ლონდონში, ამერიკის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
1732286440
ეთერ თათარაიძე 66 წლის გახდა. თუ ჩვენი საამაყო ფოლკლორისტი, შარშან თავისი შინაგანი განწყობით თავს 25 წლის ახალგაზრდა ქალად გრძნობდა და შედარებით ლაღი იყო, დღეს ძალიან დამძიმებული და შეწუხებულია. უკრაინის ომმა, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, ეთეროც ძალზე დათრგუნა. ამბობს, რომ მზადაა თავი გაწიროს, ოღონდ ეს გაუგონარი სისასტიკე შეწყდეს.
ეთერ თათარაიძე: - გუშინ ორი მეგობარი მოვიდა ჩემთან. ჩვენი სასაუბრო თემა მხოლოდ ომი იყო. სულ ვვიშვიშებდით და ვგოდებდით. გვინდოდა, სხვა რამეზე გველაპარაკა, მაგრამ არ გამოგვდიოდა. ისედაც არასდროს მიყვარს ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა; სიჯეელეში ვისაც გაახსენდებოდა, მოვიდოდნენ და თავს მოვიყრიდით. აწი და აწი, რომ ხედავენ, რომ მე თვითონ არაფრად არ ვთვლი, შემეშვნენ.
ეს რა საშინელებაა, რა დღეშია უკრაინა? დღეში სამჯერ-ოთხჯერ ვასწრებ ტირილს. მერე ვამბობ, ღმერთო გავჩერდე და მარტო ვილოცოთ-მეთქი.
რას უშვრებიან ამ ქალებს, ბავშვებს, ორსულებს, მოხუცებს... ჯოჯოხეთური დღეებია. ძალიან მოქმედებს ამ ყველაფრის ყურება და გაგონება.
ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის, მთელი სამყაროს ომია. ყველას გვემუქრება ეს საშიშროება და რას გვიზამს, არავინ იცის. ამაზე არც ვფიქრობ. იმ ადამიანების ტკივილს განვიცდი, ვინც ახლა საფრთხეშია.
ორსულ ქალს როგორ უნდა ესროლო, როგორ უნდა დაჭრა, არ მესმის. წარმოუდგენელია. ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების კლინიკა რომ ააფეთქეს, ბავშვებს რომ წირავენ... როგორ ცხოვრობენ ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ არსებობენ ამ სისასტიკის ჩამდენნი?
მე სულ ვამბობ, რომ პუტინი ეშამაკად გააჩინა უფალმა. ის, რომ ეგეთები არიან, მაგათთვის ტანჯვაა. ამბობენ, რომ თავის ჭკუაზე აღარ არისო... აბა, ჭკუაზე მყოფს, ხომ არ შეიძლება ასე ემეტებოდეს სიცოცხლე და პატარები! აკივლებული ბავშვები... ღამეები მეღვიძება და მეფიქრება, ნეტა რას შვრებიან, ეს ჯოჯოხეთი კიდევ გრძელდება? დაიბომბა? გულწრფელად გეუბნებით, ასეთ განცდებში ვარ. ამას მებრალებიან აღარ ჰქვია უკვე. ჩვენი თავიც მებრალება და საერთოდ, არაფრის თავი აღარ მაქვს. ვერაფერს ვაკეთებ. მხოლოდ ომზე ვფიქრობ.
რა საწამლავს სვამენ ასეთ, რომ სძინავთ თვითონ ამის გამკეთებლებს. რა აძინებთ მაგათ ოჯახებს.
მე ხომ ერთი ღილი ვარ, წერტილი, არაფერს წარმოვადგენ, მაგრამ ახლა რომ მითხრან, ჩამოდი, დადექი კიევში მოედანზე და უნდა გაწამონ, თავი მოგჭრანო, ყველაფერზე წავალ, ოღონდ ეს ომი შეჩერდეს-მეთქი! ყველაფერს თვალდახუჭული დავთანხმდები.
ჩემი უმცროსი ძმა ლვოვში ცხოვრობდა და დედა მასთან რამდენჯერმე ჩავიდა. იქიდან ხის მოხატული ღრმა კოვზები ყველას ჩამოგვიტანა. ახლობლებს ვაჩუქე. მხოლოდ სამი ცალი დამრჩა... ამ დღეებში გამოვფინე ეს უკრაინული კოვზები და სამზარეულოში რომ შემოვდივარ და ვხედავ, დედას სულს ვთხოვ, დალოცე ყველა დედა-მეთქი. ხომ გვგონია, რომ დედას ყველაფერი შეუძლია. ლოცვის მეტი რა შეგვიძლია... არაფრის მაქნისი არ ვარ. უფალს ვეხვეწები, რომ მთელი დედამიწა გაანათოს.
მართლა ამ უდანაშაულო ხალხს რისთვის კლავ, რომ სამშობლო გამოგლიჯო? როგორც ჩვენ ვართ მტრისგან ოდითგან ნახევრად წართმეული, დაპატარავებული, შეკუმშული სამშობლოს ამარა. ახლა მობობღავს გორთან გზიდან ჩანს, რომ გადმოწიეს და გადმოწიეს ის საზიზღარი ეკლიანი ღობეები, მავთულხლართები. ალბათ იმიტომ გვისევს თავის ხალხს, რომ კიდევ ერთხელ დაგვბომბოს. ღმერთმა დაგვიფაროს. რა გვჭირს? ეს საზიზღარი რუსეთი მთელ დედამიწას არის მოდებული. შხამავს სამყაროს.
ამ ჯოჯოხეთის და შხამიანი არსების პარალელურად, რა გმირობას ჩადის ეს პატარა ბიჭი, ზელენსკი. რა დედამ გააჩინა. რას უძლებს. ან ეს ერი, რა ერი ყოფილა?! საოცარი. სამშობლოსთვის ყველაფრის გასაღებად მზად არიან. და მსოფლიოს აჩვენეს კიდეც მაგალითი. ქალიან-კაციანად შიშველი ხელებით იცავენ უკრაინას. ან ეს ციცქნები როგორ ითმენენ ბუნკერებში მიწყობილად დამსხდრები?!. როგორ უნდა მოინელოს ამ ერმა მათ ქვეყანაში დანთხეული ეს შხამი. ნეტა როდემდე გაუგრძელდებათ ეს კატასტროფა.
ყველა საღად მოაზროვნე ქვეყანა უნდა ეცადოს და ეს ერთი სახელმწიფო გააჩეროს.
მარტო იმ დახოცილების სულებს ვთხოვ პატიებას და მგონია, რომ როგორც ზღაპარში, ეს ომიც უკრაინის საკეთილდღეოდ დასრულდება. ასე მგონია, ბევრი სულიერი ხარჯის შემდეგ, უკრაინა ფეხზე წამოდგება. და ისევ გაიხარებს...
მეც და ამირანსაც იმდენი სამუშაო გვაქვს, მაგრამ საერთოდ ვერაფერს ვაკეთებთ. ტელევიზორს ჩავრთავთ და მხოლოდ საინფორმაციოებს ვუსმენთ. გულს ვერაფერს ვუდებ. მხოლოდ ამ თემაზე ვფიქრობ, სხვა არაფერი არ შემიძლია. დავდივარ, ვტირი და ვლოცულობ...