ბევრ შეურაცხყოფას ვკითხულობ ჩემზე – ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ გოგონასთან, რომელიც ერაყში გათხოვდა

erayshi gatxovili qartveli gogo

სოციალურ ქსელში ერთ საინტერესო გვერდს გადავაწყდი. ერაყის რესპუბლიკაში ქართველი გოგონა, იქ გადაღებულ სხვადასხვა ვიდეოებს აზიარებდა და თან კომენტარებს ურთავდა.

როგორც მისი ვიდეოებიდან მივხვდი, ახალგაზრდა სულ რამდენიმე კვირის ჩასულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე „საშიშად“ წოდებულ ქვეყანაში.

23 წლის მარიამ ცხადაძე, თავის ვიდეოებში თითქმის დეტალურად აღწერს იქაურ ყოველდღიურობას და თავისი ვიდეოების მაყურებლებს ადგილობრივ კულტურასა და სამზარეულოს აცნობს.

იმდენად საინტერესოა, ერაყის ქუჩებში გადაღებული კადრები, იქაური მაღაზიები თუ გასართობი ცენტრები, რომ მაშინვე მივწერე, თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა მინდა-მეთქი. პასუხმა დააყოვნა. როგორც შემდეგ გაირკვა, ერაყში მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლების გამო, ხელისუფლებამ ქვეყანაში ინტერნეტის მიწოდება შეზღუდა, რათა მოსახლეობამ სოციალური ქსელით გამოსვლები ისევ არ მოაწყოს.

ერთი სიტყვით, თანხმობის შემდეგ, კითხვებზე პასუხები მივიღე.

როგორია ერაყში გათხოვილი ქართველი გოგონას ცხოვრება, რა არის მითი და რა რეალობა ამ და სხვა კითხვებზე „პრაიმტაიმთან“ მარიამ ცხადაძე საუბრობს.

„ქართულ ტრადიციულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, საჩხერეში ვცხოვრობდით. მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი – დედ-მამა, და და-ძმა.

დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, მიყვარს ეს პროფესია და ბავშვობიდან ვოცნებობდი ჟურნალისტობაზე. საქართველოში ძალიან ბევრ ადგილას ვმუშაობდი. პირველი კურსიდანვე დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება და ყოველთვის მქონდა ჩემი საქმე.

დამოუკიდებლობას მშობლებმა მიმაჩვიეს, გამხადეს ძლიერი, მასწავლიდნენ რომ არაფრის უნდა მეშინოდეს. სანამ ჩემს მომავალ მეუღლეს გავიცნობდი, სულ სხვა გეგმები მქონდა.

– სად, როდის და როგორ გაიცანი მომავალი მეუღლე?

– მეუღლე გახლავთ ეროვნებით ერაყელი, 25 წლის მუსტაფა. ჩვენ ერთმანეთი 2016 წლის 14 იანვარს გავიცანით. ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დავრეგისტრირდი და იქ მომწერა. დღემდე ვერ ვხვდებით ორივე, იქ რამ დაგვარეგისტრირა. ორი დღის შექმნილი მქონდა პროფილი.

მომწერა როგორ ხარ, რას შვრებიო, მერე მოაყოლა, მოდი ხვალ შევხვდეთო. ვფიქრობდი ვნახავ, რას ვკარგავ-მეთქი, თუ არ მომეწონება ამითაც არაფერს დავკარგავ-მეთქი. იმ დროიდან მუდამ ჩემს გვერდითაა, ყველაფერს აკეთებს, რომ თავი კარგად ვიგრძნო.

– მანამდე თუ გიფიქრია უცხოელ მეორე ნახევარზე და როგორი იყო თქვენი ოჯახის რეაქცია ერაყელ სასიძოზე?

– სიყვარული ძალიან მალევე მოვიდა. არასდროს მიფიქრია უცხოელ მეორე ნახევარზე, მით უმეტეს ერაყელზე. დედას თავიდანვე ვუთხარი, მას არასდროს არაფერს ვუმალავ.

როცა მამამ გაიგო, მითხრა, რადგან გიყვარს, შენი არჩევანია, მთავარია ბედნიერი იყოო. თავიდან ცოტა რთული იყო ორივე მხარის კომუნიკაცია, მაგრამ მალევე შეეჩვივნენ და შეიყვარეს ერთმანეთი.

ქორწილი არ გვქონია. ხელი 2017 წლის აგვისტოში მოვაწერეთ და საჩხერეში, ვიწრო წრეში აღვნიშნეთ. რელიგია არასოდეს ყოფილა პრობლემა არც ერთის ოჯახში. მთავარი ადამიანობაა.

ორივე პატივს ვცემთ ერთმანეთის რელიგიას. მე ქრისტიანი ვარ, ის მუსულმანი. რადგანაც საქართველოს ერაყი „საშიში“ ქვეყნების სიაში ჰყავს შეყვანილი, ძალიან რთულია ერაყელი ჩამოვიდეს და ინახულოს ქვეყანა, რა თქმა უნდა ახლაც ძალიან უნდათ ჩემი მეუღლის ოჯახის წევრებს ჩემების გაცნობა.

– როგორც თქვენი ერთ-ერთი ვიდეოდან შევიტყვე, მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობაზე ჰქონდა განაცხადი შეტანილი და უარი უთხრეს…

– მეუღლე საქართველოში სტომატოლოგიურზე სწავლობდა, რომ დაამთავრა სწავლა განცხადება შევიტანეთ მუდმივ ბინადრობაზე, რომელზეც ორჯერ მოგვივიდა უარი. მიზეზი კი ისაა, რომ ჩემი მეუღლე „საშიშია“ საქართველოსთვის, ეს მაშინ, როდესაც 6 წელი ისწავლა ჩემს ქვეყანაში. სწორედ ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა წამოვსულიყავით ერაყში.

რა თქმა უნდა, ძალიან ეშინოდათ ჩემს მშობლებს, რომ მათი შვილი ერაყში მიდიოდა, მაგრამ იცოდნენ, რომ ვერაფერი შემაჩერებდა. იცოდნენ, რომ ჩვენი აქ წამოსვლა აუცილებელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ოჯახი გამეცნო.

– ერაყში ჩასვლისას რა ემოციები და განცდები გქონდათ?

– პირველი შთაბეჭდილება სიმართლე გითხრათ ბუნდოვნად მახსოვს, იმდენად დამღალა გზამ, რომ ის დღე სიზმარივით მახსოვს. ძალიან თბილად დამხვდნენ ჩემი მეუღლის მშობლები და დები.

თავს მევლებიან მჭირდება თუ არა რამე, ყოველთვის გვერდში მიდგანან. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩემი მამამთილი, რომელიც მართლა უაღრესად განათლებული ადამიანია, ბევრს ვსაუბრობთ ქვეყნებზე, ტრადიციებზე, რელიგიაზე.

მასთან ამ თემებზე საუბარი ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება ქვეყანას და ჩემს ემოციებს, პირველად რომ შემოვედით მოსულში, გავიფიქრე „აქ როგორ უნდა ვიცხოვრო-მეთქი“. დაბომბილი და განადგურებული შენობები ისევ ისეა, როგორც ორი წლის წინ, ეს ჭრილობა ამ ქალაქს ალბათ ძალიან დიდხანს დარჩება იარად.

ტერორისტების გამოჩენამდე აქ 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა ახლა მხოლოდ 1,5 მილიონი. ძალიან ბევრი სხვა ქვეყნებში გაიქცა, ზოგი სხვა ქალაქში გადასახლდა და ბევრიც დაიღუპა. აქ ისეთივე ადამიანები ცხოვრობენ, როგორც ყველა ქვეყანაში – ბევრი კარგი და ბევრი ცუდიც.

– თქვენ მანდ ცხოვრების უფლება მოიპოვეთ?

– აქ ბიუროკრატია არ არის. საჭიროა მხოლოდ ქორწინების მოწმობა, დამოწმებული ნოტარიულად და აქაური საცხოვრებელი ადგილის მისამართი, რადგან მეუღლე ამ ქვეყნის მოქალაქეა მეც ადვილად მაძლევენ, ყველანაირი გართულების გარეშე, უხეშად, რომ ვთქვათ არ მაშორებენ მეუღლეს.

– როგორია ერაყული ტრადიციები და ადათ-წესები, არც ერთ ვიდეოში ჰიჯაბი არ გიკეთიათ.

– აქ ჯერ არ დამინახავს ქალბატონებზე ისეთი ჰიჯაბი მხოლოდ თვალები, რომ უჩანთ. გოგონებს აცვიათ ის, რაც უნდათ, მხოლოდ თავზე აფარიათ. მოსულში 95% ატარებს ჰიჯაბს, ხოლო ბაღდადში უმეტესობა არა. მე აქ ისეთ ოჯახში ვცხოვრობ, სადაც საზრუნავი მხოლოდ ოჯახის წევრების კეთილდღეობაა, ამის შემდეგ სხვა ყველაფერს აზრი ეკარგება.

– როგორია ცხოვრება „საშიშ ერაყში“?

– ერაყში, უცხოელი და ტურისტი ნაკლებადაა. ძალიან აინტერესებთ, როგორ გამოიყურება უცხოელი, მაკვირდებიან, მესალმებიან… ძალიან თბილები და თავაზიანები არიან. რა თქმა უნდა, ისეთი თავისუფლება არაა, როგორც საქართველოში, მაგრამ ეს მე არ მაწუხებს.

ჩემი აზრით, მსოფლიომ ძალიან დაჩაგრა ეს ქვეყანა – მუდმივი ომები, მხოლოდ და მხოლოდ ნავთობისთვის… ფიქრობენ, რომ აქ სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენაა, აქაც ზუსტად ისეთივე ადამიანები არიან, როგორც საქართველოში. აქაც უყვართ, უხარიათ, სტკივათ, იღვწიან, რომ უკეთესი მომავალი შეუქმნან შვილებს.

რაც შეეხება ჩემს ყოველდღიურობას, გარეთ გავდივართ ყველა ერთად, ვათვალიერებთ და ვცდილობთ მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ. აქ ვერ ჩაიცვამ მოკლე შორტს ან კაბას, მოკლე სახელოიან მაისურს, მაცვია ძალიან ჩვეულებრივად. ძალიან ცხელა, თუმცა აუტანელი სიცხე არ არის.

– როგორია ერთი დღე ერაყში?

– ყველას ჰგონია, რომ ერაყელი აუცილებლად უნდა იყოს შავი, შეუხედავი, ყველანაირ ადამიანურ ფარგლებს მოშორებული, მაგრამ ვხედავ, რომ გოგონები ჩემზე თეთრები არიან, ყველა ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე და მათაც ზუსტად ის ყოფითი პრობლემები აქვთ, რაც ყველას, სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. ჯერჯერობით ვტრიალებ სამზარეულოში და ვეცნობი ენასა და კულტურას.

– თქვენს ფეისბუკ გვერდზე ხშირად დებთ ვიდეოებს. ფაქტობრივად გვათვალიერებინებთ ქუჩებს, მაღაზიებს, ტრადიციულ სამზარეულოს და კერძებს ამზადებთ…

– კულინარია და ის ვიდეოები, რომელიც ჩემს გვერდზე ვდებ ხოლმე, დედამთილის და მულის მომზადებულია, ვიღებ და თან ვსწავლობ კერძებს. მე მათ ქართულ საჭმელების მომზადებას ვასწავლი. ძალიან მოსწონთ აჯაფსანდალი, ოლივიას სალათი, ხაჭაპური და ბოსტნეულის სუფი.

რაც შეეხება ჩემს გვერდს, სიმართლე გითხრათ ის შევქმენი ჩემი ოჯახისა და მეგობრებისთვის, რომ რეალურად წარმომეჩინა, თუ რა არის ერაყი, რასაც ვხედავ ყოველდღიურად.

ვინც კი მეკითხებოდა, რომელ ქალაქში მივდიოდი „გუგლავდნენ“ და ხედავდნენ მხოლოდ დანგრეულ და განადგურებულ სახლებს, ბომბებს, მტირალ ხალხს…

ვფიქრობდი, რომ ამ ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანია, შეუძლებელია ეს სურათები დღევანდელობას შეეფერებოდეს -თქო, ამიტომაც გადავწყვიტე გადამეღო ყველა ის საინტერესო დეტალი, რასაც საჭიროდ ვთვლიდი.

– სამომავლოდ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება და სად?

– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჯერ არ ვიცით. ჩვენ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ..

– თქვენს ვიდეოებზე საკმაოდ ბევრ და სხვადასხვაგვარ კომენტარებს გიწერენ, ზოგჯერ შეურაცხმყოფელსაც. ბევრს სხვანაირი წარმოდგენა აქვს ერაყელებზე, ქალის კულტზე, მეუღლეების ურთიერთობაზე და ა.შ.

– ყველა ერშია კარგი და ცუდი. ბევრ ქალების ჯგუფში ვარ გაწევრიანებული, სადაც ქართველი ქალები აღწერენ, თუ რა ჯოჯოხეთში ცხოვრობენ თავიანთ ქართველ მეუღლეებთან ერთად, ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა ქვეყანაშია ძალადობა, ყველა ქვეყანას ჰყავს ცუდი და კარგი ადამიანები.

ბევრ შეურაცხყოფას ვკითხულობ ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, თუმცა, მათ ვშლი. არ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს, მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის და უფლის წინაშე. „ნუ განიკითხავ და არ განიკითხები“ ჩვენი რელიგია ზიზღს კი არა სიყვარულს გვასწავლის.

– მეუღლის ოჯახზეც მოგვიყევით, როგორია ერაყულ – ქართული რძალ - დედამთილობა, რძალ - მულობა?

– ძალიან კარგი, ოჯახის წევრებთან ინგლისურ ენაზე ვკონტაქტობ, ყველამ იცის თითქმის, ამიტომაც კომუნიკაცია არ მიჭირს. ორი მული მყავს, 21-ის და 23-ის. ტოლები ვართ და ამიტომაც არც კომუნიკაცია და არც ურთიერთობა არ გვიჭირს.

მამამთილი და დედამთილი ძალიან თბილები და მოსიყვარულეები არიან, ცდილობენ ყველანაირად ხელი შემიწყონ. როგორც უკვე აღვნიშნე, აქ მთავარია ოჯახის წევრების კეთილდღეობა.

ყველა ქვეყანაში მაინტერესებს ცხოველების საკითხი, მიყვარს ცხოველები და მათი კეთილდღეობაც მნიშვნელოვანია ჩემთვის, მყავს ფისო, რომელიც საქართველოდან წამოვიყვანე. ბევრი მეუბნება, თავი დაანებე ცხოველებს, როცა ადამიანებს ასე უჭირთო.

მე არ ვარ პოლიტიკოსი, ვარ ადამიანი, რომელიც საუბრობს იმ თემაზე რაც აწუხებს.. მე ამ ჩემი საუბრით არავის ვაწუხებ… ერაყში კერძოდ ერბილში და დუჰოკში ძალიან ბევრი ქართველია, რომლებიც მუშაობენ და კმაყოფილებიც არიან…

მათ ძალიან კარგად იციან, აქ როგორ ტრადიციებია, მე არ ვარ პირველი ქართველი, ვინც ერაყში ჩამოვიდა.