Exclusive: "ომი რომ დაიწყო, ჩემი სიმამრი და ცოლის ძმა კიევში იყვნენ. მათი კვალი გაქრა. ცოცხლები არიან თუ მკვდრები, არ ვიცით" - ლექსო ქავთარაძე

leks-seni

უკვე 12 წელია ლექს-სენს უკრაინელი ტატიანა ბურლიაი ჰყავს ცოლად. ერთმანეთი კიევში გაიცნეს. წყვილს 11 წლის ვაჟი - ილია ქავთარაძე ჰყავს.

ლექსო გვიყვება, რომ მისი სიმამრი და ცოლის ძმა, ამ ეტაპისთვის, დაკარგულებად ითვლებიან. რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მათი კვალიც გაქრა. რეპერი, ამ ძნელბედობის ჟამს, მეუღლეს გვერდით უდგას, ამხნევებს და ბედთან შეგუებაში ეხმარება...

ლექსო ქავთარაძე: - ტატიანა ივანო-ფრანკოვსკიდან არის, დასავლეთ უკრაინიდან. მართალია, ეს ქალაქი ყოველდღე არ იბომბება, მაგრამ იქაც საომარი ვითარება, განგაშები და დაბომბვაა...

ომი რომ დაიწყო, ჩემი სიმამრი და ცოლის ძმა კიევში იყვნენ  და მას შემდეგ დაკარგულები არიან. კვალი გაქრა. კონტაქტზე არ გამოდიან. ტატიანა ეძებს, ინტენსიურად კითხულობს მათ ამბავს დედასთან და მეორე ძმასთან. ჯერჯერობით, არ ჩანან. ცოცხლები არიან თუ მკვდრები, არ ვიცით.

ტატიანა გუშინაც ელაპარაკა დედამისს. როცა განგაშია, მაშინ ჩადიან სარდაფებში. ივანო-ფრანკოვსკის დიდი აეროპორტი აქვს და გადაფრენების დროს, რუსები ბომბავენ.  ზოგჯერ განგაში ვერ ასწრებს ჩართვას თურმე, ისე ცვივა ბომბები. ამიტომ თვითმფრინავებს რომ ხედავენ, უკვე სარდაფებში იმალებიან. 

ტატიანას შეძლებისდაგვარად ვამხნევებ, უნდა მიეჩვიო, რომ ომი ორ დღეში არ დამთავრდება-მეთქი. თვითონაც ვერ ვეგუები ამ ფაქტს, მაგრამ შემოვუძახებ ხოლმე. მხოლოდ ვაი-ვიში ვერაფერს იზამს. 

ჩემი შვილი, ილია ძალიან განიცდის ამ ომს. უკრაინა ძალიან უყვარს. ახლა მთხოვა, უკრაინის დროშის ფერებში ჰუდი გამიკეთეო. დაინახავს თვითმფრინავის აფეთქებას, მოდის და მეკითხება, ვისი თვითმფრინავი ააფეთქესო. 

ჩემი სიდედრი და ცოლის ძმა აქ ჩამოსვლას არ ფიქრობენ. სამშობლოს არ ტოვებენ. 

- ლექსო, შენი შვილი ნაწილობრივ უკრაინელია. როგორ დაახასიათებდი ამ ერს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, მსოფლიოსთვის სამაგალითო გახდა.

- ძალიან ძლიერი ერია. მე მანამდეც მაღალი წარმოდგენა მქონდა მათზე. ახლა მით უმეტეს, მათ დაამტკიცეს, რომ სამართლიანი და იშვიათად პატრიოტი ერია. აფასებენ ერთმანეთს და გვერდში დგომა იციან, რაც იშვიათია და ჩვენ არ გვაქვს.

დასავლეთ უკრაინაში პირველად რომ ჩავედი, მაშინ ენა არ ვიცოდი და ვისაც ინლისურად ვერ ვესაუბრებოდი, რუსულად ველაპარაკებოდი. რუსულზე პასუხს არ მცემდნენ. აგრესია ჰქონდათ. რუსეთზე, როგორც ოკუპანტზე, სულ ასეთი განწყობა აქვთ. რომ გაიგებდნენ, რომ ქართველი ვიყავი, მებოდიშებოდნენ და მიხსნიდნენ, რუსულად რატომ არ მცემდნენ პასუხს. თავისი პრინციპული დამოკიდებულება აქვთ. 

ტატიანას 90 წლის ბაბუა ჰყავდა, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა. რომ გავიცანი და გაიგო, რომ ქართველი ვიყავი, გაუხარდა, ქართველებთან ერთად ვიბრძოდიო... მიყვებოდა მსოფლიო ომზე, უკრაინელების თავდადებაზე, სიმამაცეზე. შვილებს როგორ მალავდნენ ორმოებსა და სარდაფებში, რომ სიკვდილს გადაერჩინათ. რასაც ახლა ვუყურებთ, სულ თვალწინ დამიდგა, რასაც ის მაგარი კაცი მიყვებოდა. 

დღეს უკრაინელები ნომერ პირველი ერია მსოფლიოში. 

მე ვარ მოხალისედ წასვლაზე ატეხილი. ცალკე ცოლ-შვილზე ვფიქრობ, რომ წავიდე, ესენი ვის დავუტოვო... ტატიანა მეუბნება, მეც ხომ არ წამოვიდე, იქ დახმარება სჭირდებათ ჩემს უკრაინელებსო...