯიშიც არ უნდა იყოს. 

ექიმმა ყველას უნდა უმკურნალოს, რუს დაჭრილსაც და უკრაინელსაც. ღმერთი თვითონ განსჯის მტყუან-მართალს. შენ ხომ ფაშისტს ებრძვი და მშიერს რომ არ აჭამო და დაჭრილი არ გამოაკეთო, შენც ფაშისტი არ გამოდიხარ? ცხოველებს პატრონობს ადამიანი და ადამიანს ადამიანურად არ უნდა მოექცე? 

მე სწორად არ მიმაჩნია ბარ-რესტორნებს რომ აწერია - "რუსკი კარაბლ იდი ნა...ი."  მე ამ ფრაზას არც არასდროს დავაწერ და არც არავის ვეტყვი. 

თუ რომელიმე რუსი გამიბედავს და მეტყვის, რომ პუტინი მართალია და სწორად იქცევა, მაშინ ჩემს ბარში ნუღარ შემოხვალ-მეთქი, ვეტყვი. მაგრამ როცა განიცდის იმას, რაც ხდება და მისი ქვეყნის პრეზიდენტს ამტყუნებს, იმას როგორ ვუთხრა, არ შემოხვიდე, საჭმელს არ გაჭმევ-მეთქი? პუტინის მაგინებელ რუსს სახლშიც ვაჭმევ საჭმელს და ჩემს ბარშიც. მშიერს არ გავუშვებ.

მე ასეთი ბებიის გაზრდილი ვარ. მას არც ერთი კლასის განათლება არ ჰქონდა. სოფელში სკოლა არ იყო და წერა-კითხვა თავისით ისწავლა. მაგრამ იყო ბრძენი ქალი. სულ გვარიგებდა, სახლში შემოსულ სტუმარს, რაც გაქვს, შესთავაზე. არაფრით მშიერი არ გაუშვაო. თუ რამე საჭმელს დამალავ, გაგიფუჭდებაო. ერთხელ დამალული ხიზილალა გამიფუჭდა და ბებიაჩემი გამახსენდა. თუ არაფერი გაქვს, წყალი მაინც დაალევინე სტუმარსო, გვეტყოდა. 

გერმანელ ფაშისტებს, მეორე მსოფლიო ომის დროს,  300 ათასი ქართველი შეეწირა და როცა ბიძაჩემი ქერში იბრძოდა, ბებია მშიერ გერმანელ ტყვეებს აჭმევდა. აი, ასეთი ქალის გაზრდილი ვარ, რომელიც ბუნებით იყო ადამიანი.